პაატა ხაჩიძე: „ჩემთვის ოჯახი მთელ ცხოვრებასა და სიცოცხლეს ნიშნავს“

ახალი თაობა

24 მარტი 18:00, 2016 წელი
125

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრ პაატა ხაჩიძეს სამი შვილი ჰყავს: 7 წლის ქრისტინე, 4 წლის სესილია და ერთი წლის კახი. ბიჭის მამობა მეუღლისგან, ლილე გულორდავასგან სიურპრიზად ერგო.

გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „ლაქშერი“

  • ლილე: ხასიათით ქრისტინე მამას ჰგავს, სესილი - დედას, კახის კი ჩემი ხასიათიც აქვს და პაატასიც. უფროსი შვილი ვიზუალურად მამის ასლია.

  • მესამე შვილი ლილესგან დიდი სიურპრიზი იყო. ვერ ვიფიქრებდი, რომ სამი შვილი გვეყოლებოდა, მაგრამ ბიჭი ყოველთვის მინდოდა. ღვთის წყალობით, კახი გაგვიჩნდა, რამაც კიდევ უფრო გაგვაბედნიერა.

  • 29 წლის ასაკში დავოჯახდი. ჩემთვის ოჯახი მთელ ცხოვრებასა და სიცოცხლეს ნიშნავს. მამა რომ გავხდი, შოკი მივიღე. ეს კი იმ პერიოდში მოხდა, როცა ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“ ძალიან პოპულარული იყო. ქრისტინე ისე გახდა ერთი წლის, არც მახსოვს, მაგრამ მეორე შვილი რომ დაიბადა, ოჯახურ ცხოვრებაში მაქსიმალურად ჩავერთე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სესილის აღზრდაში დიდი წვლილი მიმიძღვის, ისევე როგორც კახის აღზრდაში.

  • ბავშვების გასეირნებას ყოველთვის ვახერხებ, მით უმეტეს, შაბათ-კვირას. ლილეს გარეშე სამივე შვილის გასეირნება ცოტა რთული საქმეა. 

  • როგორც ქართველები ვამბობთ, ბიჭი მაინც ბიჭია, მით უმეტეს, ორი გოგოს შემდეგ. იმ პერიოდში ჩემს სამეგობროში გოგო უფრო მეტი გვყავდა. ჩემს ძმასაც და ნათესავებსაც, სულ გოგონები ჰყავთ. ამიტომ კახის დაბადება განსაკუთრებული მოვლენა იყო. ლილეს ბიჭის გაჩენისთვის მეც გავუკეთე საჩუქარი - „მერსედესი“ ვაჩუქე.

  • ქრისტინე ყოველ დილით მთხოვს, რომ სკოლაში დროულად მივიყვანო. სესილი გამუდმებით ბარბის ითხოვს და თუ არ ვუყიდით, საბავშვო ბაღში არ მიდის. კახი თავის ენაზე მაგებინებს, რომ ტელევიზორი საბავშვო არხზე გადავურთო.

  • ლილე: პაატა საკმაოდ მოწესრიგებული მამაა. სიმართლე გითხრათ, არც მეგონა, თუ ასეთი ყურადღებიანი მამა იქნებოდა. სამივე ბავშვის აღზრდაში შეძლებისდაგვარად მეხმარება. დილით ქრისტინე სკოლაში მიმყავს, სესილი - საბავშვო ბაღში. მეც ვმუშაობ და ამიტომ კახის ძიძასთან ვტოვებთ ხოლმე. 

  • ლილე: სამი შვილის აღზრდა დიდი პასუხისმგებლობაა. სამივეს სურვილებს თანაბრად ვასრულებთ. ქრისტინე სინქრონულ ცურვაზე დადის. ლამაზად ცეკვავს და შეჯიბრებშიც მონაწილეობს. გარდა ამისა, ხატავს და ძერწავს. სესილის ექიმობა უნდა და თან მღერის. სიმღერის ნიჭი ორივე დას აქვს.