ზურა მანჯავიძე: „ახალგაზრდებს თავისუფლება უნდა მივცეთ!“

ახალი თაობა

25 თებერვალი 18:00, 2016 წელი
108

მომღერალ ზურა მანჯავიძეს 4 შვილი ჰყავს - 24 წლის გიორგი, 17 წლის ანი და 12 წლის ტყუპი სანდრო და ლუკა.

  

  • მამა 20 წლის ასაკში გავხდი. სტუდენტობის გავლა და ოჯახის შექმნა იმ პერიოდში მომიწია, როდესაც ქუჩებში ტყვიების ზუზუნის ხმა ჩვეულებრივი ამბავი იყო, ირგვლივ კი უმუშევრობა სუფევდა.

  • მეც მრავალშვილიან ოჯახში ვიზრდებოდი. დედ-მამა და 7 და-ძმა ოროთახიან „ხრუშჩოვკის“ ბინაში ვცხოვრობდით.

  • პროფესიული თვალსაზრისით რაც უფრო დატვირთული ვარ, სახლში მით უფრო ცოტა დროს ვატარებ. ბავშვებიც სწავლა-განათლებით საკმაოდ დატვირთულები არიან და ხშირად ერთმანეთს ვერც კი ვნახულობთ ხოლმე.

  • ანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობს. ახლა არდადეგები აქვს და გუდაურში ისვენებს. გიორგიმ ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესმართვის ფაკულტეტი დაამთავრა და ახლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სარეჟისოროს განხრით მაგისტრატურას გადის. ორი კვირის წინ დაოჯახდა ქეთა ბურჯანაძეზე. 

  • უცხოებს მე და ჩემი უფროსი ბიჭი ხშირად ძმები ვგონივართ ხოლმე (იღიმის). მის მეგობრებთანაც ვძმაკაცობ და... მოკლედ, გადასარევი ურთიერთობა გვაქვს.

  • სანდრო და ლუკა ძალიან აქტიური ბავშვები არიან. მახსოვს, მათი დაბადებიდან პირველი ერთი წელი დასაძინებლად არც კი დავწოლილვართ, დაძინებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ერთდროულად იღვიძებდნენ და ტიროდნენ, იყო ერთი ამბავი (იღიმის).

  • სანდრო: სკოლის შემდეგ დავდივართ ცეკვასა და მათემატიკაზე, ვსწავლობთ ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს. ასევე, კვირაობით დავდივართ ზოოპარკში ბავშვთა საგანმანათლებლო წრეზე, სადაც ვსწავლობთ ყველაფერს, რაც ცხოველთა სამყაროს შეეხება. ეგზოტარიუმშიც ხშირად ვართ და მოვლა-პატრონობაშიც ვეხმარებით.

  • ლუკა: მართალია, ხშირად ვკამათობთ, მაგრამ მაინც ყველგან ერთად დავდივართ. ვფიქრობთ, რომ ერთმანეთს ძალიან არ ვგავართ, თუმცა ხანდახან მაინც ვეშლებით. ერთნაირი სამოსიც გვაქვს, მაგრამ ყოველთვის სხვადასხვას ვიცვამთ.

  • ზურა: როდესაც ერთად ვიკრიბებით, ჩვენს გეგმებსა და წარმატებებზე ვსაუბრობთ. ისინი სკოლისა და უნივერსიტეტის ამბებს მიყვებიან. მოკლედ, ერთმანეთში აზრების გაცვლა-გამოცვლა გვაქვს. ვმეგობრობთ და ვცდილობ, მათვის მამაზე მეტი, მეგობარიც ვიყო.

  • სმენა ოთხივეს აქვს და სხვადასხვა ინსტრუმენტებზეც უკრავენ. თუმცა, მუსიკას არც ერთი მიჰყვება. პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დროსაც მგულშემატკივრობდნენ. ტყუპები რეპეტიციებზეც დამყვებოდნენ. 

  • არსებობს ღირებულებები, რომლებსაც უნდა გავუფრთხილდეთ: ჩვენი ისტორია, ქართული ფოლკლორი, საგალობლები... ამას თვალისჩინივით მოვლა სჭირდება. განვითარება და წინსვლა აუცილებელია. ახალგაზრდებს თავისუფლება უნდა მივცეთ, თუმცა გარკვეულ ზღვარს არ უნდა გადააბიჯონ. ვუსურვებდი, ვირტუალურ კონტაქტზე მეტი დრო გამონახონ ერთმანეთთან რეალური ურთიერთობებისთვის. იყვნენ განათლებულები და არ დაავიწყდეთ, რომ მათი კეთილდღეობა წინა თაობების დამსახურებაა.