„ანბანელა ჩვენი სახლია“ - საბავშვო ბაღის ზღაპრული გარემო

ანბანელა

25 თებერვალი 18:00
28

 „ყველა საქმეს თავისი მიზეზი და შედეგი აქვს. ზოგ „საკეთებელს“ წამიერი გააზრება ედება საფუძვლად, ზოგის საწყისი კი შეიძლება ცხოვრების ადრეული ეტაპიდან იღებდეს სათავეს და მაშინ განხორციელდეს, როცა იდეისა და შესრულების შესაძლებლობების დამთხვევა ხდება. ნათქვამის ასახსნელად ეგზიუპერს მოვიშველიებ: „ჩვენ ყველა ბავშვობიდან მოვდივართ...“ - საუბრობს საბავშვო ბაღ „ანბანელას“ დამფუძნებელი და დირექტორი, ქალბატონი ქეთი წულიაშვილი.

- ქალბატონო ქეთი, საიდან გაჩნდა საბავშვო ბაღის შექმნის იდეა, რა იყო წინაპირობა?
- ნუ გამიგებთ ისე, რომ ბაღის შექმნა ბავშვობის მეგობრებმა გადავწყვიტეთ... არა, ჩვენ თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო კერძო სკოლაში ერთად ვმუშაობდით. უბრალოდ, პატარებისთვის ჩვენი ბავშვობის დაუკმაყოფილებელი სურვილების ახდენა განვიზრახეთ. ერთმანეთის შესაძლებლობებს კარგად ვიცნობდით. ვიცოდით, რომ შეგვეძლო, გვეკეთებინა ის, რაც ბავშვებისთვის აუცილებელი, მშობლისთვის კი სასურველი იქნებოდა. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ისეთი ბაღი, რომელიც ბავშვებს სასკოლო ცხოვრებისთვის მაქსიმალურ მზაობას შესძენდა და ამავდროულად თბილ, შინაარსიან, ზღაპართან მიახლოებულ ყრმობის წლებს აჩუქებდა.



- აშკარაა, რომ თქვენ ეს შეძელით, რაც მშობლებთან გასაუბრებისას გამოიკვეთა. ისინი მთელ გუნდს ენდობიან. ეს კი მსგავსი ტიპის საბავშვო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში ყველაზე აუცილებელია. საიდან მოდის „ანბანელას“ სახელწოდება?
- იდეა ერთ-ერთ ჩვენგანს ეკუთვნის, რასაც სიამოვნებით დავთანხმდით, რადგან შემეცნებითი ცხოვრების დასაწყისი ხომ ანბანია და შემეცნებასთან მიახლოებაც ხომ ბაღის ასაკში იწყება. „ანბანელა“ - ანუ ის პატარა, რომელიც ახლა იწყებს იმ დიდი სიყვარულის შეცნობა-შესწავლას, რასაც შემდგომში სახელი დაერქმევა - ჩემი ენა, ჩემი სახლი, ჩემი სამშობლო.


- ბავშვებთან მუშაობას რა სჭირდება ყველაზე მეტად?
- რა თქმა უნდა, საქმის კარგად ცოდნა, ბავშვების უზომო სიყვარული. უსიტყვოდ უნდა გრძნობდე, რა დროს როგორ მოიქცე. ბავშვი არამც და არამც უკმაყოფილო არ უნდა დარჩეს. მეგობრებში მისთვის სასურველი ადგილი უნდა აპოვნინო. აგრძნობინო, რომ აქ ის განსაკუთრებულად უყვართ, მის მოსვლას ყოველდღე სიხარულით ელოდებიან, რომ მისთვის ადვილია და სწრაფად დაძლევს მასალას, რომელსაც „ანბანელაში“ სთავაზობენ, ასწავლიან. პროფესიონალი პედაგოგი და ამავდროულად პროფესიონალი დედა, ბებია და მეგობარი უნდა იყო.


- სწავლის პროცესი რთული ან დამღლელი ხომ არ არის პატარებისთვის?
- სწავლის პროცესი სახალისო, შემეცნებითი თამაშებით, თანამედროვე ინოვაციური საშუალებებით მიმდინარეობს. მთავარი მიზანი აზროვნების განვითარება, მეტყველების დახვეწა, იმ უნარ-ჩვევების შეძენაა, რაც შემდეგში სწავლისთვის აუცილებელია. სწორი და ასაკით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება-მიღება კი, მისი შეცდომისა და საჭიროების შემთხვევაში გამოყენების უნარის გამომუშავებაა.


- ასაკობრივად მივყვეთ ამ პროცესს...
- ორწლიან ჯგუფთან აღმზრდელი მუშაობს. სამწლიანებთან აღმზრდელს ემატება ინგლისური ენის პედაგოგი, ხოლო 4-6 წლამდე ასაკის ბავშვებში, აღმზრდელთან ერთად, ქართულის, მათემატიკის, ინგლისურისა და რუსული ენის პედაგოგები მუშაობენ. ცხადია, მუსიკა, რიტმული მოძრაობა, ხატვა და ხელსაქმე ყველა ჯგუფის ყოველდღიურობაა.
„ანბანელაში“ ღია გაკვეთილებიც ტარდება. ამით მშობლებს მეტი შესაძლებლობა აქვთ, შვილების ყოველდღიურობის შედეგს გაეცნონ და თან ჩვენდამი ნდობა განუმტკიცდეთ.
„გაკვეთილები“ შეიძლება ცოტა მძიმედ ჟღერდეს, მაგრამ მენდეთ, ბავშვები ამ დროს თამაშის პერიოდისგან განსხვავებით, არანაკლებ ხალისობენ.


- პედაგოგებზე რას გვეტყვით?
- მართალია, ჩვენი საბაღო ცხოვრების ყველა ნიუანსს ერთ ინტერვიუში ვერ ამოვწურავ, მაგრამ მინდა, თავი მოვიწონო ჩემი პროფესიონალი პედაგოგებით, რომლებიც თავიანთ საქმეში ცნობილები არიან. ეს ეხება საგნის პედაგოგებს, პიანისტს, ქორეოგრაფს, სცენარისტსა და რეჟისორს. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ აქ „მე“ და „ჩვენ“ გაიგივებულია - ეს „ჩვენი“ ბაღია, ეს „ჩვენი“ სიხარულია.


- ახლა კი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე - კვებაზე ვისაუბროთ.
- კვების ბლოკი საბავშვო ბაღისთვის ნამდვილად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. საკვების მაღალი ხარისხი და სწორი რაციონი საქმის წარმატების გარანტიაა, ხოლო პროფესიონალი და „სანდომელახელება“ მზარეული, სანდოობის აუცილებელი პირობაა...



- როგორია „ანბანელას“ სამყარო?
- ბავშვებისთვის ბაღი ექსტერიერიდან, ინტერიერიდან, სათამაშოებიდან, ეზოს მოწყობიდან და იმ თითოეული ნახატიდან იწყება, რაც ასე რუდუნებითაა შესრულებული და ეზოს შიდა კედლებს ამშვენებს. თითქოს ნახატის თითოეული პერსონაჟი მის მოლოდინშია... აგერ ჩიტი, რომელიც მზის სხივზე შემოსკუპებულა და ვიოლინოზე თავდავიწყებით უკრავს... მხიარული მატარებელი ანცი ღიმილით ეძახის, იწვევს სამოგზაუროდ.
ჩვენი პატარებიც თამაშობენ, მღერიან, ცეკვავენ, ლაღობენ, თავის სამყაროს პოულობენ. ვფიქრობ, ჩვენთან გატარებული დრო ჩვენს აღსაზრდელებს წლების შემდეგაც სასიამოვნო ღიმილს მოჰგვრით. „ანბანელაში“ ისინი ცხოვრებისეულ სტარტს იღებენ.


- საქართველოში საბავშვო ბაღების მთავარ პრობლემად რა მიგაჩნიათ?
- ჩემი მხრიდან, ზოგადად, ბაღების პრობლემაზე საუბარი არამართებული იქნება, მაგრამ შემიძლია გესაუბროთ, როგორი უნდა იყოს ბაღი. უპირველესი გახლავთ, ბაღმა შეარჩიოს და ჩამოაყალიბოს საკუთარი, ინდივიდუალური აღმზრდელობითი მიდგომები, გამოკვეთოს პრიორიტეტები. აქ იგულისხმება, როგორც სასწავლო პროცესი და ასაკობრივი ჯგუფებისთვის შესაბამისი აქტივობები, ასევე კვების რეჟიმი, სისუფთავე და სხვა დეტალები, რომლებიც თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს კადრების შერჩევას.
ჩვენს ბაღში ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადია. ეს ეხება როგორც პედაგოგებს, ასევე დანარჩენ პერსონალს. ისინი აუცილებლად გადიან ადაპტაციის პერიოდს და მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას.
ჩემი აზრით, ბავშვის აღზრდა, მათთვის სასწავლო უნარ-ჩვევების შეძენა და განვითარება ისეთი პასუხისმგებლობაა, რომლის განხორციელებისას „წვრილმანები“ არ არსებობს და ყოველი დეტალი თანაბარ ყურადღებას მოითხოვს.