ხვიჩა მაღლაკელიძე: „რომ არა ცოლი და შვილები, ჩემზე დიდი ბომჟი დედამიწაზე არ იარსებებდა“

ახალი თაობა

14 აპრილი 18:00, 2016 წელი
60

მუსიკოს ხვიჩა მაღლაკელიძეს ორი შვილი, 14 წლის ირაკლი და 5 წლის ილია ჰყავს.

გადაღების ადგილია ავეჯის სახლი პანცილიონი

  • მამა 26 წლის ასაკში გავხდი. მინდა დავაკონკრეტო, რომ, საბედნიეროდ, ორივე შვილი, ერთი მეუღლისგან, მარიამ ჩახვაძისგან მყავს. ილია ნანოტექნოლოგიების პერიოდში დაიბადა. მის დაბადებას დავესწარი, შესაბამისად, მახარობელს ფული აღარ ჩავუკუჭე და 10 ლარის ეკონომიაც გავაკეთე.

  • ორი ბიჭის მამა ნიშნავს იმას, რომ სამშენებლო კომპანიაში საყვარელს ვეძებ (იცინის). ერთ სახლში ორი რძალი ცოტა რთული ამბავია. მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს უნდა შევაბერდეთ. შვილებს კი ცალკე დავაბინავებთ.

  • მარი: თუ ხვიჩა მამობას ასწრებს, კარგი მამაა. საღამოობით იმდენს თამაშობენ, მთელი ღამე სახლის დალაგებაში ვარ ხოლმე. ბავშვებზე მეტად ეს ერთობა. გადმოყრის სათამაშოებს და დიდ ამბავშია ბიჭებთან ერთად. ძალიან მეგობრულია. შვილების გაკონტროლება ჩემი საქმეა, გართობა კი - ხვიჩასი.

  • ირაკლი კუბიკ-რუბიკს 23 წამში აწყობს და ოჯახს რაში გამოგვადგება, არ ვიცით. გაიმარჯვა და 120-ლარიანი ვაუჩერიც მისცეს. ჰოროსკოპით მორიელია და გველის წელშია დაბადებული. ზრდილობიანად რომ გითხრათ, დედა გვაქვს ნატირები. გარდატეხის ასაკი აქვს და მისი ხასიათების შეწყობა კიდევ უფრო რთულია, თუმცა ბევრი დადებითი თვისებაც აქვს. ძალიან მოწესრიგებულია. ვიოლინოს განხრით მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრა და ელენე ცარციძის ბავშვთა სიმფონიურ ორკესტრში უკრავს.

  • ირაკლი ბოლო პერიოდში გიტარითაც დაინტერესდა. ერთ დღესაც ოთახის კარი შემომიღო და გამომიცხადა, გიტარის სწავლა მინდაო. ირაკლი პიანინოზეც უკრავს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 10 ლარს მივცემ.

  • ილიკო პატარა რომ იყო, მეხვეწებოდა, გიტარა დადეო. რაც წამოიზარდა, მუსიკა ძალიან შეუყვარდა და კარგ იმპროვიზაციებსაც აკეთებს. სიმღერებისთვის საოცარ ტექსტებს წერს.

  • გარეგნობით ორივე დედას ჰგავს. მართალია, წელსქვემოთ მე მგვანან, მაგრამ წელსზემოთ ჩახვაძეების გენმა იმარჯვა.

  • შაბათ-კვირას, ძირითადად, ოჯახთან ერთად ვატარებ. კვირას პედაგოგიური მოღვაწეობიდან გამოსასვლელად რეაბილიტაციის დღეს ვიწყობ ხოლმე და ცოლ-შვილთან ერთად მივდივარ ცირკში, რათა 75 ლარად მივიღოთ ის სიამოვნება, რაც სახლში უფასოდ გვაქვს.

  • მიუხედავად იმისა, რომ მთელი ოჯახი ვდიეტობთ და ჯანსაღად ვიკვებებით, ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როცა სუფრას ერთად მივუსხდებით და ვვახშმობთ. ამ დროს მთელი დღის ამბებს განვიხილავთ: ვინ რა დააშავა ან ვინ რომელი ფანჯარა ჩაამტვრია.

  • ჩემთვის ოჯახი ის ნავსაყუდელი და ციხესიმაგრეა, სადაც მთელი დღის დაღლილი მივდივარ და ვისვენებ. ცოლი თავზე ხელს გადამისვამს და მეტყვის, რა გესიამოვნება ან რა გაგიხარდებაო - ეს უდიდესი სიამოვნებაა. ოჯახი ჩემი ყველაზე დიდი გადამრჩენელია. რომ არა ცოლი და შვილები, ჩემზე დიდი ბომჟი დედამიწაზე არ იარსებებდა.