სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ყოველწლიურ "დასაქმების ფორუმს" მიმდინარე წელს თსუ უმასპინძლებს.
ფორუმს ცენტრის ის 40-მდე კურსდამთავრებული დაესწრება, რომელიც სხვადასხვა სფეროში წარმატებით ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას და ასევე სურს საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა.
ცენტრის მიზანია, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაქმების ფორუმის მეშვეობით, ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულთა და უნივერსიტეტების კოლაბორაციას, ახალგაზრდა პროფესიონალების ჩაბმას ინოვაციურ, კვლევით, სასწავლო პროცესებში საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებისა და მოდერნიზაციისათვის.
"დასაქმების ფორუმის" ფორმატი ითვალისწინებს სტიპენდიატთა პრეზენტაციებს, რომლის ფარგლებში კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, უნივერსიტეტების წარმომადგენლებს გააცნონ მათ მიერ შეთავაზებული სასწავლო კურსები. კერძოდ, ფორუმზე იგეგმება საპრეზენტაციო პანელების ორგანიზება შემდეგ სფეროებში:
• პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები;
• ბიზნესი და ეკონომიკა;
• საჯარო მმართველობა და მენეჯმენტი;
• ჰუმანიტარული მეცნიერებები;
• სამართალი;
ფორუმს ასევე დაესწრებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც შეძლებენ ცენტრის სტიპენდიატების, როგორც მომავალი ლექტორების, ობიექტურ და კრიტიკულ შეფასებას.
ღონისძიების ბოლოს განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე ცენტრის კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამას გამოაცხადებს.
მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსში განაცხადის შემოტანის უფლება ექნებათ ცენტრის კურსდამთავრებულებს, რომლებმაც ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში მოიპოვეს დაფინანსება და დაასრულეს სწავლა. პროგრამის ფარგლებში ცენტრის კურსდამთავრებულებმა შეიძლება წარადგინონ ინდივიდუალური და ერთობლივი პროექტები.
განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს და 2014-17 წლებში 482 სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.