დათო ფორჩხიძე: „როცა საქმე შვილს ეხება, ჩემი შესაძლებლობები ზღვარს სცდება!“

ახალი თაობა

10 თებერვალი 20:00
81

მუსიკოს დათო ფორჩხიძესა და მის მეუღლეს ხატია ნარაკიძეს 3 შვილი ჰყავთ - 15 წლის ნანუკა, 9 წლის თათუკა და 6 წლის სანდრო...

გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.



 

  • მამა 27 წლის ასაკში გავხდი. ეს ის პერიოდი იყო, როცა „სახის“ პროექტი დასრულდა. ჩემთვის იმდენად ახალი ცხოვრება დაიწყო, პირადისა და კარიერის ერთად გაგრძელება ვერ მოვახერხე. მოხდა ისე, რომ არჩევანი ოჯახზე გავაკეთე. ჩემგან საუკეთესო მეოჯახე კაცი დადგა, თუმცა საკუთარ თავთან შენიშვნებიც მაქვს. ცოტა გულმავიწყი და უყურადღებო ვარ. ფუნდამენტურ საკითხებში კი ყველა გამოცდა ჩაბარებული მაქვს. კარგი მამა და მეუღლე ვარ.

  • თათუკა ძალიან კომუნიკაბელური ბავშვია. უცხოელებთანაც უპრობლემოდ კონტაქტობს და შეუძლია, უცბად მოექცეს ყურადღების ცენტრში. კომპიუტერსა და ტელეფონით ვიდეოების გადაღებასაა მიჯაჭვული, რაც საკმაოდ კარგად გამოსდის. არ მინდა, სამივე შვილი ხელოვნების სფეროში გადაეშვას, მაგრამ ყველა ერთად თუ ვიქნებით, არც ესაა პრობლემა.

  • ოჯახი რომ შევქმენი, მეგონა, ერთი შვილი გვეყოლებოდა. რატომღაც ასეთი განცდა მქონდა. ერთ დღესაც ხატიამ მითხრა, რომ მას სამი შვილი სურდა, რაც ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. სანამ გეყოლება, უფრო გეშინია. როცა გყავს, ხვდები, რომ მეტი შვილის ყოლაც შეიძლება.

  • ბავშვობაში მამა რამეს რომ დამავალებდა, მომიტანეო, შანსი არ იყო, მიმეტანა, რადგან ვერ ვპოულობდი. არაფერს რომ არ მისრულებ, ღმერთი გადაგიხდის სამაგიეროსო, მეუბნებოდა. იგივეს აკეთებს ნანუკა ჩემთან მიმართებაში. ამას წინათ დიდი ნივთი მქონდა გადასაადგილებელი და ვეჭიდავებოდი. სანდრო მოვიდა, მოგეხმარებიო. გამიხარდა და მაშინვე მამაჩემს გადავურეკე. შენმა წყევლამ არ გაამართლა და სანდრო ისე მეხმარება, არც მითხოვია-მეთქი.

  • ნანუკა ძალიან მგავს. ჩემნაირი ეგოისტია. სულ მთხოვს, რომ ვიმღეროთ. სახლში პატარა სტუდია მაქვს. გამუდმებით სიახლეებს ეძებს და კარგადაც გამოსდის. ბრუნო მარსის ახალი სიმღერა აღმოაჩინა და ჩაწერა. საოცრად ნიჭიერია და უკვე სერიოზული ამბიცია აქვს, რომ ჩემი ჩრდილიდან გამოვიდეს. როცა საქმე შვილს ეხება, ჩემი შესაძლებლობები ზღვარს სცდება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნანუკა განვითარდეს. ჩემს ცოდნასა და სანაცნობო წრესაც გამოვიყენებ. მივხედავ კი არა, თავსაც გავიგიჟებ...

  • ჩემი აზრით, ბიჭის მამობა უფრო რთულია, ვიდრე გოგოსი. ეს წლების წინათაც ასე იყო. ბიჭი უფრო ფათერაკიანი და შარიანია. ნანუკა 15 წლის კი არის, მაგრამ არანაირ სტიქიებს არ ვებრძვით. ძალიან ვმეგობრობთ. არ ვიცი, გვერდით როგორ ადამიანს აირჩევს ცხოვრებაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რჩევას მკითხავს და გაითვალისწინებს კიდეც. დღემდე ასე მოვდივართ. ვგრძნობ, რომ ერთი ბიჭი მოსწონს, მაგრამ ჯერ მნიშვნელოვან საკითხებზე ვართ ორიენტირებულები.

  • ნანუკა: დათო ძალიან მაგარი მამაა. რასაც მამას ვუყვები, შეიძლება, მეგობრებს არ ვუთხრა. თავისუფალ დროს ყოველთვის ჩემთან ერთად ატარებს. ხანდახან ღამითაც კი ვმღერით. იმდენად ერთნაირად ვაზროვნებთ, ზუსტად ვიცი, რა დროს რას მთხოვს, რომ გავაკეთო. ასე რომ, მუშაობაც კარგად გამოგვდის.

  • ნანუკას მუსიკა ძალიან უყვარს. პარალელურ რეჟიმში პროფესიის არჩევაზეც ვფიქრობთ, თუმცა რა იქნება, ჯერ არ ვიცით. შეიძლება რამდენიმე წლით სასწავლებლად ევროპაშიც გავუშვა. მხოლოდ სიმღერაში კი არა, ზოგჯერ მშობლიურ ლიტერატურაშიც ვამეცადინებ. ჩემი მშობლებიც ასე მეგობრობდნენ ჩემთან.

  • ამ ეტაპზე ერთ-ერთი კომპანიის სარეკლამო სახე ვარ. გარდა ამისა, სტუდია „სახეს“ ვხელმძღვანელობ. „X ფაქტორის“ წინა სეზონში მოულოდნელად ჩავერთე. ახლა რა იქნება, არ ვიცი, თუმცა შემოთავაზებას სიამოვნებით მივიღებ, რადგან ეს პროექტი ცუდი მოგონება არ არის. გამარჯვება-დამარცხება ჩემთვის აღარ არის მნიშვნელოვანი. ოდესღაც კიდევ მოვიგებ. სადაც არ უნდა მოვხვდე, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი!