გიორგი ფოჩხუასა და მისი ლუკას საოცარი მსგავსება...

ახალი თაობა

3 თებერვალი 20:00
66

რამდენიმე წლის წინ ზუგდიდის თეატრის რეჟისორისა და მსახიობის გიორგი ფოჩხუას მკვლელობამ სრულიად ქართული საზოგადოება შეძრა. გიორგის ერთადერთი შვილი ლუკა ფოჩხუა და მეუღლე რუსკა წურწუმია დარჩა... 

გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.


  • მეც და გიორგიც 23 წლის ასაკში გავხდით მშობლები. ამ სტატუსისთვის ორივე მზად ვიყავით. ლუკას აღზრდაში ოჯახის წევრები გვეხმარებოდნენ. გიორგი კი შვილის მოვლაში ჩემზე მეტად აქტიურობდა. სამსახურში რომ გავედი, ლუკა სამი თვის იყო. დილით ადრე მიწევდა ადგომა. ღამით პატარას ჩემი ქმარი უვლიდა.

  • ლუკა 6 მარტს 6 წლის გახდება. საოცრად ჰგავს მამას და ამას ყველა აღნიშნავს. წლისა და 4 თვის იყო, გიორგი რომ მოკლეს, თუმცა საკმაოდ კარგად ახსოვს მამამისი. მისი სამოსიც კი აქვს ჩარჩენილი მეხსიერებაში.

  • ლუკა ძალიან კარგი ხასიათის ბიჭია, მაგრამ გიორგის ამბის მერე, ისეთი სტრესული პერიოდი ჰქონდა, ფსიქოლოგთან მიყვანასაც ვფიქრობდი, თუმცა რადგან ძალიან პატარა იყო, შევძელით და გავუმკლავდით ამ სირთულეს. მამამისის ფოტოებს რომ ხედავდა, აპროტესტებდა. გიორგისთან დაკავშირებულ საკითხებს ძალიან ფრთხილად ეკიდება. ელოდება მომენტს, რომ რაიმე მკითხოს.

  • ლუკა ძალიან მეგობრული ბიჭია. ცდილობს, ჩემთვის საინტერესო თემებზე მესაუბროს. ხასიათის ყველა დადებითი თვისებით მამას ჰგავს. მასავით მხიარულია და ამ ასაკშივე გამოკვეთილად აქვს იუმორის გრძნობა. გიორგისავით კეთილშობილია. სიჯიუტით კი მე მგავს. სხვა მხრივ, ძალიან მოწესრიგებული ბიჭია.

  • დილიდან საღამომდე სამსახურში ვარ. ნავთობკომპანიაში ვმუშაობ. ლუკა კი საბავშვო ბაღში დადის. მის აღზრდაში გიორგის მამიდა მეხმარება, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს.

  • ვცდილობ, ლუკასთვის დედაც ვიყო, მამაც, დაც და ძმაც. იშვიათად ვუბრაზდები, რის შემდეგაც აუცილებლად ვუხსნი, რომ გული მეტკინა ამის გამო.

  • ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და არ ვფიქრობ, რომ მარტოხელა დედობის გამო, განსაკუთრებულ სირთულეებს ვაწყდები.

  • ლუკა სამედიცინო გადაცემებითაა მოხიბლული და ამბობს, რომ ექიმი უნდა გახდეს.

  • როცა გიორგის გარეშე დავრჩი, ძალიან დიდი სტრესი მივიღე, მაგრამ მივხვდი, რომ ცხოვრების ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა და ეს ის რეალობა იყო, რასაც ვერ ვუშველიდი. ამიტომ ორ კვირაში სამსახურში გავედი, რადგან სახლში ჯდომა არაფერს მომცემდა. გიორგის სიკვდილის შემდეგ, მარტო ცხოვრება ვისწავლე.