X

ჟურნალისტ გოდერძი შარაშიას კეთილშობილი დედისერთა

ახალი თაობა
09.12.2016 20:00
2231

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია და ექიმი ცირა ჩქვანავა ერთი ბიჭის, 13 წლის ანდრიას მშობლები არიან...

  

  • ცირა: დედა 29 წლის ასაკში გავხდი. ანდრია ძალიან პრეტენზიული, მაგრამ, რაც მთავარია, ჯანმრთელი ბავშვი იყო. ამიტომ ვფიქრობ, მის გაზრდას იოლად გავართვი თავი. გოდერძი, ძირითადად, გადაღებებზე იყო ხოლმე და შვილზე პასუხისმგებლობა ბოლომდე მე მქონდა აღებული. ძიძა მხოლოდ 9 თვე მყავდა.

  • გოდერძი: ანდრია დაღვინებული და გაწონაწორებული ბიჭია. ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც მას რაღაც-რაღაცებს ვპატიობთ. დედისერთაა, მაგრამ ეგოისტი არ გახლავთ.

  • ცირა: ანდრია „შვიდკაცაში“ მღერის და ანსამბლთან ერთად პატრიარქის წირვაზე გალობს. ასევე, ძალიან უყვარს ფეხბურთი. 

  • გოდერძი: ანდრია იმდენად კეთილია, ბანალურად რომ გითხრათ, შეუძლია, თავისი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი ვიღაცას აჩუქოს. არ უყვარს, როცა მის სიკეთესთან დაკავშირებულ ისტორიებს ვყვები. მასში ეს უფრო მომწონს, ვიდრე ის, რომ მან კლასელთან ერთად მიწისქვეშა გადასასვლელში იმღერა, რათა სოციალურად დაუცველს „McDonald’s“- ში გამასპინძლებოდა. ანდრია ის კაცი არ იქნება, რომელიც ბავშვთან საახალწლოდ ერთ კანფეტს მიიტანს და თან ცხრა ვიდეო-კამერას გაიყოლებს.

  • ცირა: ჩემს განებივრებას ანდრია უფრო ახერხებს. ერთხელ ძალიან ვიჩხუბეთ. თავის დანაშაულს მალევე მიხვდა და შესარიგებლად ყვავილებით მომადგა! გული ამიჩუყა! ის ყვავილები ჩარჩოში ჩავსვი და დღემდე შენახული მაქვს.

  • გოდერძი: ცირას არ სურს, რომ ანდრია ექიმი გამოვიდეს, მე კი არ მინდა, ჟურნალისტობაზე იფიქროს. ამიტომ გადავწყვიტეთ, საერთაშორისო სამართლის ან ბიზნესის კუთხით წავიდეთ, რადგან ანდრია ტექნიკურ საგნებში ძალიან ძლიერია.

  • ცირა: მე და გოდერძი ერთმანეთს თუ რამეზე გავუნაწყენდებით, იმდენი დრო არასდროს გვაქვს, გავიბუტო და ველოდო, როდის შემირიგდება. იმდენად არ შემიძლია გაბუტვა, რომ შერიგებისკენ პირველ ნაბიჯს, ძირითადად, მე ვდგამ ხოლმე.

  • გოდერძი: ანდრიას ძალიან უნდა, რომ ძმა ჰყავდეს, მაგრამ დოლარი გაძვირდა და მეორე შვილზე ჯერ ვერ ვიფიქრებთ!

  • გოდერძი: მე და ანდრია სწავლასთან დკავშირებით ხშირად ვკამათობთ. მგონია, რომ ნაკლებს კითხულობს და მეცადინეობას იმდენ დროს არ უთმობს, რამდენიც საჭიროა. 

  • გოდერძი: მამა-შვილს არ გვეტყობა, რომ ცირა გემრიელი კერძებით გვანებივრებს?!

  • ცირა: ანდრიას ღომი ძალიან უყვარს. გოდერძი ხაჭოს დესერტის მომზადებას მთხოვს ხოლმე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ პრეტენზიულები არიან. რასაც დავახვედრებ, სიამოვნებით მიირთმევენ.

ავტორი: სოფიო ბოჭორიძე