- თიკა, რა ასაკში გახდით დედა და რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
- 19 წლის ასაკში შემეძინა ნინა. ძალიან ნიჭიერი, კეთილი და ბავშვურია. არ არის უხეში და უზრდელი, არავისთვის არაფერი ენანება, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ფეხმძიმობის პერიოდშიც მასზე ძალიან მზრუნველი ვიყავი. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებული გრძნობაა, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვაანალიზებ, რომ ვარ დედა.
- როგორია დედა-შვილის ერთი დღე?
- დილით ერთად ვდგებით, შემდეგ ნინა ბაღში მიდის. იქიდან რომ ბრუნდება, მთელ დროს ერთად ვატარებთ. მე თუ სახლში ვარ, ჩემ გარდა, სხვა არავინ უნდა.
- ნინას ხომ არ აქვს მომღერლობის სურვილი?
- ამ ეტაპზე ექიმობა სურს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა, ექიმებთან დაგვყავდა, გაიცნო ისინი და ძალიან მოეწონა. თუმცა ძალიან კარგად მღერის. ნინას არაფერს დავუშლი, თვითონ რაც მოუნდება, იმ პროფესიას აირჩევს. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა - ბოლოს მაინც ის ავირჩიე, რაც მინდოდა და არა ის, რისთვისაც მშობლები მთელი ცხოვრება მამზადებდნენ.
- როგორი თაობა მოდის და რას ურჩევდით მათ?
- ამბობენ, ინდიგო ბავშვები მოდიანო და ამ მოსაზრებას მეც ვეთანხმები. განსაკუთრებულად ლამაზი და ჭკვიანი თაობა მოდის, ყველა საკითხში გარკვეულები არიან. მინდა, რომ იყვნენ ძალიან თავისუფლები და ლაღები. კარგად ისწავლონ და იცხოვრონ ისე, როგორც სურთ.
- დაბოლოს, პროფესიულად რა სიახლეები გაქვთ?
- მაქვს რამდენიმე ახალი სიმღერა და ვმუშაობ საინტერესო პროექტზე, რომელსაც ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ, თუმცა ამ ყველაფერს საზოგადოება ძალიან მალე იხილავს.
ტექსტი მოამზადა სალომე ისაკაძემ.