„საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების პერიოდში ტრადიციულად ატარებს საინფორმაციო ტრენინგებს მედიის წარმომადგენლებისთვის იმისათვის, რომ ჟურნალისტებს გავუზიაროთ ის საკანონმდებლო მოთხოვნები, ვალდებულებები და უფლებები, რაც უკავშირდება არჩევნების გაშუქებას, კამპანიის მიმდინარეობის წესებს. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველ ყოვლისა იმისთვის, რომ ამომრჩეველმა მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ“, - აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.
სწავლების ძირითადი თემებია საარჩევნო პროცესში მედიის როლი და საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეების მიმოხილვა. საარჩევნო ადმინისტრაციის, ცესკოს სწავლების ცენტრის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლები ჟურნალისტებს დეტალურად აცნობენ შემდეგ საკითხებს: კენჭისყრის დღე და ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება; საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები; საერთაშორისო გამოცდილება და არჩევნების გაშუქების ძირითადი სქემები; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა და ა.შ.
„ეს პროექტი ძალზედ მნიშვნელოვანია, ვინაიდან მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც მედიასაშუალებების წარმომადგენლების საარჩევნო უფლებებსა და ვალდებულებებს უკავშირდება. ეს ხელს შეუწყობს მათ თავისი საქმიანობის არჩევნების დღისთვის ეფექტიანად განხორციელებაში“, - განაცხადა ნათია ზაალიშვილმა.
ტრენინგებს ცესკო და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასა“ და „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან“ თანამშრომლობით ატარებენ.
25 სექტემბერს ტრენინგი თბილისში გაიმართა და მასში მონაწილეობა 20-მა ჟურნალისტმა მიიღო.
27 და 28 სექტემბერს კი ტრენინგები ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება, სადაც საარჩევნო საკითხებზე ინფორმაციას 43 ჟურნალისტი გაეცნობა.