ვაკელი ხულიგანი „მაესტრო“

ბავშვობის ფოტოები

21 იანვარი 17:00, 2015 წელი
62

დღეს „ბავშვობის ფოტოების“ სტუმარია „ნიკოლშოუს“ სოლისტი, მუსიკოსი და მომღერალი გია ნიკოლაძე.

დავიბადე 1964 წლის 21 მარტს, თბილისში.


მამა ვარლამ ნიკოლაძე თეატრის რეჟისორი გახლავთ. დედა თინათინ მარგველაშვილი კი – ფილოლოგი. ბავშვობა ძალიან პატარა ასაკიდან მახსოვს. თვეების ვიყავი, როცა ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მათი თანაცხოვრების პერიოდიდან ერთი კადრი თვალნათლივ მახსოვს – მამა დგას სარკის წინ, დედა კი მას ჰალსტუხს უსწორებს. არადა, მაშინ ერთი წლისაც არ უნდა ვყოფილიყავი.


მშობლების ნებიერა


მშობლების განქორწინების შემდეგ, დედასთან ერთად, ვაკეში, ტიციან ტაბიძის ქუჩაზე ვცხოვრობდი, მამასაც ხშირად მივყავდი თავისთან. პატარაობიდანვე განებივრებული ბავშვი ვიყავი – მშობლები ყველა სურვილს მისრულებდნენ, სათამაშო არ არსებობდა, მე რომ არ მქონოდა... ვაკეში საკუთარი სახლი გვქონდა. ეზოში, ანანასისა და ბანანის გარდა, ლამის ყველანაირი ხეხილი გვედგა. მეც სხვა რა მინდოდა – დილიდან საღამომდე ხიდან ხეზე დავძვრებოდი. ფაქტობრივად, ხილზე ვარ გაზრდილი.



პირველი სიყვარული


საბავშვო ბაღში ვერაზე, კალანდაძის ქუჩის კუთხეში დავდიოდი. პირველი სიყვარულიც იქ მეწვია – ჩემი ჯგუფელი მზია მიყვარდა. პირველ სიყვარულზე რომ მეკითხებიან, სულ ეგ გოგო მახსენდება. თუმცა, ბაღის დამთავრების შემდეგ ჩვენი გზები გაიყარა და ახლა სადმე რომ შემხვდეს, ვერც კი ვიცნობ.


„სულიკოთი“ დაწყებული მუსიკის სიყვარული


მუსიკალური ნიჭი მშობლებისგან გამომყვა – მამა სხვადასხვა ინსტრუმენტებზე უკრავს, დედაჩემს არაჩვეულებრივი მუსიკალური სმენა აქვს... ძალიან პატარა ვიყავი, მამამ შვიდსიმიან გიტარაზე „სულიკოს“ დაკვრა რომ მასწავლა, თან მამღერებდა... ის კადრები ახლაც  „ბაბინებზე“ აქვს შენახული... ცოტა რომ წამოვიზარდე, სხვა ინსტრუმენტებითაც დავინტერესდი და თავად ვისწავლე დაკვრა აკორდეონზე, დოლზე, ფორტეპიანოზე... მშობლებმა ჯერ პიონერთა სასახლეში არსებულ სიმღერის გუნდში შემიყვანეს, შემდეგ 55-ე სკოლაში, შოთა ქათამაძის მუსიკალურ გუნდში ვმღეროდი. მოგვიანებით სკოლაში მუსიკალური ანსამბლი „ალიონი“ ჩამოყალიბდა, სადაც დასარტყამ ინსტრუმენტებზე ვუკრავდი. ყველა ინსტრუმენტზე დაკვრა თვითონ ვისწავლე. ფორტეპიანოზე მხოლოდ ერთი წელი ვიარე და იმდენად ვიტანჯებოდი, რომ დედაჩემს ხელწერილიც კი დავუწერე, – ოღონდ მუსიკაზე არ მატარო და საჭმელს კარგად შევჭამ-მეთქი.


არაღიარებული მარცხი


ძალიან ჯიუტი ბავშვი ვიყავი – იმდენად ჯიუტი, რომ უკან არაფერზე ვიხევდი. მე-5 კლასში ვიყავი, სკოლაში ცურვის შეჯიბრისთვის ბავშვებს არჩევდნენ. როგორ ვაღიარებდი, ცურვა რომ არ ვიცოდი და სხვა ბავშვებთან ერთად მეც ამოვყავი შეჯიბრზე თავი. წყალში ჩახტომის დრო რომ მოვიდა, ცოტა კი შევყოყმანდი, მაგრამ შიში არ შევიმჩნიე და აუზში გადავეშვი. გონს რომ მოვედი, მეგობრები და მასწავლებლები მასულიერებდნენ... მე კი იმის ნაცვლად, რომ მარცხი მეღიარებინა, ავწუწუნდი, – რას ამომათრიეთ წყლიდან, ყვინთვით უნდა გამეცურა-მეთქი.


ოცნებად დარჩენილი „დელტოპლანი“


 „ხულიგანი“ ბავშვი ვიყავი – სულ ქუჩაში ვიდექი, ძმაკაცებთან ერთად ვაკეთებდი შტაბებს, ვამზადებდი მშვილდ-ისრებს, მიყვარდა ხეზე ძრომიალი, „როლიკებით“ სრიალი, ჰოკეი, კალათბურთი... მთელი ბავშვობა „დელტოპლანის“ გაკეთებას ვცდილობდი. ჩემი საყვარელი მაღაზია „Юный техник“ იყო... იქ ვყიდულობდი სხვადასხვა დეტალებს, თუმცა ვერასოდეს ვერაფერს ვაწყობდი. უბანში „გამრთობიც“ მე ვიყავი – ვიგონებდი თამაშებს,  ვდგამდი სპექტაკლებს...


მოხარშული კუ და იმედგაცრუებული მასწავლებელი


ერთ მშვენიერ დღეს, მე და ჩემმა მეგობრებმა – ლევან ბუხრაშვილმა და დათო ჯოხაძემ, პატარა კუ ვიპოვეთ. გვასწავლეს – თუ კუს ცხელ წყალში ჩააგდებთ, თავისი ბაკნიდან გამოვაო. ჰოდა, ჩავაგდეთ ეს კუ ქვაბში და შევუნთეთ ცეცხლი. უნდა გენახათ, საწყალი კუ სიმწრისგან როგორ იკლაკნებოდა და ტრიალებდა... დღესაც სინდისი მქენჯნის ამის გამო. მართლა იმდენად განვიცადე, რომ მაშინ იმ კუს ლექსიც კი დავუწერე, რომელზეც მოგვიანებით „გრეჩიხამ“ კლიპი – „მელოტი კუ“ გააკეთა. ამ ლექსთან დაკავშირებით ერთი ისტორიაც მახსენდება: სკოლაში რუსულს არაჩვეულებრივი პედაგოგი ლეილა კაჭარავა გვასწავლიდა. ერთ დღეს ჩემმა კლასელებმა ამბავი მიუტანეს, – ნიკოლაძე ლექსებს წერსო. აღფრთოვანდა ქალბატონი ლეილა – დამიძახა, შემაქო, მთხოვა, წამაკითხეო... ჰოდა, მეც მელოტ კუზე დაწერილი ჩემი „შედევრი“ მივუტანე. მართალია, საყვედური არ უთქვამს, მაგრამ სახეზე დაეტყო, რომ იმედი გაუცრუვდა.


ქუჩიდან კინოში და...


ლამაზი ბავშვი ვიყავი, ჟღალი თმა მქონდა... ერთხელ დედაჩემი ქუჩაში გაუჩერებიათ, – არ გრცხვენიათ, ბავშვს თმას რომ უღებავთო!? ჩემი გარეგნობის გამო, რეჟისორების ყურადღებასაც ვიქცევდი და ორჯერ პირდაპირ ქუჩიდან მოვხვდი გადასაღებ მოედანზე. ერთხელ მერაბ კოკოჩაშვილმა გადამიღო  ერთ-ერთ ეპიზოდურ როლში („გზა მშვიდობისა ჯაყო“), მეორედ კი – შერილ შონიას მოკლემეტრაჟიან ფილმში („პირველი კონცერტი“) შევასრულე მთავარი როლი. ფილმში ჩემი გმირი ვიოლინოზე უკრავდა და „მაესტროს“ ეძახდნენ. მეც კარგა ხანს შემრჩა სკოლაში ეს მეტსახელი.


პროფესიული არჩევანი


ყოველთვის რეჟისორობაზე ვოცნებობდი, მაგრამ სკოლა რომ დავამთავრე იმ წელს თეატრალურ ინსტიტუტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე  მიღება არ იყო. მე კი, თუ სასწრაფოდ უმაღლესში არ ჩავაბარებდი, ჯარში წამიყვანდნენ. ამიტომ, ბევრი აღარ მიფიქრია და უნივერსიტეტში ფილოლოგიურზე შევიტანე საბუთები. დღეს ამ არჩევანის გამო გული აღარ მწყდება, რადგან ჩემი ცხოვრება მაინც ისე წარიმართა, როგორც ვოცნებობდი.