უნივერსიტეტი პანთეონ-ასასი პარიზი 2, ისტორიული სორბონას ნაწილი, რომელიც საყოველთოად ცნობილია თავისი პრესტიჟული იურიდიული ფაკლულტეტით, მკაცრი აკადემიური რეგულირებით და სწავლების მაღალი ხარისხით, მიჩნეულია, როგორც „სამართლის პირველი უნივერსიტეტი საფრანგეთში“.
მაგისტრატურის მეორე საფეხურზე (Master 2) აპლიკანტთა დიდი რაოდენობის მიუხედავად სტუდენტთა მცირე რეგლამენტირებული რაოდენობა მიიღება, შესაბამისად, კურსზე ჩარიცხულ საუკეთესო სტუდენტთა შორის დიდი კონკურენციაა.
უნივერსიტეტში პარიზი 2 პანთეონ-ასასი, ყოველწლიურად იმართება პრესტიჟული სადღესასწაულო საღამო, სადაც უნივერსიტეტი საპატიო ჯილდოს გადასცემს სამართლის, პოლიტიკური მეცნიერებების, ეკონომიკის, მენეჯმენტისა და მედიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების თითო საუკეთესო კურსდამთავრებულს და ლიდერის სტატუსს ანიჭებს მათ.
2018 წლის 11 იანვარს „ლიდერთა საღამო“ (La soirée des Majors), უნივერსიტეტის ასასის ცენტრში 2000 პერსონაზე გათვლილ დიდ ამფითეატრში გაიმართა, სადაც ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 70-მდე საუკეთესო მაგისტრის საგულშემატკვიროდ და მისალოცად მაღალი აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირები, პროფესორები, იურიდიული წრეებისა და უნივერსიტეტის პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლები, ლიდერი მაგისტრების ოჯახის წევრები, მეგობრები და კურსელები შეიკრიბნენ.
დაჯილდოების ცერემონიას სპეციალური სტატუსით უძღვებოდნენ უნივერსიტეტის პრეზიდენტი გიიომ ლეტი და საფრანგეთის გენერალური პროკურორი ჟან-კლოდ მარინი.
დიპლომისა და სპეციალური ჯილდოს გადაცემისას პრეზიდენტმა ლეტმა ლიდერებს მოგვიწოდა: „ნუ დაივიწყებთ უნივერსიტეტს, რომელმაც ყველაფერი მოგცათ თუ მოგვიანებით მას თქვენი მხარდაჭერა და თანამშრომლობა დასჭირდება“.
„თქვენ ხართ ფრანგული უმაღლესი განათლების საუკეთესო სახე“ - მოგვმართა ლიდერებს გენერალურმა პროკურორმა, „ეს იმ შრომის, ინვესტიციისა და მსხვერპლის აღიარებაა, რასაც თქვენ წლების განმავლობაში ეწეოდით. თქვენ იქნებით საფრანგეთის უნვიერსიტეტის სიმბოლო პროფესიულ საქმიანობაში, გახდებით იურისტი, მეწარმე, ექსპერტი თუ ა.შ. უნივერსიტეტმა თქვენ ბევრი მოგცათ და თქვენგანაც იგივეს მოელის.“
ასევე შეგვახსენა სწორი პროფესიული არჩევანის მნიშვნელობა, „აირჩიეთ ისე, რომ უკან მოხედვისას არ ინანოთ, იყავით ამბიციურები და გქონდეთ განსაკუთრებული ოცნებები“, თავისი მიმართვა გენერალურმა პროკურორმა ოსკარ უაილდის სიტყვებით დაასრულა: „მთავარია გვქონდეს საკმარისად დიდი ოცნებები, რათა ისინი მათი ახდენისკენ მიმავალ გზაში არ დავკარგოთ“.
უნდა აღინიშნოს, რომ ასასის ლიდერის სტატუსი კურსდამთავრებულებისათვის პროფესიული ასპარეზზე რიგი პრივილეგიების და დამსაქმებელთა მხრიდან მწავე შუქის გარანტიად მიიჩნევა.
წელს სორბონას საუნივერსიტეტო ასოციაციის ფარგლებში ისტორიულად პირველი შემთხვევაა როდესაც კურსის ლიდერის ჯილდო ქართველ სტუდენტს ერგო.