ნოდარ დუმბაძის ნათლულის პირველი სიმღერა

ბავშვობის ფოტოები

28 იანვარი 17:00, 2015 წელი
57

რუბრიკის დღევანდელი სტუმარია ყველაზე ენერგიული, კოლორიტული და პოპულარული ქართველი მომღერალი დათო გომართელი


დავიბადე თბილისში, 1961 წლის 13 თებერვალს, ორშაბათს, დილის 9 საათზე.


მამაჩემი - გურამ გომართელი, პროფესიით ჟურნალისტი, პუბლიცისტია. დედა - დოდო როინიშვილი კი ფილოლოგი.


მყავს უფროსი ძმა - ზაზა გომართელი, რომელიც პროფესიით სპორტული ჟურნალისტია და თავის დროზე საკმაოდ წარმატებული ფეხბურთელიც იყო თბილისის “დინამოში“.


პირველი და უკანასკნელი დღე საბავშვო ბაღში


საბავშვო ბაღში მხოლოდ ერთი დღე ვიარე. პირველივე დღეს ბაღის აღმზრდელებს ეზოში დავავიწყდი, მე კი  ჩამეძინა და გავცივდი. არავის გავხსენებივარ, სანამ საღამოს ბაბუამ არ მომაკითხა სახლში წასაყვანად. ამის შემდეგ მშობლებმად გადაწყვიტეს, ბაღში არ მევლო და სახლში აღვზრდილიყავი.



საამაყო ნათლია


მამას მეგობარს და ჩემს ნათლიას - ნოდარ დუმბაძეს გულრიფშიში აგარაკი ჰქონდა და მასთან ხშირად  ჩავდიოდით. საოცრად თბილი ადამიანი იყო ბატონი ნოდარი, ძალიან მიყვარდა და ახლაც სასიამოვნოდ მახსენდება ის პერიოდი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ბუმბერაზ ადამიანს ვყავარ მონათლული.


სკოლა და პირველი პაემანი


ჩემი სასწავლო კარიერა 55-ე სკოლიდან დაიწყო. ამ სკოლაში მე-3 კლასამდე ვსწავლობდი და პირველი სიყვარულიც სწორედ აქ მეწვია. იმ გოგოს არც სახელი მახსოვს და არც გვარი, სამაგიეროდ კარგად მახსოვს ის, რომ სკოლის პირველი სართულის ფანჯრებიდან პაემანზე ერთად ვიპარებოდით.


„ნამდვილი სასკოლო ცხოვრება“


მე-3 კლასიდან  საცხოვრებალად ვერაზე გადავედით, სკოლაც შევიცვალე და ღამბაშიძის ქუჩაზე, 58-ე სკოლაში გადავედი სასწავლებლად. აი, აქ დაიწყო ჩემი ნამდვილი სასკოლო ცხოვრება - სწავლით, შატალოებით, ქუჩური ჩხუბებითა და გარჩევებით, მშობლების სკოლაში გამოძახებით, მანქანის მოპარვებითა და, რა თქმა უნდა, სასიყვარულო თავგადასავლებით.


პირველი სიმღერა გოგი ცაბაძის რეპერტუარიდან


სკოლაში სიმღერის გაკვეთილში ყოველთვის მაღალი შაფასება მქონდა და მასწავლებელს ხშირად გამოვყავდი საზეიმო საღამოებზე.  ჩემი პირველი სიმღერა, რომელიც ერთ-ერთ ასეთ საღამოზე შევასრულე, გოგი ცაბაძის „უკანასკნელი მეფაიტონე“ იყო. რაც შეეხება მუსიკალური განათლებას, მხოლოდ მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე და ამ კუთხით სწავლა აღარ გამიგრძელებია.


შესანიშნავი ოთხეული


მე-8 კლასიდან ჩემს კლასში გადმოვიდა ირაკლი ჩარკვიანი.  მასთან მანამდეც ვმეგობრობდი, მაგრამ ერთ კლასში სწავლამ ჩვენი მეგობრობა კიდევ უფრო გააღრმავა. გარდა ამისა, ჩემი უახლოესი მეგობრები იყვნენ - გეგა კობახიძე და დათო ევგენიძე. მოკლედ, საინტერესო შემადგენლობა ვიყავით - შესანიშნავი ოთხეული. სამწუხაროდ, ორი მათგანი ცოცხალი აღარ არის, მე და დათო კი ისე ხშირად ვეღარ ვახერხებთ შეხვედრას.

  • თვეების დათო
  • დათო მამასთან ერთად
  • დათო დედასთან და ბიძასთან - გია გომართელთან, აფხაზეთი, რიწის ტბა
  • დედა,მამა და ძმასთან ერთად
  • პატარა დათო დედასთან და ძმასთან ერთად
  • მამასთან
  • ძმები გომართელები
  • ნათლია ნოდარ დუმბაძესთან ერთად, აფხაზეთი, გულირიფში
  • მამასთან და ნათლია - ნოდარ დუმბაძესთან ერთად