X

ლექს-სენი: „ილიას დაბადებამ სხვა სამყაროში შემადგმევინა ფეხი“

ახალი თაობა
18.11.2016 20:00
4213

რეპერ ლექს-სენსა და ტატიანა ბურლიაის ერთი შვილი ჰყავთ: 6 წლის ილია ქავთარაძე...

გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
  • ლექსო: მამა რომ გავხდი, 29 წლის ვიყავი. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის ცოტა შოკიც იყო, მაგრამ ვერც იმას გეტყვით, რომ მამობისთვის მზად არ ვიყავი. გავიაზრე, რომ ილიას დაბადებამ სხვა სამყაროში შემადგმევინა ფეხი.

  • ლექსო: ილია რომ დაიბადა, ჩვილთან ურთიერთობა ცოტა მიჭირდა. სანამ ძალიან პატარა იყო, ტანსაცმელს ვერ ვაცმევდი. ხელში აქტიურად 3 თვიდან ავიყვანე. მანამდე ძალიან ფაქიზად ვეპყრობოდი. მჩხავანა იყო, მაგრამ მალევე ჩაჯდა რეჟიმში.

  • ლექსო: ილია 6 წლის არის და ძალიან ცელქია. ისეთი მორიდებული ბავშვი იყო, მე ვთხოვდი, ითამაშე-მეთქი ბავშვებთან. ახლა კი საკმაოდ კომუნიკაბელური და აქტიურია.

  • ლექსო: მე და ტატიანა ილიას აღზრდის საკითხებზე სულ ვკამათობთ. დედა ძალიან დისციპლინებულად და მკაცრად ზრდის. მისი სიმკაცრის მიუხედავად, დედას უფრო უჯერებს და ემეგობრება.

  • ლექსო: ვერ ვიტყვი, რომ მკაცრი მამა ვარ. მაქსიმალურად ვცდილობ, გავუგო, თუმცა არც მის გათამამებას ვცდილობ. ცოტა ჭიუტია, რაშიც დედას ჰგავს.

  • ტატიანა: ვერ ვიტყვი, რომ ილია ჯიუტია. შვილთან ძირითადად მე მიწევს ყოფნა და ამიტომ კარგად ვიცი, როგორ ვმართო. ლექსომ კი ეს ჯერ არ იცის. 5 წუთიც რომ დავტოვებ მამა-შვილს მარტო, მამა ყვირის, შვილი ტირის, თუმცა მამა-შვილს ერთად თამაში ძალიან უყვარს.

  • ტატიანა: ვერ ვიტყვი, რომ ილია ხასიათებით რომელიმე მშობელს ჰგავს. ლექსო კი ამბობს, რომ მე მგავს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალურ ბავშვია.

  • ლექსო: სადმე წასვლა თუ გვინდა, ამას სპონტანურად ვწყვეტთ. ცოლ-შვილს მაქსიმალურად ვუგებ. სადაც მეტყვიან, იქ მიმყავს. ძირითადად გასართობ ცენტრებსა და სამეგობრო წრეში დავდივართ.

  • ლექსო: ახლახან თბილისის ერთ-ერთ კლუბში სოლო კონცერტი გავმართე, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა. ახალი სიმღერის პრემიერაც მქონდა. მალე კიდევ ერთ ვიდეორგოლსაც გამოვუშვებ. ახალ სახეებთან ერთადაც ვმუშაობ. მომავალ რეპერებს ვეხმარები. პროდუქციას შევქმნით და ჩემთან ერთად გამოჩნდებიან.

  • ოჯახისა და კარიერის ერთმანეთთან შეთავსება თავიდან ცოტა გამიჭირდა. ოჯახი რომ შევქმენი და პირველი ახალი წელი სახლში არ ვიყავი, ტატიანა ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. მერე ავუხსენი, შენამდე ასე ვცხოვრობდი, ეს არის-მეთქი ჩემი საქმე. შემდეგ კი მთავრობამ დამასვენა და 4 წელი ვიყავი სახლში. ტატიანას თავიდან უხაროდა, მაგრამ ფული რომ არ შემქონდა ოჯახში, მიხვდა, რომ სჯობდა ახალ წელს გარეთ ვყოფილიყავი. ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა. ცოლი კარიერაში ყველანაირად ხელს მიწყობს.

  • ლექსო: ილია მამის მუსიკას სკოლამდე უფრო აქტიურად უსმენდა. ახლა კი სწავლაზეა გადართული. ჯერ 6 წლისაა და, ალბათ, სამომავლოდ გამოჩნდება, უნდა თუ არა სიმღერა. მცდელობა გვაქვს და ვნახოთ, რა იქნება.

  • ლექსო: ილია სკოლაში დედას დაჰყავს. თუ მას არ სცალია, მე ვენაცვლები. ბაღში რომ დადიოდა, მაშინ მკითხა, მამა, შენ ლექს-სენი ხარო? მამის სახელი კი, მაგრამ ჩემი სასცენო ფსევდონიმი არ იცოდა. ბაღის ჯგუფელები რომ მეხვეოდნენ და ლექს-სენით მომმართავდნენ, ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა. მერე კი კლიპი ნახა და მიხვდა, რომ ვმღერი.

  • სოლო კონცერტზე თაყვანისმცემლები რომ მეხვეოდნენ და გოგონები ჩემთან ერთად ფოტოებს იღებდნენ, ჩემი მეგობრები და ნათესავები ფიქრობდნენ, რომ ტატიანა იეჭვიანებდა. ის კი ამბობდა, ჩემი ქმარი დღეს მე არ მეკუთვნისო.

ავტორი: სოფიო ბოჭორიძე