„ჩემი ცოლის დაქალების“ „რეჟისორის“ თანამედროვე ოჯახი

ახალი თაობა

18 თებერვალი 18:00, 2016 წელი
77

მსახიობსა და მომღერალ ლევან გვაზავას ერთი შვილი - 6 წლის ნუციკო ჰყავს.

  

  • - ბავშვობაში ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში დავდიოდი. უმაღლეს მათემატიკას ვსწავლობდი, თუმცა მსახიობობის სურვილი უფრო დიდი მქონდა. მამა ბადრი გვაზავა მუსკომედიის მსახიობი მყავს და მეც თეატრში ვიზრდებოდი. თითქმის 22 წელია (ოფიციალურად კი - 15 წელი), რაც მსახიობად ვმუშაობ მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 

  • - მოზარდ მაყურებელთა თეატრი ჩემთვის სახლივითაა. პარალელურად ვმღერი. მუსიკალურ პროექტ „ვოისი 2012“-ში ფინალშიც გავედი. ახლახან გამოვუშვი საკუთარი პრომო-ალბომი, რომელშიც ჩემი 4 სიმღერაა შესული, ვგეგმავ პრეზენტაციას და თქვენ შემდეგ, ტელევიზიებსა და რადიოებშიც აუცილებლად გავაჟღერებ. სიახლეებით ველოდები „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონს. ამ სერიალში ცოტნესა და კაკაჩიას კლიპების რეჟისორის ბერგმანას როლი მაქვს, რომელიც ნელ-ნელა საინტერესოდ ვითარდება. 

  • - შვილის შეძენის შემდეგ ყველაფრის მიმართ შემეცვალა დამოკიდებულება. ამ ადამიანს ანგარიშს ყოველთვის და ყველაფერში ვუწევ. ჩემი მეუღლეც, ევგენია ქორიძე, ამავე თეატრის გრიმიორია. გადატვირთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, ჩვენი შვილიც ჩვენ გვერდით - მოზარდ მაყურებელთა თეატრში იზრდება. სკოლიდან აქ მოგვყავს და აქ მეცადინეობს, სახლში კი ყველა ერთად ვბრუნდებით. ნუციკო ძალიან მგულშემატკივრობს და უნდა, რომ მისი მამიკო ხშირად ჩანდეს ტელევიზორში (იღიმის).

  • - ჩემი მეუღლე ჩემგან რადიკალურად განსხვავებულია და უფრო მეტად მშვიდია, რაც დიდ კომფორტს მიქმნის. ვფიქრობ, არ არის საჭირო, სახლში რომ მიხვალ, იქაც შენნაირი გიჟი დაგხვდეს (იღიმის). ერთმანეთს მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ და ხელს ვუწყობთ.

  • - ნუციკო სამეჯლისო ცეკვებზეც დადის. ყველასთან გახსნილი არ არის, თუმცა, თუ ერთხელ შემოვიდა კონტაქტში, მერე ძალიან ლაღია ურთიერთობაში. უყვარს კითხვა, მიუხედავად იმისა, რომ ანბანი ახალი ნასწავლი აქვს. სმენაც და ხატვის ნიჭიც აქვს, რაც, ალბათ, მშობლებისგან დაჰყვა (იღიმის). მოკლედ, საკმაოდ გონებაგახსნილი ბავშვია.

  • - ახალგაზრდა თაობას ჩვენგან, 90-იანების თაობისგან განსხვავებით, უფრო მეტი პერსპექტივა და თავისუფლება აქვს. მინდა, რომ ეს ყველაფერი მაქსიმალურად გამოიყენონ და, ვფიქრობ, ასეც იქნება. ისინი ხომ ძალიან გონებაგახსნილები და განვითარებულები არიან. ბოლოს კი მინდა ჩვენი პატარები 15 აპრილს დავპატიჟო მოზრდ მაყურებელთა თეატრში პრემიერაზე - თქვენ გელით ემოციებით სავსე სპექტაკლი „მაუგლი“, რომლის დამდგმელი რეჟისორია ნიკოლოზ საბაშვილი. ამ სპექტაკლში მე მამა-მგლის როლში მიხილავთ