თითოეული ადამიანის ცხოვრების აზრი ოჯახი და შვილია...

ახალი თაობა

17 მარტი 18:00, 2016 წელი
62

მომღერალ აჩიკო ნიჟარაძეს ერთი შვილი ჰყავს - 4 წლის ალექსანდრე. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, აჩიკოს, ალექსანდრესთან ერთად, სკვერებსა თუ გასართობ ცენტრებში ხშირად ნახავთ.

  

  • 28 წლის ვიყავი, მამა რომ გავხდი. ალექსანდრემ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი რადიკალურად შეცვალა. ვფიქრობ, თითოეული ადამიანის ცხოვრების აზრი ოჯახი და შვილია.

  • ალექსანდრეს გაზრდა არ გაგვჭირვებია. უბრალოდ, ძალიან ცელქია, მაგრამ მასზე ზრუნვას მე და ჩემი მეუღლე ნუცა ქირია კარგად ვართმევთ თავს.

  • შვილთან მე უფრო მკაცრი ვარ. ბავშვმა რაღაცების დათმობა პატარა ასაკიდანვე უნდა ისწავლოს. არ გვინდა, რომ ალექსანდრე თავნება გაიზარდოს. საბედნიეროდ, უზრდელი არ არის და არც მავნეა. რასაც ვასწავლით, ყველაფერს ითვისებს. არც მისალმება ეშლება და არც მადლობის გადახდა ავიწყდება.

  • ალექსანდრე სიმღერას მუცლადყოფნიდანვე მიეჩვია, რადგან ჩვენთან სულ სტუმრიანობაა. დაბადების შემდეგ კი დედამისიც ხშირად უმღეროდა. რაც მთავარია, სმენაც აქვს და ცდილობს, რაღაც მელოდიებს აჰყვეს.

  • ნუცა კონცერტებზე ჩემთან ერთად ხშირად გამოდის. პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა ამ ეტაპზე ალექსანდრეს გამო პაუზა აქვს აღებული და ბავშვის აღზრდითაა დაკავებული.

  • ალექსანდრეს სულ თამაში უნდა და რადგან დღის მანძილზე სახლში მხოლოდ ნუცაა, ის ჰყავს შეკლული. რას აღარ ათამაშებს დედამისს! სახანძროსა და პოლიციის მანქანები ძალიან მოსწონს. ჩვენს კორპუსთან სამაშველო სამსახურის შენობაა და თანამშრომლები უკვე იცნობენ. შევარდება ხოლმე და მანქანაშიც ჯდება.

  • საღამოს 6 საათის შემდეგ ყოველთვის ოჯახთან ერთად ვარ. ხშირ შემთხვევაში, შუადღესაც ვახერხებ ცოლ-შვილის ნახვას. ალექსანდრეს ჩემი ყურადღება სჭირდება. სკვერებისა და გასართობი ცენტრების გარდა, ფეხბურთზე, კალათბურთსა და რაგბიზეც კი დამყავს. თუ სადმე რეგიონში კონცერტი მაქვს, ვცდილობ, ნუცაც და ბავშვიც წავიყვანო. მიყვარს ჩემი პროფესია და ალექსანდრემაც იგივე გზა რომ აირჩიოს, გამიხარდება.

  • ნუცა: დილა გათენდება თუ არა, ალექსანდრესთვის სხვადასხვა მულტფილმის გმირი ვხდები. ფორმებს თავზე დამაყრის და იქ იწყება დიდი თამაში. ჩვენი დილა სხვაგვარად ვეღარც წარმომიდგენია.

  • ალექსანდრეს უკვე თავისი სამეგობრო წრეც ჰყავს. საბავშვო ბაღის ჯგუფელებთანაც კარგი დამოკიდებულება აქვს და ჩემი მეგობრის შვილებთანაც მეგობრობს, რაც ძალიან მახარებს.

  • ნუცა: აჩიკო ალექსანდრეს გაზრდასა და მოვლაში დღემდე ძალიან მეხმარება. ბავშვის ჩაცმა, დაბანა და მოწესრიგება მისთვის უცხო არ არის.

  • ალექსანდრე გვეუბნება, და-ძმა „მიყიდეთო“. ვპირდები, რომ ცოტა ხანში „ვუყიდი“. მეც და ნუცასაც გვინდა, რომ სამი შვილი გვყავდეს. სქესს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ, თუ გოგო გვეყოლება, გამიხარდება. ნუცას გოგო მეგობარიც ეყოლება.