ხულიგნობიდან - უკანასკნელ სიყვარულამდე

ბავშვობის ფოტოები

10 იანვარი 17:00, 2015 წელი
75

ჩემს კურსზე სწავლობდნენ: თინა ხიდაშელი, ზურა აბაშიძე, ვიქტორ დოლიძე, ირაკლი ალასანია, ირაკლი ოქრუაშვილი, სულხან მოლაშვილი, კოტე კუბლაშვილი, ნიკა გოგიაშვილი... გვეხუმრებიან ხოლმე - თქვენ დაანგრიეთ ეს ქვეყანა და თქვენვე უნდა ააშენოთო.

„ბავშვობის ფოტოების“ დღევანდელი სტუმარია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი.


***


დავიბადე თბილისში, 1969 წლის 7 მარტს - სულ რაღაც ერთი დღით ავცდი ქალთა დღეს. ვიზრდებოდი ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე. ოჯახის წევრებთან ერთად დღემდე იქ ვცხოვრობ. მყავს 6 წლით უფროსი ძმა - პეტრე, რომელსაც ჩემთვის სახელი შეურჩევია.



დიდი ოჯახი და  სუფრასთან ნასწავლი ადამიანობა


ოჯახში ვცხოვრობდით - ბებია, ბაბუა, დედა, მამა, მე და ჩემი ძმა. ერთი პერიოდი, ჩვენთან მამიდაჩემიც ცხოვრობდა, მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ხალხმრავლობაში ვიზრდებოდი და სხვანაირად ვერც წარმომედგინა.


დედა ექიმია, შეროზიას ქუჩაზე, თვალის კლინიკაში მუშაობდა, სადაც გაკვეთილების შემდეგ ხშირად დავდიოდი.


მამა ოთარ ცაგარეიშვილი საკმაოდ ცნობილი ფიზიკოსი იყო - უნივესიტეტში, რადიოფიზიკის კეთედრაზე  45 წელი იმუშავა. მამა კარგად მღეროდა, ბევრ ინსტრუმენტზე  უკრავდა...  იმ დროის თითქმის ყველა ცნობილ ხელოვანთან მეგობრობდა და ჩვენს ოჯახში ხშირად იშლებოდა სუფრა...  დედა ეუბნებოდა ხოლმე მამას: ჩემი დამსახურებაა ეს ბავშვები გზას რომ არ ასცდნენ, თორემ შენ ან მუშაობდი, ან ქეიფობდიო. მამა კი პასუხობდა: ჩვენს სიმღერებსა და სადღეგრძელოებს რომ ისმენდნენ, იმიტომაც დადგნენ კარგი ადამიანებიო...


კომბოსტოს გროვა და დაყვლეფილი მუხლები


ცელქი ბავშვი ვიყავი. ბაღის პერიოდიდან მახსოვს ჩემი დაყვლეფილი მუხლისთავები. ბავშვებს პლასტმასის ხმლით დავერეოდი ხოლმე, თუმცა, რაღა დაგიმალოთ და, მეც კარგად მხვდებოდა. ჭამა არ მიყვარდა, განსაკუთრებით კომბოსტოს და ხახვს „ვემტერებოდი“ - კოვზით ჩუმად ამოვიღებდი კერძიდან და თეფშის ქვეშ ვაგროვებდი.


ბებიები, რუსულ-ქართული და რატომ ატარებს გია ცაგარეიშვილი სათვალეს?!


მამაჩემის დედა - ალექსანდრა, იგივე შურა, ვაკეში ჩვენთან ერთად ცხოვრობდა. ეროვნებით რუსი გახლდათ და ამიტომ რუსულ ენას ბავშვობიდანვე კარგად ვფლობდი.


დედაჩემის დედა - ირა, რომელიც თებერვალში 97 წლის ხდება, ქუთაისთან ახლოს - ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში ცხოვრობს. არდადეგების დროს ერთი სული მქონდა, იმერეთში ირა ბებოსთან ჩავსულიყავი. ქუთაისში პარლამენტის გადატანაც კი გამიხარდა, ბებიაჩემს ხშირად ვნახავ-მეთქი .


12-13 წლის ასაკში ხულიგნობა დავასრულე და წიგნის კითხვა შემიყვარდა... სხვათა შორის, სათვალეს რომ ვატარებ, ნაწილობრივ ბევრი კითხვის ბრალიცაა.


ნული კლასი და პირველი შატალო


6 წლისა 55-ე საშუალო სკოლაში შემიყვანეს. ძალიან მიხაროდა, რადგან ბაღის ჯგუფელების თითქმის მთელი შემადგენლობა ერთ კლასში მოვხვდით. თუმცა, ტყუილად - მე გაძლიერებული ინგლისურის ჯგუფში ჩამრიცხეს. კლასში  მეგობართაგან რომ ვერავინ დავინახე, გამოვაღე პირველი სართულის საკმაოდ დაბალი ფანჯარა და სახლში გამოვიპარე. ატყდა განგაში, გამოიძახეს პოლიცია... მოკლედ, იმ დღეს ოჯახის წევრებმა ძნელად აღსაზრდელი ბავშვის დიაგნოზი დამისვეს და მაგრადაც მიმტყიპეს.


სკოლა  - „ვინ გვარცხვენს“


ცოდვა გამხელილი სჯობს და სკოლა ჩემთვის, ცოდნის ტაძართან ერთად, საუკეთესო გასართობი ადგილი იყო. ამიტომ იქ იმდენად მიმეჩქარებოდა ხოლმე, რომ ბევრჯერ ჩანთა სახლშიც დამრჩენია.


სამასწავლებლოში ორ დაფა გვქონდა - მედალოსანი ბავშვებისთვის და ხულიგნებისთვის. ჩემი ძმა სულ საპატიო დაფაზე იყო გამოკრული, მე კი ხულიგანი ბავშვების დაფაზე ვიყავი გამოჭიმული. გაკვირვებული მასწავლებლები დედაჩემს ეუბნებოდნენ - ასეთი განსხვავებული შვილები როგორ გააჩინეო?! თუმცა, არც ოროსანი ვყოფილვარ და არც სკოლიდან გავურიცხივარ ვინმეს. რაღაც პერიოდი ცელქი და შარიანი ვიყავი - ეს იყო და ეს.


ცეკვა და „რეგბით“


8 წლის განმავლობაში ქართულ ცეკვას თამაზ ჟორჟოლიანიას ქორეოგრაფიულ სტუდიაში ვსწავლოდი. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გასტროლებზეც დავდიოდით... მე-8 კლასში კი ცეკვა მომბეზრდა და რეგბის თამაში გადავწყვიტე. (ვიცი რომ რაგბი ჰქვია, მაგრამ მე ისევ ძველ ყაიდაზე რეგბს ვეძახი. გ.ც.) 1984 წელს ჩემმა ძამამ პროფკავშირებთან არსებულ ბავშვთა გუნდში მიმიყვანა. ინტენსიური ვარჯიში დავიწყე. 1985 წელს ჩვენი გუნდი საქართველოს ჩემპიონი,  1986 წელს კი- საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა.


ორთვიანი მუშტი-კრივი ჯარში


1987 წელს ჯარში გამიწვიეს. ჯერ არსენალის მთაზე არსებულ სამხედრო ნაწილში ვიმსახურე, მოგვიანებით აზერბაიჯანში გადამიყვანეს. ალბათ, მოგეხსენებათ  საბჭოთა ჯარი და იქ დამკვიდრებული წესები - ე.წ. „დედოვშინა“, რომელიც ახალწვეულების ჩაგვრას ითვალისწინებდა. თუმცა, ჯარშიც მეგობარ რაგბისტებთან ერთად მოვხვდი და ჩვენი დაჩაგვრა არ გამოუვიდათ. სამაგიეროდ, ორი თვე მუდმივად მუშტი-კრივი გვქონდა გაჩაღებული... ამას იქაური გაუსაძლისი ჰავაც ემატებოდა და... მოკლედ, ურთულესი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა მუშტი-კრივი შედეგიანი აღმოჩნდა და 200-კაციან ნაწილში 8 ქართველ ჯარისკაცს უბატონოდ ხმას ვერავინ გვცემდა.


უნივერსიტეტი და ცნობილი კურსელები


ჯარიდან დაბრუნების შემდეგ უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავბარე. ჩემს კურსზე სწავლობდნენ: თინა ხიდაშელი, ზურა აბაშიძე, ვიქტორ დოლიძე, ირაკლი ალასანია, ირაკლი ოქრუაშვილი, სულხან მოლაშვილი, კოტე კუბლაშვილი, ნიკა გოგიაშვილი...  გვეხუმრებიან ხოლმე - თქვენ დაანგრიეთ ეს ქვეყანა და თქვენვე უნდა ააშენოთო.


სიყვარული


სტუდენტი რომ გავხდი, მშობლებმა  ბულგარეთში დასასვენებელი საგზური მაჩუქეს, ეკაც იმავე სასტუმროში იყო ჩამოსული. ბულგარეთში გატარებული ის ორი კვირა აღმოჩნდა კიდეც იმ ურთიერთობის ფუნდამენტი, რომელიც ერთი წლის თავზე ქორწინებით დავაგვირგვინეთ. ჩემი მეუღლეა ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული.