მაკა ცინცაძე: „შვილის დაბადების შემდეგ ხვდები, რომ მანამდე, უბრალოდ, არსებობდი...“

ახალი თაობა

2 ივნისი 18:00, 2016 წელი
94

ჟურნალისტ მაკა ცინცაძეს ერთი შვილი ჰყავს - 4 წლის კესარია ღამბაშიძე.

გადაღების ადგილია ავეჯის მაღაზია „კაპლუნბა“.

  • შვილის დაბადება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მაგარ მოვლენად მახსენდება. მაშინ ხვდები, რომ მანამდე საერთოდ არ გიცხოვრია, არაფერი გიკეთებია და, უბრალოდ, არსებობდი.

  • კესოს დაბადებიდან 3 თვეში სამსახურში გავედი. გაზრდაში დღემდე მისი ბებიები მეხმარებიან. ძიძა არასდროს მყოლია, რადგან არჩევის პროცესი ძალიან გამიჭირდა, თან მივხვდი, რომ ბებიებზე მეტად არავის ეყვარება და არც მათზე სანდოდ მიმაჩნია ვინმე. მშვიდად ვარ, როცა ბავშვი მათთანაა.

  • კესოსთან მხოლოდ მაშინ არ ვარ, როცა ვმუშაობ. დანარჩენ დროს სულ ერთად ვატარებთ. ძირითადად, პარკებსა და გასართობ ცენტრებში დავსეირნობთ.

  • ყველა ბავშვის აღზრდას ახლავს სირთულეები. კესოც ცელქია, როგორც ყველა, თუმცა ვერ გეტყვით, რომ რამეს განსაკუთრებულად აშავებს. არც დამჯერი გახლავთ და იმას არ აკეთებს, რასაც ვეტყვი.

  • არაფერზე ვჩხუბობთ. ყოველთვის მირჩევნია, სიტუაცია ავუხსნა, ვიდრე ვუყვირო. თუ რამეს დააშავებს, დიდი ადამიანივით ვესაუბრები. შენთან საქმე მაქვს და უნდა დავილაპარაკოთ-მეთქი, ვეუბნები. ოთახში მარტოები შევდივართ და დეტალურად ვუხსნი, რატომ არ უნდა გააკეთოს ის, რის გაკეთებაც არ შეიძლება. შეიძლება, რამდენჯერმე მომიწიოს ახსნა, მაგრამ მთავარია, ესმის.

  • კესოს სექტემბრიდან საბავშვო ბაღში მივიყვან, ოღონდ არა ჩემ მიერ შერჩეულში. გასულ წელს მე შევურჩიე, მაგრამ გარემოს ვერ შეეგუა, ბევრ ბავშვთან ერთად პატარა ოთახში ვერ გაძლო. როგორც ჩანს იმ დატვირთვით არ ათამაშებდნენ, რა დატვირთვითაც ამ ასაკის ბავშვი უნდა ათამაშონ. ამიტომ რაღაც ეტაპის შემდეგ მობეზრდა და წინა წელი გააცდინა. მათ ბებიებს მადლობას ვუხდი, რომ, როცა სახლიდან გავდივარ, საშუალებას მაძლევენ, მშვიდად ვიყო.

  • ვიზუალურად ორივეს გვგავს, მაგრამ ჩემი ბავშვობის ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, 4 წლის ასაკში ზუსტად ასეთი ვიყავი. ხასიათებით უფრო მეტად მე მგავს, ჩემსავით ჯიუტია, თუმცა ეს თვისება მამამისსაც აქვს. კესო მამაზე გიჟდება!

  • გრძელ თმაზე ოცნებობს და ამიტომ თმაში ჩასამაგრებლით ვუგრძელებ ხოლმე.

  • ძალიან პრანჭიაა. ტუჩსაცხი ძალიან უყვარს. ალბათ, გადაღებიდან დაბრუნებულს მაკიაჟში რომ მხედავს, მასაც უჩნდება სურვილი, ლამაზად გამოიყურებოდეს. კოსმეტიკას ხშირად მიფუჭებს. განსაკუთრებული დღეებისთვის ყოველთვის შესაბამისად ემზადება. ამ დროს როგორც არ უნდა დავაძალო და ვთხოვო, ესა თუ ის ტანსაცმელი ჩაიცვას, გამორიცხულია, გაითვალისწინოს. Funtime-ის გადაღებისთვისაც თვითონ შეირჩია სამოსი.

     

  • ცოტა პრეტენზიული მჭამელია, მაგრამ ამაზე არ ვნერვიულობ, ვიცი, რომ, როცა მოშივდება, აუცილებლად შეჭამს.