საქსოვი ჩხირებიდან „არტ-გენამდე“

ბავშვობის ფოტოები

17 იანვარი 17:00, 2015 წელი
59

ჩემი კლასელები არიან: ნიაზ დიასამიძე, აჩიკო გულედანი, ნინო არაზაშვილი, გოკა გაბაშვილი, გიორგი სულხანიშვილი, გეგა მგალობლიშვილი, გიორგი ხატიაშვილი... მოკლედ, ერთი უსაქმური კლასელი არ მყავს...

„ბავშვობის ფოტოების“ დღევანდელი სტუმარია ცნობილი მუსიკოსი, კომპოზიტორი და მულტი-ინსტრუმენტალისტი ზაზა კორინთელი - ზუმბა.


დავიბადე თბილისში, 1973 წლის 29 დეკემბერს.  


დედაჩემი ნელი ობოლაძე საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. მამა - როლანდ კორინთელი სოფლის მეურნეობის დარგის მეცნიერ-მუშაკი იყო და საკმაოდ კარგად მღეროდა. მუსიკალური ნიჭი ალბათ მისგან გამომყვა. თუმცა, მამა თავის ნიჭს სერიოზულად არ განიხილავდა და, მეგობრებთან ერთად, მხოლოდ ვიწრო წვეულებებზე მღეროდა.


მშობლები ჩემთვის, პირველ რიგში, მეგობრები იყვნენ, არც მე გახლდით რთულად აღსაზრდელი ბავშვი - როცა მამა  მივლინებებში მიდიოდა, დედას ჩემი პატარა დების მოვლაშიც კი ვეხმარებოდი.


ბებია-ბაბუების ფენომენი  და პირველი ხელფასი


ბებია-ბაბუების ფენომენი დღემდე განსაკუთრებულია  ჩემთვის. სამწუხაროდ,  ახლა მხოლოდ ერთი ბებიაღა დამრჩა ცოცხალი. მათ ჩემს აღზრდაში მშობლებზე არანაკლები ამაგი მიუძღვით.  ამ ადამიანებმა უამრავ ცხოვრებისეულ საკითხში გამარკვიეს და შრომისა და სწავლის ფასი მასწავლეს.


დედაჩემის მამა - შოთა ობოლაძე ქვის ოსტატი იყო. პატარობიდან მიყვარდა მასთან ერთად სახელოსნოში ფუსფუსი… როცა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, ბაბუა უკვე დიაბეტით იყო დაავადებული და ქვაზე შრომა აღარ შეეძლო. უსაქმოდ მაინც ვერ ჩერდებოდა და საქსოვი ჩხირების დამზადებას მიჰყო ხელი, რაშიც აქტიურად ვეხმარებოდი. ჩვენი ნამუშევრები ქუთაისში მიგვქონდა და მაღაზიებს ვაბარებდით. ბაბუა  აღებული თანხის გარკვეულ ნაწილს მეც მინაწილებდა და სოფლიდან თბილისში საკუთარი „ხელფასით“ ვბრუნდებოდი.


პირველი სიყვარული


პირველი სიყვარული ბაღის ასაკში მეწვია. მახსოვს, ყურებამდე შეყვარებული ვიყავი... იმ გოგოს განსაკუთრებულად ვუფრთხილდებოდი, ვანებივრებდი... ბაღის წლების დასრულების შემდეგ კი მე და ის  სხვადასხვა სკოლებში შევედით და ჩვენი სიყვარულიც იქ დასრულდა.


ნაჩუქარი გიტარა და პირველი მუსიკალური  ჯგუფი


პირველი ინსტრუმენტალური შეხება მუსიკასთან 13 წლის ასაკში მქონდა, როცა პაპაჩემმა გიტარა მაჩუქა. ამან გადამაწყვეტინა, მევლო მუსიკალურ კურსებზე, კლასიკური გიტარის განხრით.


სკოლაში მეგობრებმა თანამედროვე მუსიკალური ჯგუფის ჩამოყალიბება გადავწყვიტეთ.  მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ტექნიკური საშუალება არ გვქონდა, ინსტრუმენტებსაც და სხვა საჭირო ტექნიკასაც საკუთარი ხელით ვაკეთებდით...  მოკლედ, ძალიან რთული იყო, მაგრამ მუსიკის სიყვარულით ვერც სიძნელეებს, ვერც სირთულეს ვერ ვგრძნობდით... ის ემოცია მხოლოდ პირველ სიყვარულს თუ შეედრება.


წარმატებული კლასი


ბოლო სამი წელი ვერაზე მე-6 გერმანულ სკოლაში ვსწავლობდი და თუ რამეს მივაღწიე ცხოვრებაში, სწორედ ამ სკოლის დამსახურებით. ჩემი კლასელები არიან: ნიაზ დიასამიძე, აჩიკო გულედანი, ნინო არაზაშვილი, გოკა გაბაშვილი, გიორგი სულხანიშვილი, გეგა მგალობლიშვილი, გიორგი ხატიაშვილი... მოკლედ, ერთი უსაქმური კლასელი არ მყავს - ყველა რაღაცას აკეთებს და ყველა რეალიზებულია თავის საქმიანობაში. ეს კი, პირველ რიგში, ჩვენი პედაგოგების დამსახურებად მიმაჩნია.


გერმანულმა სკოლამ საშუალება მომცა,  სხვა საბჭოთა ბავშვებისგან უფრო განსხვავებული და თავისუფალი ვყოფილიყავი. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ხშირად გვიშვებდნენ  გერმანიაში, საქართველოშიც ჩამოჰყავდათ გერმანელი ბავშვები, ერთმანეთთან ოჯახებში ვცხოვრობდით და ა.შ. ალბათ, ამანაც განაპირობა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ სამოგზაუროდ ევროპაში წავედი.


პროფესიული არჩევანი


როცა საქმე პროფესიის არჩევაზე მიდგა და დავფიქრდი -  ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ორი ადამიანი აღმოვაჩინე ჩემში. ერთი - ხელოვანი, მეორე კი -  კონსერვატიული, მკაცრი მეცნიერული ხედვებით... მივხვდი, რომ არც ერთის გარეშე არ შემეძლო ცხოვრების გაგრძელება, ამიტომ პროფესიად ფსიქოლოგია ავირჩიე, პარალელურად კი მოვახერხე და მუსიკაშიც ვიპოვე ჩემი თავი. მოკლედ, უნივერსიტეტში ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზეც ვსწავლობდი, თან უნივერსიტეტის ხალხურ ჯგუფში ვმღეროდი, რომელსაც შესანიშნავი ლოტბარი გივი ცომაია ხელმძღვანელობდა.


1993 წელს ჯგუფი „ზუმბალენდი“ და ზუმბა-მოძრაობა ჩამოვაყალიბე, სხვადასხვა ადგილებში  აქცია-კონცერტებს და ქუჩის ფესტივალებს ვმართავდით.


ემიგრაციის წლები 


1995 წელს უცხოეთში ვიმოგზაურე. მიუხედავად იმისა, რომ იმ წლებში ჩემს ოჯახს ფინანსურად უჭირდა, მამამ  თავისი ავტომობილი გაყიდა და მთელი თანხა გადმომცა. ასე წავედი სამოგზაუროდ სხვადასხვა ქვეყნებში... ძირითადად,  ხმელთაშუა ზღვის  კურორტებზე ვმოგზაურობდი, სადაც  უამრავი ცნობილი ხელოვანი გავიცანი.


შემდეგ მე და ჩემი მამიდაშვილი პოლონეთში  ჩავედით. ვუკრავდით კლუბებში, ფესტივალებზე, ქუჩაში და ამით სწავლის და ბინის საფასურს ვიხდიდით...  პოლონეთში ემიგრანტად არასოდეს მიგრძვნია თავი - საზოგადოებასთან ინტეგრაციაც შესანიშნავად გავიარე, პროფესიონალადაც ჩამოვყალიბდი და უამრავი საინტერესო შემოთავაზებაც მქონდა. თუმცა, როცა დადგა არჩევანის მომენტი - დავრჩენილიყავი თუ საქართველოში წამოვსულიყავი, ზუსტად ხუთ წუთში ჩავალაგე ბარგი, ვიყიდე ბილეთი და სამშობლოში დავბრუნდი. ამ გადაწყვეტილებას წუთითაც არ ვნანობ, რადგან სწორედ სამშობლოში ავისრულე მუსიკალური ოცნება - ჩამოვაყალიბე ფესტივალი  „არტ-გენი“, რომელმაც ახალ თაობას ქართული ფოლკლორი სულ სხვა კუთხით დაანახა და შეაყვარა.