„ჩვენზე, მშობლებზე, ბევრი რამ არის დამოკიდებული...“

ახალი თაობა

28 იანვარი 18:00, 2016 წელი
307

მსახიობ ჯაბა კილაძეს ერთი შვილი ჰყავს - 10 წლის ლიზა.

.

  • - მამა 24 წლის ასაკში გავხდი. რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო ვაანალიზებ, რამხელა პასუხისმგებლობა და ბედნიერებაა, გყავდეს შვილი. მე და ლიზას ერთმანეთთან საკმაოდ ხშირი კონტაქტი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან არ იზრდება.

  • - ბავშვობიდანვე როგორც თანასწორს, ისე ველაპარაკები. ძალიან უყვარს ფრინველები და ცხოველები. დიდი სურვილი აქვს, მომავალში ვეტერინარი გახდეს. ვერ ეგუება ცხოველების ჩაგვრისა და ნადირობის თემებს, ამაზე პროტესტის გრძნობა აქვს და ძალიან ბრაზდება ხოლმე. სახლში ბევრი ცხოველი ჰყავს: თუთიყუში, კატა, მალე იხვებსაც ელოდება, სოფელში - ძაღლი...

  • - ლიზას სპექტაკლებშიც უთამაშია და მოსწონებია კიდეც, ჩემთან „თავისუფალ თეატრშიც“ ხშირად დამყავს პრემიერებზე, თეატრი ძალიან უყვარს, თუმცა მსახიობობაზე ჯერჯერობით არ ფიქრობს, გეზი ვეტერინარობისკენ აქვს აღებული. 

  • - საკმაოდ ანალიტიკური აზროვნების თაობა მოდის. ბავშვები გონებაგახსნილები არიან. წარმატების მისაღწევად ბევრი ინფორმაცია და შესაძლებლობა აქვთ. მთავარია, მოინდომონ. ჩვენზე, მშობლებზე კი, ბევრი რამ არის დამოკიდებული.

  • - ვფიქრობ, შვილებს ბავშვობიდანვე უნდა ვასწავლოთ სამშობლოს სიყვარული და არამხოლოდ სადღეგრძელოს მოტივაციიდან გამომდინარე, რომ თითქოს ქართველზე მაგარი ქვეყნად არავინაა. სამწუხაროდ, სკოლებშიც ვერ ზრდიან ბავშვებს სათანადოდ... ვისურვებდი, ამ ძალიან პროგრესულმა თაობამ ქვეყანას ბევრი კარგი რამ შესძინოს.