„საკუთარ თავს მარტოხელა დედა რომ ვუწოდო, უმადური უნდა ვიყო!“

ახალი თაობა

7 მარტი 20:00
2273

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პიარის სპეციალისტ ნინი დედალამაზიშვილს ერთი შვილი ჰყავს - 4 წლის ელენე ყიფიანი...

გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.


  • ელენე რომ დაიბადა, 25 წლის ვიყავი. დედის სტატუსის გათვითცნობიერება არ გამჭირვებია. პატარას აღზრდაში დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ძმა გიგი, რძალი, მეგობრები, მისი დაბადების დღიდან აქტიურად არიან ჩართულები. ჩემმა ოჯახმა უზრუნველყო ის, რომ ელენეს აღზრდის პროცესი რთულად არ გამხსენებოდა. ამისთვის დედაჩემს და მამაჩემს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. მშობიარობიდან რამდენიმე თვეში სამსახურსა და ვარჯიშს დავუბრუნდი.

  • ელენე 10 მარტს 4 წლის გახდება. ძალიან დამოუკიდებელი და კომუნიკაბელური გოგოა. ლიდერის თვისებები აქვს. როგორც თვითონ უნდა, ყველაფერი ისე უნდა გადაწყდეს. კომპრომისზე არასდროს მიდის და ამაში მე მგავს. გარეგნულად კი მამამისს ჰგავს.

  • 2 წლიდან საბავშვო ბაღში დადის. დაბადების დღისთვის მისი მეგობრების სიამ ჩემი მეგობრების რაოდენობას გადააჭარბა.

  • ქმარს რომ გავშორდი, ელენე ძალიან პატარა, თვეების იყო. ამიტომ ჩემი შვილისთვის ეს ტრავმა არასდროს ყოფილა, რადგან არაფერი ახსოვს. მამამისთან, კოტიკო ყიფიანთან ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს. სიტუაცია იქამდე არ მიგვიყვანია, რომ ელენემ მშობლების ურთიერთობასთან დაკავშირებით შეკითხვები დასვას.

  • საკუთარ თავს მარტოხელა დედა რომ ვუწოდო, უმადური უნდა ვიყო. ქალს მამაკაცი შეიძლება გვერდით ედგეს, მაგრამ მის მხარდაჭერას ვერ გრძნობდეს. ჩვენ ერთად არ ვართ, მაგრამ ელენე მამის დეფიციტს ვერ გრძნობს.

  • ამ ეტაპზე ერთ-ერთი კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ვარ. გარდა ამისა, საკუთარი ივენთკომპანია მაქვს, სადაც ფანტასტიკურ გუნდთან ერთად საინტერესო ღონისძიებებს ვაკეთებ. პლუს ამას აქტიურად ვსწავლობ ფრანგულს, რადგან მაგისტრატურის გავლას საფრანგეთში ვგეგმავ.

  • მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ვარ, ელენე დედის დეფიციტს ვერ გრძნობს, რადგან თავისუფალ დროს სრულიად მას ვუთმობ. როცა დედა ბედნიერია, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა შვილზე აისახება. სამსახურის შემდეგ ვარჯიშზე რომ მივდივარ, ამას ისევ ელენეს გამო ვაკეთებ. მინდა ჩემმა შვილმა დედით იამაყოს.

  • თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გიგი (დედალამაზიშვილი, „მგზავრები“. - ავტ.) ელენესთვის მეორე მამაა. ჩემს ძმას ელენე დასასვენებლად ინტენსიურად დაჰყავს. ახლახან ეგვიპტეშიც წაიყვანეს. ჩემი ძმისშვილი, ლიზი 2 წლისაა და დებივით იზრდებიან. ელენეს მამის მხრიდან 2 წლის და ჰყავს. ასე რომ, დედმამიშვილების დეფიციტს ვერ გრძნობს. ამის მიუხედავად, მინდა ბევრი შვილი მყავდეს.

  • ელენე ძალიან არტისტულია. სიმღერის ნიჭი აქვს, თუმცა მამაჩემს უნდა, რომ ელენე ჩოგბურთს გაჰყვეს. დედაჩემს უნდა, რომ მისგან კარგი პიანისტი დადგეს. მე კი ვფიქრობ, რომ პროფესია საკუთარი გადაწყვეტილებით უნდა აირჩიოს.