ანი მიროტაძის არჩევანის თავისუფლება

ბავშვობის ფოტოები

4 თებერვალი 17:00, 2015 წელი

დღევანდელი სტუმარი პარლამენტარი ანი მიროტაძეა. ცოტა ხნით მის ბავშვობაში ვიმოგზაურეთ და ვნახეთ: ბავშვობიდან დეპუტატობამდე იყო ძიება საკუთარი თავის, სიახლეების, ადამიანების აღმოჩენის, სირთულეების დაძლევის, ემოციების, თავისუფლების… და პოვნა ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანის - სიყვარულის ნიჭის!

დავიბადე 1975 წლის 22 ივნისს. ოჯახში პირველი შვილი და პირველი შვილიშვილი ვარ. ჩემ მიმართ ოჯახის წევრების დამოკიდებულებაც შესაბამისი იყო. ბაბუასთვის ჩემზე უკეთესი ბავშვი დედამიწის ზურგზე არ არსებობდა (იცინის). სკოლას რომ ვამთავრებდი, სულ იმაზე იყო საუბარი, სწავლა სად უნდა გამეგრძელებინა. ოჯახი სრული სერიოზულობით თათბირობდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის შესახებ. ბაბუა და დედაჩემი ჩემს თეთრ ხალათზე ოცნებობდნენ, მამაჩემისთვის ჩემი ექიმობა ასეთი მნიშვნელოვანი არ იყო, მაგრამ ჩემს არჩევანს აღფრთოვანებით არ შეხვედრია, თუმცა ჩემი არჩევანის რევიზია აზრადაც არ მოსვლია. ჟურნალისტობა ძალიან პატარა ასაკში გადავწყვიტე. მხოლოდ ცოტა ხნით განვიხილავდი ალტერნატივად იურიდიულზე ჩაბარებას, მაგრამ მალევე გადავიფიქრე ეს ალტერნატივა და გავხდი ჟურნალისტი და ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გამიმართლა ამ არჩევანში; როგორ მიყვარს ეს პროფესია, როგორი ჩემია;  როგორ კარგად ვგრძნობდი თავს ამ პროფესიაში.  ხშირად ვიჭერ ხოლმე საკუთარ თავს იმაში, რომ როგორც კი ჟურნალისტებს ოდნავ არასასიამოვნო კონტექსტში ახსენებენ, ავტომატურად მერთვება მათი დაცვის სურვილი. როცა ისეთ რამეს წერენ ჩემზე, რომელიც სიმართლისგანაც შორს არის და არც სასიამოვნოა, ვგრძნობ, რომ პატიების მუხტი უფრო მეტია ჩემში, ვიდრე გაბრაზების. მერე მეცინება და ვამბობ ხოლმე -  რა ვქნა, ასეთები არიან ჩემი კოლეგები!



ისე, კიდევ კარგი, დედაჩემის და ბაბუაჩემის არჩევანს რომ არ დავთანხმდი, თორემ მე ვიქნებოდი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ექიმი. დღემდე მეშინია საავადმყოფოში შესვლის და როცა კლინიკაში ვიზიტი მჭირდება, არ იცით, რამდენი დღის ადრე ვემზადები. სხვათაშორის, ჩემი ბაბუა ძალიან ნაწყენი იყო,ექიმი რომ არ გავხდი. როდესაც მძიმე ავადმყოფი იყო, ისე სერიოზულად მსაყვედურობდა, ექიმის პროფესია რომ აგერჩია, მიშველიდიო, რომ მე მგონი, მართლა ეგონა, რომ მისი ჯანმრთელობა ჩემს არჩევანზე იყო დამოკიდებული.


საბავშვო ბაღი,  სკოლა და დაჭრილი წითელი ყელსახვევები
ბაღის პერიოდი კარგად მახსოვს. ცოტა მორიდებული ბავშვიც ვიყავი. მახსოვს ერთ-ერთ ზეიმზე გოგონებს ყვავილების როლები გვქონდა, მე გვირილას როლი შემხვდა და ისე ძალიან მეწყინა, რომ მოტივაცია დავკარგე. იის როლი მინდოდა და მასწავლებელს ვერ ვთხოვე. ბაღის შეყვარებული არ მყოლია, ასეთი ამბავი არ მახსენდება (იღიმის). რაც შეეხება სკოლის პერიოდს, იქ უკვე ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი, კლასის ორგანიზატორიც ვიყავი და ძალიან შეყვარებულიც. ჩემი პირველი შეყვარებული დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობარი და გულშემატკივარია. „კომკავშირს“ ვერ მოვესწარი, მაგრამ „მხვდა პატივი“, „ოქტომბრელი“ და პიონერი ვყოფილიყავი. ძალიან კარგად ვსწავლობდი, თუმცა მუდმივად ვუქმნიდი პრობლემებს სკოლის ხელმძღვანელობას: ერთხელ, ჩემი ინიციატივით, მე და ჩემმა კლასელებმა წითელი ყელსახვევები დავჭერით და სკოლის ახლოს, ხეზე ჩამოვკიდეთ, ხე მოვრთეთ (იცინის). მეორედ კი ყელსახვევები ერთმანეთს გადავაბით და გზაზე გავფინეთ, თან ჩვენი სახელები წავაწერეთ. კარგად დაგვსაჯეს მაშინ, მაგრამ დასჯის ფორმა რა იყო, აღარ მახსოვს.


 


„შატალოები“ და წიგნის სიყვარული
მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვსწავლობდი, შატალოზე წამსვლელთა პირველ რიგებში ვიყავი ხოლმე (იღიმის). ძალიან მიყვარდა ჰუმანიტარული საგნები. ბევრს ვკითხულობდი.  ღამე დედა ჩემს ოთახში რომ შემოდიოდა და ხედავდა, ისევ წიგნს ვკითხულობდი, შუქს აქრობდა, რათა დამეძინა და დილით ადგომა არ გამჭირვებოდა. ჩუმად მაინც ვკითხულობდი - საბნის ქვეშ მაგიდის პატარა სანათით ვინათებდი. ანა ფრანკის დღიური 2 ღამეში წავიკითხე და ლამის ტირილით მოვკვდი. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს ხშირად  ვეღარ ვკითხულობ და ვამბობ ხოლმე - ეტყობა, რაღაცის გამო დავისაჯე და კითხვის მუზამ მიმატოვა-მეთქი (იღიმის). ისე, დროც  აღარ მრჩება, სამწუხაროდ.


 


არჩევანის თავისუფლება და „იდიოტი“
თითქმის ყველა წიგნი, რომელიც შედევრად და კლასიკად მიიჩნევა, ბავშვობაში მაქვს წაკითხული, თუმცა რამდენიმე ნაწარმოების თავიდან გადაკითხვა მომიხდა, რადგან პატარა ასაკში ნაწარმოების შინაარსს სათანადოდ ვერ აფასებ და ხშირად სულისკვეთება საერთოდ არ გესმის. ისე, ძალიან მადლობელი ვარ დედაჩემის, რომელიც წიგნების არჩევანში არასოდეს მზღუდავდა და ამბობდა - რაც უნდა, ის წაიკითხოსო. მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც დოსტოევსკის „იდიოტის“ კითხვა დავიწყე და ოთხჯერ მივატოვე. ბოლოს და ბოლოს, დავამთავრე, მაგრამ  ვერაფერი გავიგე. ძალიან დიდი ვიყავი, როდესაც ამ ნაწარმოებს  მივუბრუნდი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მთავარია, ის წაიკითხო, რაც გინდა და თუ ვერ გაიგებ, არა უშავს - შემდეგში გადაიკითხავ. იმ წლებში დავიწყე იმაზე ფიქრი, რა არის თავისუფლება.


 


გამორჩეული ვაჟა-ფშაველა
მერვე კლასში გამიჩნდა განსაკუთრებული დამოკიდებულება ვაჟა-ფშაველას მიმართ.  ვკითხულობდი მის ყველა ნაწარმოებს და ზოგადად, ყველაფერს, რაც თავად ვაჟა-ფშაველას ეხებოდა. ახლაც, როდესაც კონკრეტულ ემოციურ მდგომარეობაში ვარ, ზუსტად ვიცი ამ გენიოსი მწერლის რომელი ნაწარმოები უნდა წავიკითხო. უფრო მეტიც - როდესაც ყოველდღიურობით ვიღლები და განტვირთვა მჭირდება, ჩარგალში მივდივარ და ვაჟას ველაპარაკები ხოლმე. იმდენად ბევრი ემოციით ვბრუნდები უკან, რომ მავიწყდება, იქ ასვლამდე რომ ცუდად ვიყავი (იღიმის).  საერთოდ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ჯერ ვაჟას ფენომენის ბოლომდე ამოხსნა ვერ შევძელით. ვაჟა ჯერ კიდევ გველოდება.


 


9 აპრილი და ბავშვური პროტესტი რუსულ იმპერიალიზმს
1989 წელს, როდესაც „9 აპრილი“ მოხდა, 14 წლის  ვიყავი და ჩემი პროტესტი იმით გამოვხატე, რომ რუსულ ლიტერატურას აღარ ვკითხულობდი და რუსულის გაკვეთილებს ვაცდენდი. ბოლოს, როდესაც ნიშანზე სერიოზული პრობლემა შემექმნა, იძულებული გავხდი, ამ საგანს მივბრუნებოდი. საკმაოდ გვიან მივხვდი, რომ პროტესტის ეს ფორმა მაინც და მაინც ეფექტური არ იყო, მაგრამ მაშინ, როგორც ჩანს, პროტესტის სხვა ფორმა ვერ მოვძებნე. 


 


ბავშვობის წამება და დაკარგული დიპლომი
ჩემი ცხოვრების ტანჯვა-წამება ფორტეპიანოზე სიარულს უკავშირდება: მუსიკის გაკვეთილებს, რა თქმა უნდა, ხშირად ვაცდენდი და დღიურში ჩემი მეგობარი მიწერდა ხოლმე ნიშნებს. მერე ამას ოჯახში იგებდნენ და დედაჩემი მეჩხუბებოდა. მამაჩემი ყოველთვის ჩემს მხარეზე იყო, მაგრამ ეს ჯოჯოხეთი მაინც გაგრძელდა 7 წელი. შემიძლია ვთქვა, რომ მუსიკალური შვიდწლედი დაამთავრეს დედაჩემმა და ჩემმა მასწავლებლებმა (იღიმის). დღემდე არ ვიცი, ის დიპლომი სად არის და არც არასოდეს გამჩენია მისი მოძიების სურვილი. მე მუსიკალურ შვიდწლედში ვსწავლობდი და არც ერთი სიმღერა არ დამიკრავს, ზოგი ჩემი მეგობარი ისე მღეროდა, სპეციალური სწავლა არც დასჭირვებია. როგორც ჩანს, დედაჩემს ძალიან უჭირდა იმასთან შეგუება, რომ მის  შვილს მუსიკალური განათლების მიღება არ გამოუვიდა (იცინის).


 


უარყოფილი თოჯინები
თოჯინებით არასდროს მითამაშია. ბაღშიც კი ყოველთვის ბიჭებთან კუბიკებით თამაში მერჩივნა, ვიდრე გოგოებთან - „ოჯახობანა“. თუმცა, ძალიან ცელქი და სპორტული ვიყავი მეთქი, ვერ ვიტყვი. უფრო კითხვა მიტაცებდა. კლასობანა არ მიყვარდა საშინლად, სულ ვმარცხდებოდი და ამის გამო ჩემთან წყვილში თამაში არავის უნდოდა (იცინის).


 


პროტესტი უსამართლობას
ვიყავი გამოუსწორებელი ჯიუტი. მეგობრები მეუბნებიან, ეს თვისება ახლაც გამოგყვაო. ვცდილობ, გავაკონტროლო, მაგრამ რამდენად გამომდის, არ ვიცი. ერთხელ, მგონი მე-5 კლასში ვიყავი, მე და ჩემმა დამ ვიჩხუბეთ და რადგან უფროსი ვიყავი, დედაჩემმა უსამართლოდ დამსაჯა. ძალიან განვიცადე და მეორე დღეს პროტესტი ასე გამოვხატე: დიდი თმა  მქონდა და ეს თმა საკუთარი ხელით შევიკრიჭე. მერე თეთრი ზეწარი შუაში ამოვჭერი, გადავიცვი და ასე დავჯექი (იცინის), მთელი დღე ასე ვიარე. მერე წამოვიდა ბოდიშები და ძლივს  შემირიგეს.


 


„ხერხი სჯობია ღონესო“
ჭამა არ მიყვარდა, სულ დაძალებით მაჭმევდნენ. ერთხელაც ვთქვი - დილაობით ჩაი და თაფლიან-კარაქიანი პური მინდა მეთქი. ეს იმიტომ ავიჩემე, რომ კარაქიანი და თაფლიანი პური კარგად ეკრობოდა მაგიდის ქვედა ნაწილს. ყოველ დილით სამ ნაჭერს მიმზადებდნენ. ერთ ნაჭერს, ჩუმად, მაგიდის ქვეშ ვაკრავდი (იცინის), მეორეს ვკბეჩდი და მესამეს ვტოვებდი. მშობლებს ვეუბნებოდი - ერთი შევჭამე-თქო და აღარ მაძალებდნენ. ერთხელაც, როცა მაგიდა თაფლიან-კარაქიანი პურებით გაივსო და ჩემი ეშმაკობა გამჟღავნდა, ჩემ მიმართ ოჯახმა „სადამსჯელო ოპერაციები“ განახორციელა (იცინის).


 


ბავშვობაში ნასწავლი თავისუფლება
მართლა ძალიან მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, რადგან თუ მე თავისუფალ ადამიანად გავიზარდე და დოგმებით არ ვცხოვრობ, ეს მათი დამსახურებაა. მათი მხრიდან ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ისე მექცეოდნენ, როგორც დიდ ადამიანს. ოჯახის წევრები ყოველთვის მესაუბრებოდნენ, როგორც დიდს, აზრს მეკითხებოდნენ, ჩემს რჩევებს ითვალისწინებდნენ.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის და, ვფიქრობ, სწორი მიდგომაა. მთელი ბავშვობა ხომ, გაცნობიერებულად თუ უნებლიეთ, საკუთარი თავის და თავისუფლების ძიებაა. ძალიან მიხარია, რომ თავისუფლება ბავშვობაში ვისწავლე  და დღემდე ასე მოვდივარ. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?