„ლექსო არ დაიკარგები“ – ფოლკლორის საღამოების ათწლიანი ტრადიცია

ამბები

27 დეკემბერი 14:07, 2018 წელი

ეთერ თათარაიძე: „ამ ათმა წელმა შექმნა მსმენელი, ინტერესი და ხალხს მეტად შეაყვარა ფოლკლორი“.

15 ოქტომბერს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საიუბილეო საღამო „ლექსო, არ დაიკარგები“ გაიმართა. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მელექსეები (ავტორ-მთქმელები), ხალხური სიმღერისა და ცეკვის ავთენტური შემსრულებლები, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.


საღამო პირველად 1979 წელს გაიმართა და ათწლეულების შემდეგ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა აღადგინა. მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელი საიუბილეოა – საღამოს განახლებიდან 10 წლისთავი.


ღონისძიებისა და ფოლკლორის მნიშვნელობის შესახებ ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელმა, ეთერ თათარაიძემ:



–  „ლექსო, არ დაიკარგების“ შესახებ რომ მოგვიყვეთ, რატომ არის გამორჩეული ეს ღონისძიება და რატომ გადაწყვიტეთ წლების შემდეგ მისი აღდგენა?


– მოდი, დავიწყოთ საუბარი იქიდან, რას გულისხმობს ტერმინი ფოლკლორი, რადგან, სამწუხაროდ, მისი მნიშვნელობა ხშირად არასწორად ესმით. ვახტანგ კოტეტიშვილმა შექმნა ფოლკლორის სქემა, რომელშიც დეტალურად ჩანს, რა დარგებისგან შედგება ის. აქედან პირველი დარგია პოეზია, ანუ ზეპირსიტყვიერება, რომელშიც გადმოცემულია ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ნააზრევი, წარსული, კულტურა, სულიერება, რწმენა-წარმოდგენები და ა.შ. შემდეგ მოდის მუსიკა (იგულისხმება სიმღერა), პლასტიკა (ანუ ქორეოგრაფია), ხალხური რეწვა, გამოყენებითი ხელოვნება, რელიგია და თავისუფლება. ფოლკლორი არის სინკრეტული მეცნიერება, რომლის დარგებიც უერთმანეთოდ არაფერს წარმოადგენს. ზეპირსიტყვიერება კი არის მთელი ჯან-ღონე იმისა, როგორ გადმოსცე ფოლკლორი. მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის დაცვა. ფოლკლორი, რა თქმა უნდა, შეგიძლია გაამდიდრო, განავითარო, მაგრამ აუცილებელია ზომიერება და ძველი კულტურული ღირებულებების შენარჩუნება.


„ლექსო, არ დაიკარგების“ რომ დავუბრუნდეთ, ეს ღონისძიება მოიცავს ძველი ფოლკლორის გახსენებასა და თანამედროვეს გაცნობას. 1978 წლის 14 აპრილს ძალიან დიდი საშიშროება დაემუქრა ქართულ ენას, როდესაც მის ნაცვლად სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადება განიხილებოდა. სწორედ შემდეგ წელს, ქართული ენის დაცვის დღეს დაამთხვიეს ვახუშტი კოტეტიშვილმა, თენგიზ მირზაშვილმა, ალექსი ჭინჭარაულმა და მათმა მეგობრებმა და ფილარმონიაში ხალხური პოეზიის პირველი საღამო გამართეს, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავდა. ზოგი კუთხე სიმღერით წარდგა, ზოგი – სიტყვით, ზოგიც – ცეკვით და ეს იყო ნამდვილი ზეიმი. 2000 წელს აღვადგინეთ ღონისძიება. გარკვეული პერიოდი ინტენსიურად ტარდებოდა, თუმცა შემდეგ სიტუაცია აირია. 2008-ში კვლავ აღვადგინეთ და, საბედნიეროდ, დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს. ვუძღვებით მე და ჩემი მეუღლე, ფოლკლორისტი. საღამო ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობისა გახდა. მნიშვნელოვანია, რომ ადრე სინკრეტულად მიეწოდებოდა ეს დარგი მთელ ქვეყანას და ჩვენც ვცდილობთ, იგივე წონასწორობა შევინარჩუნოთ.


– წლევანდელმა ღონისძიებამ როგორ ჩაიარა, რამდენად იყო დაინტერესება და გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან?


– უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ რთული იყო წლევანდელი საღამოს მონაწილეთა თავმოყრა. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტმა გვიპასუხა, რომ მათ ჩამოსაყვანად ფული არ ჰქონდათ. ეს იყო ძალიან სამწუხარო. სამჯერ შეიცვალა გამომსვლელთა შემადგენლობა. ზოგი ადამიანი ჩვენი ხათრით ფეხითაც კი ჩამოვიდა. საბედნიეროდ, ღონისძიება მაინც გაიმართა და საკმაოდ წარმატებით. იცით, როგორი საღამო იყო? უნიჭიერესი ახალგაზრდები გამოვიდნენ, მართლა ერთმანეთზე უკეთესმა ადამიანებმა მოიყარეს თავი და აღვნიშნავ, რომ ყველაზე მეტი გამოხმაურება, კმაყოფილების მხრივ, მაყურებლის მხრიდან წელს იყო. ძველი თაობა გვეუბნებოდა, რომ ასეთი ბედნიერები მაშინაც არ ყოფილან, როცა პირველი საღამო ჩატარდა.


– საინტერესოა, რომ ღონისძიებაში ეთნიკური უმცირესობებიც მონაწილეობდნენ. ვახუშტი კოტეტიშვილის დროსაც იყო ასეთი შემთხვევა, თუ თქვენ დაამატეთ ეს მიმართულება ღონისძიებაში? რამდენად დიდი იყო დაინტერესება ეთნიკური უმცირესობების მხრიდან?


– ადრე იყო პრეცედენტები ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობისა. ჩვენც ვცდილობთ, მათი ფოლკლორი ქართველ ხალხს გავაცნოთ. წინა საღამოებზე, მაგალითად, აზერბაიჯანელებიც გამოსულან, ქისტები ერთგულად ჩვენთან არიან. წელს ერთი ებრაული ანსამბლის ხელმძღვანელი თავად მოვიდა და მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ კლასიკური მიმართულება უფრო აქვთ, ვიდრე ხალხური, ამიტომ უარის თქმა მოგვიწია ფორმატთან შეუსაბამობის გამო. ოსი ბიჭების ანსამბლმა იმღერა ფანტასტიკურად. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ დანარჩენმა უმცირესობებმა ჰონორარი მოითხოვეს.


– ზოგადად, საზოგადოების მხრიდან რამდენად არის ინტერესი ქართული ფოლკლორის მიმართ? ახალგაზრდები თუ გამოხატავენ ინტერესს?


– მიუხედავად იმისა, რომ  განსაკუთრებულ რეკლამას არ ვაკეთებთ, ჩვენს საღამოებზე რუსთაველის თეატრის დარბაზი სულ ივსება. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მაყურებლებსა და შემსრულებლებს შორის ახალგაზრდები ჭარბობენ. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერება. საღამოების მიზანიც ესაა. ჩვენი ასაკის ხალხმა, ჩვენზე მოხუცებმა იციან ამ ყველაფრის ფასი, ახლა ახალგაზრდებსაც გვინდა გავაცნოთ და შევაყვაროთ.  ერთხელ ჩვენს საღამოზე უწმინდესიც მოვიდა და თქვა, რომ ასეთ საღამოს არასდროს დასწრებია. იჯდა ბოლომდე და ცრემლად იღვრებოდა. ვისურვებდი, რომ ტელევიზიების მხრიდანაც მეტი იყოს დაინტერესება. ამ ეტაპზე არ შუქდება კონცერტები, არადა როგორი ფანტასტიკური ადამიანები მონაწილეობენ. გადაცემებში უმეტესად სიმღერასა და ცეკვაზე საუბრობენ, კარგი იქნება ზეპირსიტყვიერებასაც თუ ვახსენებთ, რომელიც, ფაქტობრივად, მთავარი დარგია. სამწუხაროა, რომ ინფორმაციის მიწოდებისას ბალანსი არ არის.


– წელს ღონისძიების 10 წლის იუბილეა. როგორ შეაჯამებდით გასულ 10 წელს? სამომავლოდ რა გეგმები და მიზნები გაქვთ?


– ამ ათმა წელმა შექმნა მსმენელი, ინტერესი და ხალხს მეტად შეაყვარა ფოლკლორი. ფეხზე დგას ხოლმე დარბაზი ღონისძიებების ბოლოს. როგორც აღვნიშნე, ახალგაზრდა შემსრულებლებიც გამოჩნდნენ, მაყურებლებიც. რა თქმა უნდა, სასურველია კიდევ მეტი ჩართულობა, ინტერესი და სფეროსადმი ყურადღება, რათა შევძლოთ მისი შენარჩუნება და განვითარება. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, წავიდე თურქეთში, როგორც ზეპირსიტყვიერების მიმართულების მკვლევარი და შევისწავლო. იქ ისეთი ბგერებია შენახული, რომ მსგავსი არ ვიცი. საჭიროა, სპეციალისტები ჩავიდნენ, გამოიკითხონ და შეუნახონ ისტორია ხალხს. ძალიან საინტერესოა, ამდენი წლის შემდეგ როგორ შეინარჩუნეს ეს ყველაფერი. ასევეა ფერეიდანიც. ამისთვის საჭიროა მთავრობის ძალისხმევა, რესურსები და იმედი მაქვს, ოდესმე მომეცემა ამის საშუალება, რადგან ეს დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება.


ასევე, მე და ამირანი დიდი ხანია, ვსაუბრობთ შემკრებებზე და ფესტივალის ფარგლებშიც შემოვიტანეთ შესაბამისი ნომინაცია. შემკრები არის ადამიანი, რომელიც მასალებს კრებს, ინახავს და აბინავებს. ორივე ვფიქრობთ, რომ ხანდახან მთქმელზე ძვირფასი შემკრებია, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის ნაფიქრალს აგროვებს და ჩვენ ვაფასებთ ამ ადამიანებს. აღმოჩნდა, რომ ბავშვები ძალიან აქტიურობენ ამ მიმართულებით, ამიტომ მინდა, რომ სკოლებშიც გავაკეთო ფესტივალი, ჩავრთოთ უფროსკლასელები და იყოს ძალიან სერიოზული წარდგენა იმ ბავშვებისა, რომლებიც მასალებს აგროვებენ.  სხვათა შორის, ამ იდეის სიკარგეში კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა თიანეთიდან შემოსულმა მასალებმა. იქ არიან სკოლის მოწაფეები, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან ბებო-პაპებთან ურთიერთობაში. ვერ აღგიწერთ, როგორი მასალა შემოიტანეს, ნამდვილად საწიგნე მასალა, რაც მერე აუცილებლად უნდა გამოვცეთ.


– ფოლკლორის ცენტრი საკმაოდ აქტიურია და მთელი საქართველს მასშტაბით ოპერირებს. რეგიონებს რომ გადავავლოთ თვალი, რომელიმე კუთხეში თუ შეინიშნება სხვებთან შედარებით მეტი აქტიურობა და ინტერესი ამ სფეროს მიმართ?


– ვახუშტის დროს, როცა საღამოები ტარდებოდა, რეგიონებიდან იყო მოთხოვნა, რომ თბილისში დაწყებულ ღონისძიებას მთელი საქართველო შემოევლო. თითოეულ წერტილში კიდევ გვხვდებოდნენ იქაური მთქმელები, მომღერლები და ა.შ. ამგვარად, უცებ შემოდიოდა მთელი ინფორმაციული სიმდიდრე და კარგად ჩანდა, რომელ რეგიონში ფოლკლორის რა დარგში იყო მეწინავეობა. უნდა აღვნიშნო, რომ აჭარაში არის ყველაზე სწორი დამოკიდებულება ფოლკლორის მიმართ, როგორ პროექტებს აკეთებენ, როგორ დამახვედრა თუნდაც ქედას რაიონმა დალაგებული და მოწესრიგებული მასალა, არქივი. ყველა რაიონი ერთმანეთს ეჯიბრება კეთილი მიზნით, რომ შეინარჩუნოს თავისი კულტურა და  ისტორია. კასპი, მაგალითად, გვთხოვდა, რომ, რადგან ვახუშტის რაიონია, იქ ჩაგვეტარებინა ღონისძიება. ბათუმშიც არასდროს ჩატარებულა დიდი საღამო და ვფიქრობთ, იქაც დავგეგმოთ. ჩემი ოცნებაა, რომ საქართველომ გაიღვიძოს და ამ სფეროს ღირებულება დაინახოს.


– სალოტბარო სკოლების გახსნა, ალბათ, წამახალისებელი ფაქტორი იქნება იმ კონკრეტული რაიონებისთვის. 21 ასეთი სკოლა გაიხსნა ქვეყნის მასშტაბით. როგორ შეაფასებდით შედეგებს და თქვენ რა მოლოდინები/გეგმები გქონდათ?


– რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ სალოტბარო სკოლები ძალიან მნიშვნელოვანია იმ ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის, რომლებიც ძალიან ნიჭიერები არიან, უნდოდათ სიმღერა, მაგრამ სწავლის საფასურის გადახდის საშუალება არ ჰქონდათ, ჩვენი სკოლები კი ხალხური სიმღერისა და გალობის უფასო სწავლებით ამის შესაძლებლობას სთავაზობთ. ეს მრავალმხრივ საინტერესოა, მაგრამ მაინც ვერ იქნება სრულყოფილი, თუ არ მიემატება ფოლკლორის სხვა დარგებიც. ზეპირსიტყვიერება არ აქვს ჯერჯერობით არცერთ სკოლას, თუმცა სამომავლოდ აუცილებლად ვაპირებთ ზეპირსიტყვიერების, ქორეოგრაფიისა და დანარჩენი დარგების დამატებასაც.


– თქვენი აზრით, რა არის საჭირო ამ სფეროს მეტი პოპულარიზაციისთვის?


– გული უნდა და ჯანმრთელი დამოკიდებულება მოაზროვნე, ქართველი ადამიანებისა. მე მაგალითად, ვასწავლიდი ზეპირსიტყვიერებას გერმანულ გიმნაზიებში, როდესაც ის საქართველოს არცერთ საჯარო სკოლაში არ ისწავლებოდა. ახლა რომ მხვდებიან ჩემი მოსწავლეები, მსიამოვნებს, რადგან ვიცი, რომ მათ უყვართ და ესმით ის, რაც ვასწავლე. ჩვენ, ბატონ ვახუშტისთან ერთად, მომზადებულიც გვქონდა სკოლის პროგრამა, რომლის მიხედვითაც ყველა კლასში ეტაპობრივად შევიდოდა მნიშვნელოვანი ელემენტები ზეპირსიტყვიერებიდან, თუმცა, სამწუხაროდ, სამინისტროში არ მიიღეს.


საჭიროა, მედიის საშუალებით, ინფორმაციის სწორად და უწყვეტად მიწოდება. ფოლკლორის ბევრ დარგს სჭირდება ყურადღება, მაგალითად, ქართულ რეწვასა და გამოყენებით ხელოვნებას, რომელშიც სულ აირია ტრადიციული და თანამედროვე ელემენტები. ხშირად იყენებენ ისეთ ფერებს, ფორმებს, როგორებიც არასდროს ყოფილა ქართული. არადა გვაქვს შედევრები, რომლებშიც ჩანს ჩვენი ქვეყნის ტრადიცია. გვაქვს უძვირფასესი სამოსი, მატერიები. სხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი რატომ უნდა ჩაიცვა, როცა შენ შეგიძლია ქსოვილიც კი შენეული გამოიყენო. 17 სახის ტოლი არსებობს თუშური, ნაქსოვი აბრეშუმივით ნაჭერი, რომლისგანაც სამოსს კერავდნენ, მაგრამ ახლა თვითონ თუშებიც კი აღარ ართავენ თითისტარს. სამწუხაროდ, ასეთი მდგომარეობაა. ცვლილებები შემოდის ფოლკლორში, ხელოვნებაში, ამიტომაც ვთქვი, რომ ყველა დარგს უნდა თანაბარი ყურადღება და დაცვა. პირველ რიგში, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ამაზე. ამაზე უკეთესით რით წარვდგებით სხვების წინაშე. ნიჭიერები ვართ, გვაქვს ჩვენი დიდი ხალხური კულტურა. ვასწავლოთ ის მომავალ თაობას, ნუ დავაკარგვინებთ. მოკლედ, უფრო მეტად სერიოზული მიდგომა აკლია სფეროს.





ამბები

ოზურგეთში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა

დღეს ოზურგეთში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა.
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მოგიხდებათ თუ არა მოკლე ვარცხნილობა? - ამას წამში გაარკვევთ!

ზოგს ისე უხდება მოკლე თმა, შენც გიჩნდება სურვილი, სალონში გაიქცე და სასწრაფოდ შეიჭრა. მაგრამ, მოგიხდება? სწორედ ამას გაარკვევთ ქვემოთ მოცემული ტესტით, თანაც - 2-3 წამში. მოდით, ვსინჯოთ...
დღის ჰოროსკოპი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

როგორ მიდიან ქალები დასაძინებლად? (აქ თითოეული საკუთარ თავს ამოიცნობთ)

გვიანი საღამოა. ცოლ-ქმარი ტელევიზორთან ზის, შვილები თავიანთ ოთახში არიან. ქალი ამბობს: „უფ, გვიანია. ძალიან დავიღალე. წავალ დავიძინებ“. ტახტიდან დგება და...
საკნატუნო ამბები

„და აქ დამავიწყდა“ – 35 სიტუაცია, როცა შეიძლება, მამაკაცს ხანმოკლე ამნეზია დაემართოს

მეტიც - ასეთი სიტუაციები  შეიძლება „ეპილეფსიური შეტევის“ მიზეზიც გახდეს...
დღის ჰოროსკოპი

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგი ბახტურიძე: „ევროპაბეთი“ ცდილობს დადებითი იმიჯი შეიქმნას

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპეციალისტი გიორგი ბახტურიძე მიიჩნევს, რომ კონკრეტული კომპანიების მიერ დაწესებული თვითრეგულაცია შედეგს არ მოიტანს, თუკი სახელმწიფო არ დააწესებს რეგულაციებს.
ამბები

ცხოვრების ხელოვნება სხვადასხვა რაკურსით - თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალური ფორუმის მოლოდინში

რამდენიმე დღეში თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალურ ფორუმს, TEDx-ს უმასპინძლებს. TEDx თბილისში უკვე მეექვსედ ტარდება.
დღის ჰოროსკოპი

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ტელეწამყვანი „ევროპაბეთის“ კამპანიას „პასუხისმგელიანი თამაში“ დადებითად აფასებს

ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, „ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას დადებითად აფასებს და მიესალმება მსგავსი ტიპის წამოწყებებს, რომელიც ხელს უწყობს აზარტული თამაშების ნაკლებ პოპულარიზაციას.
საკნატუნო ამბები

სექსი და მეხსიერება

სექსი მეხსიერებას აუმჯობესებს - ეს, დიდი ხანია, დადასტურებულია ფსიქოლოგიური კვლევებითა თუ ექსპერიმენტებით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთ კავშირს, ძირითადად, მამაკაცებში იკვლევდნენ, ქალებს კი აქამდე ნაკლებად სწყალობდნენ...