„ანბანელას“ სიახლე და რეგისტრაციის წესები

ანბანელა

6 მაისი 18:00
160

„ანბანელაში“ ბავშვების რეგისტრაცია სასექტემბროდ წარმოებს, თუმცა იმის გამო, რომ ჯგუფში ბავშვების რაოდენობა განსაზღვრულია, მშობლები ცდილობენ, წინასწარ დაიჭირონ თადარიგი, ხშირად რამდენიმე თვით ადრეც. შესაბამისად, ივსება სარეგისტრაციო ფორმა, ხოლო ხელშეკრულებას ვაფორმებთ მაშინ, როცა ბავშვი ჩვენთან სწავლას დაიწყებს“, – „ანბანელას“ დირექტორი ქეთი წულიაშვილი საბავშვო ბაღის რეგისტრაციასა და მოთხოვნებზე გვიყვება.

- რა საბუთებია საჭირო რეგისტრაციისთვის?
- რეგისტრაციისას მშობლებმა უნდა წარმოადგინონ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, ჯანმრთელობის ცნობა და ორი ფოტოსურათი.


- რა ასაკიდან იღებთ ბავშვებს და რა არის მშობლებისა და „ანბანელას“ ძირითადი მოთხოვნა?
- ამ კუთხით ჩვენთან სიახლეა. „ანბანელაში“ უკვე მიიღებიან ბავშვები 1,2 წლის ასაკიდან. ამისთვის შევქმენით ცალკე ასაკობრივი ჯგუფი, რომელიც აერთიანებს 1,2-დან 2 წლამდე ბავშვებს. მშობლების უპირველესი მოთხოვნაა, რომ მათი შვილი საიმედო გარემოში მოხვდეს, განვითარდეს ფიზიკურად, გონებრივად და შეიძინოს ასაკისთვის შესაბამისი უნარ-ჩვევები. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა კი ის არის, რომ მშობელმა მაქსიმალურად შეგვიწყოს ხელი საბავშვო ბაღის პროგრამების განხორციელებაში. იგულისხმება, თუნდაც დაგვიანება, ბავშვის პირადი მოხმარების ნივთების წესრიგი, საბავშვო ბაღის შინაგანაწესის დაცვა და სხვ.


- როგორია ბაგა-ბაღის აღსაზრდელების საბავშვო ბაღთან შეგუების პროცესი?
- როგორც იცით, ბავშვისთვის ყოველი სიახლე გარკვეულ სტრესთან არის დაკავშირებული. ამიტომ ვცდილობთ, მაქსიმალურად ავარიდოთ პატარას სიახლეებთან დაკავშირებული დისკომფორტი და გავუადვილოთ ახალ გარემოსთან ადაპტირება. პირველ ეტაპზე ბავშვს ვიღებთ რამდენიმე საათით, ვაცნობთ და ვაჩვევთ აქაურობას, ვაჩვენებთ ყველა აქტივობას, ასეთი მრავალფეროვნება კი პატარებში დიდ ინტერესს იწვევს და უკვე რამდენიმე დღეში სიხარულით მოდიან ჩვენთან.