კახა ახვლედიანი: „ლუკა დედას, ია სუხიტაშვილს ძალიან ჰგავს!“

ახალი თაობა

20 ივლისი 20:00, 2016 წელი
85

მსახიობ კახა ახვლედიანს ერთი შვილი ჰყავს - 9 წლის ლუკა, რომელიც დედას, მსახიობ ია სუხიტაშვილს საოცრად ჰგავს...

  


გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.


  • 27 წლის ასაკში მამობისთვის მზად არ ვიყავი, რადგან ჯერ კიდევ სხვანაირი ცხოვრებით ვცხოვრობდი და ამ სტატუსის მორგება მიჭირდა.

  • ჩვილთან ცოტა მშიშარა ვარ და დაბადებიდან ერთი კვირა ლუკას ხელში ვერ ვიყვანდი. მახსოვს, ერთხელ მასაჟს უკეთებდნენ და რომ ტიროდა, ძალიან შემეშინდა.

  • ლუკა უკვე 9 წლისაა და მასთან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ყველაზე დიდი მესაიდუმლე ვარ, რაც ძალიან მახარებს. შვილს მამის ხათრიც უნდა ჰქონდეს და რიდიც, მაგრამ მეგობრული დამოკიდებულება უმთავრესია.

  • არის პერიოდი, როცა გადაღებების გამო ლუკას დიდხანს ვერ ვნახულობ, თუმცა როგორც კი შვილთან დროის გატარების საშუალება გამიჩნდება, ამ შანსს ხელიდან არასდროს ვუშვებ.

  • ლუკა რომ დაიბადა, იას რეპეტიციები ჰქონდა ხოლმე და შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი. ერთი წელი მაინც დამჭირდა, მივხვედრილიყავი, რომ მამა ვიყავი.

  • ძალიან მგრძნობიარე ბავშვია. როცა მე და ია დავშორდით, შვილისთვის არასდროს მითხოვია, ჩემთან დარჩენილიყო, რადგან მინდოდა, ამის სურვილი თვითონ გასჩენოდა. ჩემი მშობლებიც დაშორებულები იყვნენ და მეც ლუკასავით გავიზარდე. პირველად მამასთან მარტო რომ დავრჩი, ბევრი ვიტირე და არ მინდოდა, ლუკაც ასეთ ვითარებაში დამენახა. ახლა უკვე დიდი ბიჭია და ჩემთან დარჩენის სურვილიც აქვს.

  • ლუკა ხასიათით ორივე მშობელს გვგავს. ძალიან მხიარული და პოზიტიური ბიჭია. რაც მთავარია, დამჯერია. არ არსებობს, რომ ჩემი რჩევა ან თხოვნა არ გაითვალისწინოს. კომფორტული ბავშვია. სადაც არ უნდა წავიყვანო, არასდროს იწუწუნებს და შემაწუხებს.

  • ერთხელ კლასელი მოსწონდა. სექტემბერში სკოლაში რომ დაბრუნდა, აღარ მომეწონაო, გამომიტყდა. მიზეზი რომ ვკითხე, ასე მითხრა, „გაფუჭდაო“. მეც მისნაირი ვიყავი, გოგონებთან გაპრანჭვა გვიან დავიწყე. ძმაკაცებთან ერთად გართობა და კომპიუტერული თამაშები ყველაფერს მერჩივნა.

  • ლუკა გარეგნულად იას ძალიან ჰგავს, მაგრამ იერით მეც მგავს. უბრალოდ, მისგან განსხვავებით ძალიან შავგვრემანი ბავშვი ვიყავი.

  • მამობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და სტიმულია. შვილი რომ იბადება, შორსმჭვრეტელი ხდები.

  • ლუკა ჩემს საცოლეს, სოფო ბეროძესაც იცნობს და მის შვილსაც, 10 წლის დათისაც. როცა ერთმანეთს ხვდებიან, ვამჩნევ, რომ მეგობრული დამოკიდებულება აქვთ.
    ორივე ჭკვიანია, კარგად ხვდებიან, რა სიტუაციაშიც არიან და ითვალისწინებენ კიდეც. არც ლუკა აპროტესტებს, რომ მისი მამის გვერდით სხვა ქალია და არც დათი გვიბრაზდება ამაზე. პირიქით, დედამისს ხშირად ეუბნება, კახას როდის გაყვები ცოლადო. ერთხელ ლუკამაც მკითხა, სოფო ცოლად ხომ უნდა მოიყვანოო. 

  • ლუკასთან სკოლაში სწავლის დაწყების დღეს, სექტემბერში მივდივარ ხოლმე. მისი წაყვანა-წამოყვანა არ მიწევს, რადგან სახლთან ახლოს აქვს სკოლა და თან ბებიამისიც იქ მუშაობს.

  • 36 წლის ვარ და კომპიუტერული თამაშები დღემდე მიტაცებს, თუმცა ისე აღარ, როგორც წლების წინათ. ამ საკითხში ლუკაც მე მგავს და ხშირად მთხოვს, ვითამაშოთ, ოღონდ ისე კი არ უყვარს, როგორც ყველა ბავშვს, უკვე ჰობის დონეზე აქვს. ფეხბურთზეც დადის. ძალიან დამოუკიდებელი ბიჭია.