ნინი შერმადინი: „როდესაც პირველად დავინახე ჩემი პატარა, მაშინვე დედა დავუძახე“

ახალი თაობა

21 იანვარი 18:00, 2016 წელი
62

მომღერალ ნინი შერმადინს ერთი შვილი ჰყავს - 7 წლის მარიამ ციცაგი.


- დედა 20 წლის ასაკში გავხდი. ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რაც კი ადამიანმა შეიძლება განიცადოს. თავიდან ცოტა შემეშინდა კიდეც, რადგან პატარა ასაკში ცოტა მოულოდნელი იყო მშობლის ამპლუაში ყოფნა. მაშინ ამის გათავისებაში ჩემი მეუღლე და მშობლებიც ძალიან დამეხმარნენ. როდესაც პირველად დავინახე ჩემი პატარა, მაშინვე დედა დავუძახე, ექიმებმა კი აღნიშნეს, რომ ზოგს უჭირს მაშინვე დედის დაძახება და შენ აუცილებლად კარგი დედა იქნებიო.


- ნინი, ვიცით, რომ ამერიკაში მოღვაწეობ და ბავშვი ბებიასა და ბაბუასთან იზრდება...
- დიახ, ეს ძალიან ძნელია, მაგრამ თავის დროზე მეც ბებია-ბაბუასთან გავიზარდე. ისინი ყოველთვის მანებივრებდნენ. ახლა ჩემი მშობლები ცდილობენ, ჩემი შვილი გაანებივრონ. მკაცრი დედა არ ვარ, ყოველთვის ისე ველაპარაკები, როგორც ზრდასრულს. სულ ვცდილობ, მოვეფერო. როდესაც რამეს აშავებს, მაშინაც ვცდილობ, ყველაფერი იუმორში გავუტარო და რბილად დავარიგო, რა არის კარგი და რა - არა. როდესაც დედაჩემს გააბრაზებს, მე იქიდან ვურეკავ და ვეუბნები: ეგრე რომ მომექცეს შენი შვილი, მოგეწონება?! და მაშინვე იცვლის მიდგომას. ამერიკიდან მუდმივად ან სკაიპით, ან მობილურით ველაპარაკები. არასდროს ვწყვეტ მასთან კონტაქტს.


- როგორი ბავშვია მარიამი, დედის პროფესიას ხომ არ გაჰყვება?
- ადვილად გასაზრდელი, თითქმის უპრობლემო. სიმღერას გაჰყვება-თქო, მაგას ჯერ ვერ ვიტყვი, რადგან მე მუსიკას საკმაოდ კრიტიკულად ვუდგები. მარიამს მსახიობობა აქვს გადაწყვეტილი, ცეკვაც ძალიან იზიდავს. საკმაოდ დამოუკიდებელი ბავშვია - თვითონ იცვამს, იღებს აბაზანას და თავის ნივთებსაც თვითონ ალაგებს. საკუთარ მეს არასდროს ვუხშობ და არ ვეუბნები, რომ ჩემს ნებაზე იაროს. 


- ნინირას უსურვებდი ახალ თაობას?
- ძალიან ლამაზი და  ნიჭიერი თაობა მოდის. ზუსტად ინდიგო ბავშვები არიან. ჩემი შვილიც ამ ნიშნითაა დაბადებული და თმის ნაწილი ოქროსფერი აქვს. ეს ბავშვები ჩვენი მომავლის გამგრძელებლები არიან და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას ვუსურვებდი.


- საკუთარ პროფესიულ სიახლეებზეც გვითხარი რამდენიმე სიტყვით?
- ცოტა ხანში ისევ ამერიკაში ვბრუნდები, კერძოდ - ნიუ-იორკში, სადაც რამდენიმე სერიოზული შემოთავაზება მაქვს. უკვე მოლაპარაკების პროცესში ვარ, თუმცა ამ ყველაფერს საიდუმლოდ დავტოვებ. იქვე ვგეგმავ სოლო კონცერტს, ჩემი ალბომისა და კლიპის პრეზენტაციას. რამდენიმე სიმღერის ჩაწერასაც ვაპირებ. მოკლედ, მზად ვარ დატვირთული სამუშაო გრაფიკისა და სიახლეებისთვის.


ტექსტი მოამზადა ელიზავეტა გეგეშიძემ.