ირინა ონაშვილი: „დღეს ყველაფერს საბასთვის ვაკეთებ“

ახალი თაობა

10 მარტი 18:00, 2016 წელი
84

ცნობილ ქართველ მოდელს, „მის საქართველო 2003“-სა და სამოდელო სააგენტო „ფეშენ შარმის“ დამფუძნებელ ირინა ონაშვილს ერთი შვილი ჰყავს - 4 წლის საბა ვარძელაშვილი.

გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „ლაქშერი“

  • დედა 26 წლის ასაკში გავხდი. იყო მშობელი, ეს ადამიანისთვის ცხოვრებაში ყველაზე დიდი საჩუქარი და ბედნიერებაა. როცა დედა ხარ, ყველაფერი იცვლება, უფრო თავდაჯერებული და მიზანდასახული ხდები. მოდუნების უფლება აღარ გაქვს. გყავს შვილი, რომელსაც სჭირდები აქტიური, შრომისუნარიანი, ახალგაზრდა, ლამაზი... 


  • სანამ საბა გამიჩნდებოდა, სულ სხვანაირად ვცხოვრობდი, საჭესაც უფრო სწრაფად ვმართავდი, ახლა კი კუსავით დავდივარ (იღიმის). ჩემს თავზეც დიდად არ ვფიქრობდი ხოლმე, ახლა კი პასუხისმგებელი ვარ ჩემს შვილზე, მას ვჭირდები და ვალდებული ვარ, საკუთარ თავსაც გავუფრთხილდე. დღეს მე ყველაფერს საბასთვის ვაკეთებ.


  • საბა პატარა ასაკში ძალიან ადვილი გასაზრდელი იყო, ასაკის ზრდასთან ერთად აღზრდაც ცოტა რთულდება. უფრო მეტად ცელქი გახდა, მაგრამ ხანდახან ისე გაერთობა ხოლმე თავის სათამაშოებში, ზედმეტად არც შეგაწუხებთ. თუმცა, ეს მოკლე ხანს გრძელდება ხოლმე (იღიმის).

  • ამჟამად საკვირაო სკოლაში დამყავს, ხოლო სექტემბრიდან ბაღშიც შევიყვან. არ უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა, პირიქით, ძალიან გახსნილი ბავშვია. როცა ჩემი დისშვილები გვსტუმრობენ, ისე ერთობა მათთან თამაშში, მეც აღარ ვახსოვარ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზეა „მოკერებული“.

  • ვცდილობ, მეტი დრო შვილს დავუთმო და თუ სახლიდან გასვლა აუცილებელი არ არის, არც გავდივარ. ეს ჩემთვის სასიამოვნო აკრძალვაცაა, რადგან შეიძლება არ წავიდე რაიმე პრეზენტაციაზე და ის დრო მაქსიმალურად შვილთან ყოფნისთვის გამოვიყენო.

  • სახლში შესულს გახარებული შემომეგება ხოლმე: „ჩემი ირინა მოვიდაა“ (იღიმის).

  • ბავშვის აღზრდისთვის მნიშვნელოვანია დისციპლინა, ის გარემო, სადაც იზრდება და, რაღა თქმა უნდა, სითბო და სიყვარული. ვცდილობთ, ეს ყველაფერი მივცეთ საბას.

  • სითბოსა და მზრუნველობას სხვა ბავშვების მიმართაც გამოხატავს და მეც ხუმრობით ვამბობ ხოლმე: აი, ნახეთ, ეს ბავშვი სიყვარულშია გაზრდილი და თვითონაც სიყვარულს აფრქვევს-მეთქი (იღიმის). მართალია, რომ ამბობენ, ბავშვი ოჯახის სარკეაო, რადგან ყველა ბავშვს ეტყობა, რა გარემოშიც იზრდება.

  • ამ ბოლო დროს, საღამოს სახლში რომ ვბრუნდები, სულ მეკითხება: რა მომიტანე? ერთხელ დავსვი და ავუხსენი, რომ მე მინდა, ჩემი მოსვლა გაგიხარდეს და ამის მაგივრად „რა მომიტანეს“ რომ მეკითხები, მწყინს-მეთქი. მეორე დღეს, როდესაც შინ დავბრუნდი, მეუბნება: ისა და დედა, არაფერი არ მომიტანე, ხოო? (იღიმის). მოკლედ, მოხერხებულია და კითხვა სხვა ფორმით დამისვა.


  • ძალიან უყვარს, წიგნებს რომ ვუკითხავ. ხანდახან ერთსა და იმავეს იმდენჯერ მაკითხებს, რომ ბოლოს ზეპირად იცის. ქართულ-ხალხური ზღაპრების ძალიან სქელი წიგნი გვაქვს და ყოველ ჯერზე უნდა, სულ ბოლომდე წავუკითხო და არც ერთი გამოვტოვო (იღიმის). ნოდარ დუმბაძის ლექსების წიგნიდან ყველა ლექსი თითქმის ზეპირად იცის.

  • როცა დედას ტელევიზორში ხედავს, ეს დიდად არ მოსწონს, აპროტესტებს, ურჩევნია, დედა გვერდით ჰყავდეს, ვიდრე ტელევიზორში ხედავდეს.


  • მეგობრებთან, ლალი ტოტიკაშვილთან, სოფო ბურჯანაძესთან, ლელა ცინცაძესთან ერთად, სამოდელო სააგენტო „ფეშენ შარმს“ ვხელმძღვანელობ და დიდი წარმატებები გვაქვს. თითქმის 17 წელია, ვემსახურებით საქმეს, რომელიც ძალიან გვიყვარს. ვმუშაობთ მოდელებთან, ახალბედებს საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებთ და ახალი ხაზის განვითარებაც დავიწყეთ - ეს არის ხელით ნაქსოვი ულამაზესი ჟაკეტები ბავშვებისთვის და არა მარტო მათთვის.