ირაკლი აბუსერიძე: „შვილების დაბადების შემდეგ ხვდები, რისთვის ცხოვრობ...“

ახალი თაობა

22 ივნისი 20:00, 2016 წელი
51

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს ირაკლი აბუსერიძეს 4 შვილი ჰყავს - 16 წლის ილია, 10 წლის სალომე, 6 წლის გიორგი და 10 თვის ეკატერინე. 

გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.

  • ირაკლი: 22 წლის ვიყავი, მამა რომ გავხდი. პირველი ქორწინებიდან 16 წლის ილია მყავს. ოჯახს რომ ქმნი, ყველაფერს ბოლომდე ვერ აცნობიერებ. შვილების დაბადების შემდეგ ხვდები, რისთვის ცხოვრობ.

  • ირაკლი: სალომე ჩემს ხელში გაიზარდა. საფრანგეთში რომ ჩავედით, თეოს ენის კურსების გავლა მოუწია და დილიდან საღამომდე ბავშვი მე მყავდა. პატარასთან პირველად სრულიად მარტო რომ დავრჩი, მივხვდი, რომ ბავშვის მოვლა არცთუ იოლი საქმე ყოფილა. დაბანა, გამოცვლა, ჭამა, დაძინება... თავიდან ცოტა გამიჭირდა.

  • ირაკლი: გიორგი ხასიათით ძალიან მგავს, თუმცა სიჯიუტეში დედამისს ვამსგავსებ (იცინის). ჯერ ფეხბურთითაა დაინტერესებული. თუ არ მომეწონება, მერე გადამიყვანე რაგბიზეო. უფროსი ბიჭი კი მორაგბეა. სალომე ტანვარჯიშით, ხატვითა და ჭადრაკითაა გატაცებული.

  • თეო: 2007 წელს სალი პარიზში მსოფლიო ჩემპიონატზე მყავდა წაყვანილი. გიო კი პატარაც კი საშინლად ცელქი იყო და სტადიონზე წაყვანას ყოველთვის სახლში დატოვებას ვარჩევდი.

  • თეო: დედა 19 წლის ასაკში გავხდი და იმდენად პატარა ვიყავი, ბავშვის ხელში აყვანის მეშინოდა.დედაჩემი, ბებიაჩემი და დედამთილი მეხმარებოდნენ. გიო რომ დაიბადა, უკვე გამოცდილი ვიყავი და ყველაფერი გამიადვილდა. ეკატერინე კი ისეთი კომფორტული აღმოჩნდა, უპრობლემოდ ვზრდი.

  • თეო: სალომე 10 წლის გახლავთ, გიორგი - 6-ის, ეკატერინე კი - 10 თვის. ბიჭი ძალიან ცელქია, სალი კი მშვიდი ბავშვია, თუმცა ჩხუბს მაინც ახერხებენ.

  • თეო: სალომე 1 წლის იყო, საფრანგეთში რომ წავიყვანეთ. დილის 9 საათიდან საღამოს 7-მდე სასწავლებელში ვიყავი. პატარას ირაკლი იტოვებდა. სახლში რომ ვბრუნდებოდი, თვითონ ვარჯიშზე მიდიოდა. სხვათა შორის, ძალიან კარგად უვლიდა. საფენსაც უცვლიდა, აბანავებდა და აჭმევდა კიდეც.

  • თეო: გიორგი საფრანგეთში დაიბადა და ირაკლი მშობიარობას დაესწრო, რადგან მაშინ ფრანგული კარგად არ ვიცოდი და მარტო ყოფნა არ მინდოდა.

  • თეო: თუ ირაკლი სახლშია, კატოს ჩავაბარებ ხოლმე და მე საქმეს ვაკეთებ.

  • თეო: სალომე ძალიან პრანჭია გოგოა. მთხოვს, თმის ბოლოები შევუღებო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ჯერ ადრეა.