ლელა მებურიშვილი: „სექტემბერში მეორე პატარა გვეყოლება და სქესიც ვიცით...“

ახალი თაობა

17 ივნისი 14:00, 2016 წელი
42

მსახიობ ლელა მებურიშვილს ერთი შვილი ჰყავს - წლისა და 11 თვის სანდრო საგანელიძე...

გადაღების ადგილია ავეჯის მაღაზია „კაპლუნბა“.

  • ხშირად მსმენია, ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამ, რომ დედა ვარო. მე კი ასეთი შეგრძნება არასდროს მქონია. ალექსანდრე რომ დაიბადა, პირველივე წუთებიდან აღვიქვი, რა საოცრება მოხდა ჩემს თავს და რამხელა ბედნიერებაში აღმოვჩნდი.

  • ალექსანდრე ამერიკაში დაიბადა. ორი კვირა მე და ბაჩო დამოუკიდებლად ვუვლიდით. ყველაზე დიდი სირთულე იმაზე ფიქრი იყო, სამშობიაროდან წასვლის შემდეგ შვილთან მარტოები რომ უნდა დავრჩენილიყავით და დამხმარე არ გვეყოლებოდა.

  • ბაჩო შვილის აღზრდაში პირველივე დღეებიდანვე აქტიურად ჩაერთო. საფენსაც კი უცვლიდა. საბედნიეროდ, ალექსანდრე იმდენად მშვიდი ბავშვი აღმოჩნდა, რომ თითქმის ისევე ვაგრძელებდით ცხოვრებას, როგორც მის დაბადებამდე ვცხოვრობდით.

  • ალექსანდრეს დაბადებიდან ორ კვირაში ამერიკაში ბაჩოს დედა ჩამოვიდა და პატარას მოვლაში გვეხმარებოდა. შემდეგ კი საქართველოში დავბრუნდით და ჩვენი შვილის აღზრდაში ყველა ჩაერთო - ბებიები, ბაბუები და ძიძა, რომელიც დღესაც გვყავს.

  • ალექსანდრე ერთი თვის იყო, როცა თეატრში სპექტაკლების თამაში განვაგრძე. ბუნებრივ კვებაზე მყავდა და 3 საათზე მეტხანს არასდროს ვტოვებდი. მიუხედავად იმისა, რომ ყველას ვენდობი, ვისაც ვუტოვებ, დღემდე მიჭირს სანდროს გარეშე სადმე გასვლა.

  • უამრავი სათამაშო აქვს და რომ ვაკვირდები, არაფერს აფუჭებს და ამტვრევს. ჯერჯერობით მავნე ბავშვი არ არის.

  • ისეთი გრძელი თმა ჰქონდა, მაღლა ვუწევდით, მაგრამ მაინც სცხელოდა და ამიტომ შევჭერით. ძალიან განვიცადე. დღესაც რომ ვუყურებ, ცრემლი მადგება. ბაჩო ამაზე იცინის, მეტი სანერვიულო არ გაქვსო.

  • ალექსანდრე 4 ივლისს 2 წლის გახდება. მშვიდი ბიჭია, თუმცა ძალიან აქტიურია, გამუდმებით მოძრაობს.

  • ყველა აღნიშნავს, რომ გარეგნულად მამას ჰგავს, თუმცა ჩემი ბავშვობის ფოტოები რომ ნახოთ, მეც მგავს. ხასიათი კი ორივე მშობლისგან აქვს აღებული. ისეთი მხიარულია, საკმარისია, მუსიკის ხმა გაიგონოს და, როგორ ცუდ ხასიათზეც არ უნდა იყოს, მაშინვე ცეკვას იწყებს.

  • მეც ხვეული თმა მაქვს, მაგრამ არა ისეთი, როგორიც სანდროს. ალექსანდრე ამ მხრივ ბაჩოს დედას და დას ჰგავს.

  • სანდროსთან ერთად სასეირნოდ ნებისმიერ ადგილას შემიძლია წავიდე. თოთო რომ იყო, მაშინაც დამყავდა რესტორანში, კაფეში, პრეზენტაციაზე... მაშინ უფრო იოლი იყო ალექსანდრეს გასეირნება. ახლა კი ისე გააქტიურდა, მასთან ერთად მშვიდად ჭამა რთული საქმეა. ამიტომ ფეხზე ვხდით ხოლმე და სიარულს აღარ ითხოვს.

  • სექტემბერში მეორე პატარა გვეყოლება და სქესიც ვიცით, მაგრამ ვცდილობთ, ჯერ არ ვთქვათ, რადგან ჩემს გარშემო 7 თვის განმავლობაში ბევრს ეუბნებოდნენ ბიჭს და შემდეგ გოგო შეეძინათ, ან პირიქითაც მოხდა.

  • მშობიარობის შემდეგ გამხდარი ვიყავი, მაგრამ გამკვრივება მჭირდებოდა. ამიტომ ვარჯიშის დაწყება ვიფიქრე. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ „ჩემი ცოლის დაქალებში“ აღარ ვთამაშობდი. „დღის შოუც“ არაფერში მიშლის ხელს. ყველაფერი იდეალურად აეწყო. ამიტომ ვთქვით, რომ კიდევ ერთი საყვარელი არსება გვჭირდებოდა და ველოდებით კიდეც.

  • ბაჩო ახლაც ძალიან აქტიურადაა ჩართული სანდროს აღზრდაში. საღამოს სახლში რომ ბრუნდება, პატარას ერთად ვაბანავებთ, მით უმეტეს, როცა მარტო ვარ.

  • უცნაურია, თუმცა ალექსანდრემ კარგად აღიქვა, რომ ახალ ბაიას ველოდებით. ხან ქუჩაშიც კი მთხოვს, მუცელი ვაჩვენო და პატარას დაელაპარაკოს. ბევრი დამხმარე მყავს, მაგრამ, ცოტა არ იყოს, ორი შვილის დედობის მეშინია. არ ვიცი, რას უნდა ველოდო. იმედია, ისიც სანდროსავით იოლი აღსაზრდელი იქნება, მაგრამ სირთულეებისთვის მაინც მზად ვარ.