გთავაზობთ ჟურნალ "თბილისელებში" გამოქვეყნებული მსახიობ თაკო აბაშიძის ინტერვიუდან ამონარიდს.
- ცხოვრებაში ადვილად მივიღე ის, რაც მაქვს, გამიმართლა. არ მიყვარს დაუნახაობა. ზოგადად, რაც უნდა იღბლიანი იყო, მუშაობაც საჭიროა, რომ წარმატებას მიაღწიო. ანუ, შრომა ჩვეულებრივი პროცესია და მე იღბლისაც მადლობელი ვარ. დავამთავრე თუ არა ინსტიტუტი, იმ დღიდან ვმუშაობ, სახლში არასდროს ვმჯდარვარ.
– მიუხედავად ამისა, მოგიწია დეპრესიული პერიოდების, ბარიერებისა და წინაღობების გადალახვა? ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხომ დგება მომენტი, როცა ფორტუნა უკუღმა იწყებს ტრიალს. თუნდაც, სამსახიობო კარიერაში გიგრძნია კოლეგებისგან შურის მომენტები?
– როგორ არა, მაგრამ, ამას არ ვაქცევ ყურადღებას და არც კონფლიქტური ადამიანი ვარ. ვიღაცას რომ ჩემი შურს, ეს მისი პრობლემაა და ამაზე ვერ ვინერვიულებ. თუმცა, რომ გითხრათ, თუ ადამიანი შეგნებულად მიბოროტებს, გავუღიმებ-მეთქი, მოგატყუებთ. კიდევ ვამბობ, არ მიყვარს კონფლიქტები და უაზრობებზე დროის ხარჯვა. იმ ქვეყანაში, სადაც არსებობენ დაავადებული ბავშვები და გაჭირვებული დედები, ჩემს კარიერაში შურებს და ბარიერებს პრობლემად ვერ ჩავთვლი. მებრძოლი ადამიანი ვარ და დეპრესია არასდროს მქონია. როცა რთული პერიოდი დგება, თავში 200 ტვინი მერთვება, იწყება ფიქრი, როგორ გადავლახო პრობლემა სწრაფად. არ მაქვს იმის დრო, დავწვე და ფარდები ჩამოვაფარო. ჩემს შვილსაც ამას ვეუბნები – იფიქრე სწრაფად, მოემზადე სწრაფად, იმოქმედე სწრაფად. დრო სწრაფად გადის და კონკურენციაც დიდია, როცა გააცნობიერებ, რომ დრო გავიდა, უკვე დაგვიანებულია. 36 წლის ასაკშიც კი, ყოველდღიურად ვსწავლობ და რაც ასაკი მემატება, უფრო აჩქარებულად ვფიქრობ და ვმოქმედებ.
– როცა ადამიანი ცნობადია, აინტერესებთ მისი ცხოვრება. ყველამ იცის, რომ გყავდა ქმარი, რომელსაც გაშორდი და გყავს შვილი. ვიცი, არ გიყვარს პირადზე საუბარი, მაგრამ ახლა რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– არც ცრუმორწმუნე ვარ, არც გათვალვის მეშინია, დასამალად საქმე არ მაქვს. თუ ორ ადამიანში რამე ხდება, საკმარისია იმ ორში დარჩეს. პირადი ცხოვრება ძალიან ინტიმურია. მთავარია, ადამიანმა თავისი ბედნიერება იპოვოს და ყველა ქალისთვის, მამაკაცის გვერდით ყოფნა აუცილებელია, მაგრამ იმ შემთხვევაში ღირს, თუ გვერდით კარგი მამაკაცი გიდგას. ჩემთვის ბედნიერებაა, როგორც ვცხოვრობ – ჩემი პირადიც მაქვს, შვილიც მყავს, საყვარელ საქმეს ვაკეთებ, გეგმებიც მაქვს სამომავლოდ... მილიონერთა წრეს არ წარმოვადგენ, თუმცა, რაც მაქვს, მაქვს ჩემი შრომით და ამით ამაყი ვარ.