„ჩემი ცოლის დაქალების“ ნათია - ნიჭიერი მსახიობი ქსოვრელების ოჯახიდან

ბავშვობის ფოტოები

11 თებერვალი 17:00, 2015 წელი
95

ბალეტზე სიარული ჩემი ბავშვობის საუკეთესო პერიოდი იყო...

„ბავშვობის ფოტოების“ დღევანდელი სტუმარია მსახიობი და ტელე-რადიოწამყვანი, მხიარული და ნიჭიერი ნინა მუმლაძე  გრიშა ქსოვრელის მუსიკალური ოჯახიდან:



მუსიკალური გენეტიკა და ოჯახის მთავარი მუსიკოსი


დავიბადე 1984 წელს, თბილისში, მუსიკოსების ოჯახში.


დედა პიანისტია, თუმცა წლებთან ერთად, ვოკალის პედაგოგიც გახდა და ერთ-ერთ საბავშვო სტუდიაში ვოკალს ასწავლის.


მამა  პროფესიით ფოტოგრაფი იყო - დიზაინის ინსტიტუტში ლექციებს კითხულობდა, ფოტო აპარატურის  თავისი ხელით აწყობა ეხერხებოდა და სახლში სერიოზული, პროფესიონალური ფოტო სტუდია გვქონდა. სერიოზულად იყო გატაცებული მუსიკითაც - საკმაოდ კარგად უკრავდა ბასგიტარაზე...


ჩვენი ოჯახის მთავარი მუსიკოსი მაინც ბაბუა გახლდათ- საქართველოს დამსახურებული არტისტი, ანსამბლ „სოინარის“ დამაარსებელი გრიგოლ (გრიშა) ქსოვრელი (მოგვიანებით, პედაგოგისა და დამაარსებლის საპატივცემულოდ ანსამბლს „ქსოვრელები“ ეწოდა).


ჩვენს ოჯახში მხოლოდ ბებიას - გრიშას მეუღლეს არ ჰქონია შეხება მუსიკასთან, სამაგიეროდ, არაჩვეულებრივი კულინარი იყო, შესანიშნავად კერავდა...  სულ მისი შეკერილია, რაც კი ბავშვობის ფოტოებზე ტანსაცმელი მაცვია...


„ავადსახსენებელი 90-იანები“ და გადანაწილებული ტკბილეული


ოჯახში პირველი შვილი ვიყავი და დედამიწის ზურგზე სურვილი არ არსებობდა, რომელსაც არ ამისრულებდნენ... თუმცა, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა - დადგა ავადსახსენებელი 90-იანი წლები და რეალობა რადიკალურად შეიცვალა. ამ პერიოდში ჩემი დაც დაიბადა და ოჯახის მთავარი საზრუნავიც ის გახდა... ნელ-ნელა მომიწია იმასთან შეგუება, რომ ოჯახში არსებული ტკბილეულის მარაგი, რომელიც ადრე მთლიანად მე მეკუთვნოდა, გაჭირვების გამო ისედაც შეცოტავდა და ისიც „სხვისთვის“ უნდა გამეყო...


მრავალმხრივი ნიჭი და ოთხი წლის ასაკიდან პროფესიული არჩევანის წინაშე


საბავშვო ბაღში არ დავდიოდი, რადგან სახლში გაცილებით იმაზე მეტ განათლებას ვიღებდი, ვიდრე ბაღში. საკმაოდ ნიჭიერი ბავშვი ვიყავი - ოთხი წლის ასაკში უკვე ვიცოდი წერა-კითხვა, ხატვა, ცეკვა,  სიმღერა... დედა სოლფეჯიოსაც კი მასწავლიდა... მიყვარდა თეტრში სიარული...


იმ პერიოდში მშობლებმა ერთდროულად რამდენიმე სახელოვნებო წრეზე შემიყვანეს - ბალეტზე, ხატვაზე, მუსიკაზე, სამსახიობო სკოლაში... ყველაფერში წარმატებული ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ მაინც მსახიობობა ავირჩიე. თუმცა, ჰობის დონეზე დღემდე ვცეკვავ, ვხატავ და, თქვენ წარმოიდგინეთ, შესანიშნავად ვმღერი. თუმცა, ჩემი ვოკალური მონაცემები  კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური ათწლედის დამსახურება უფროა.


„სასაცილო“ ბალერინა


ბალეტზე სიარული  ჩემი ბავშვობის საუკეთესო პერიოდი იყო... მართალია, პუტკუნა და მრგვალი ბავშვი ვიყავი და ბალეტის გაკვეთილებზე, სხვებთან შედარებით, სასაცილოდ გამოვიყურებოდი, მაგრამ საკმაოდ პლასტიური აღმოვჩნდი... თუმცა, ზუსტად ოთხ წელიწადში მივხვდი, რომ ჩემგან ბალერინა არ დადგებოდა და ბალეტის წრეზე სიარულს თავი დავანებე, ის გამოცდილება კი მსახიობის პროფესიაში გამომადგა.


პატარა არტისტი


მთელი ბავშვობა ესა თუ ის პერსონაჟი ვიყავი... საკმარისი იყო, დედას ჩემთვის ზღაპარი ან მოთხრობა წაეკითხა, რომ მაშინვე არტისტობას ვიწყებდი... ოჯახის წევრებზე როლებს ვანაწილებდი, მეც სასურველ როლს ვირჩევდი და იმ დღეს ჩემთვის ნინო ათასჯერ რომ დაეძახათ, ცოცხალი თავით არ მოვიხედავდი.


პირველი ნაბიჯები ფილარმონიის სცენაზე


პირველად სცენაზე ხუთი წლის ასაკში დავდექი. ეს მოხდა ფილარმონიის სცენაზე, შოუში „მღერიან და იცინიან ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავები“, სადაც ბაბუაჩემის ანსამბლი გამოდიოდა. იმ კონცერტზე გამოდიოდნენ ისეთი ბუმბერაზი მსახიობები, როგორებიც იყვნენ: გურამ საღარაძე, სოფიკო ჭიაურელი... ჩემი გამოსვლის წინ წამყვანი აცხადებდა: თქვენ წინაშე წარდგება ჩვენი კონცერტის მარგალიტი, გრიშა ქსოვრელის შვილიშვილი ნინა მუმლაძეო... და გამოვდიოდი მე - ხუთი წლის „წერტილი“, მიკროფონს იატაკამდე ჩამომიწევდნენ და დუდუკის ფონზე ლექსს ვკითხულობდი. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რამხელა პასუხისმგებლობა იყო ეს ჩემთვის, მაგრამ ის კი ძალიან მიხაროდა, დიდ სცენაზე რომ გამოვდიდოდი და ხალხი ტაშს მიკრავდა... ცხოვრების ბოლომდე ამ შთაბეჭდილების ქვეშ დავრჩი და ჩემი შემდგომი არჩევანიც იმ ბავშვურმა ემოციამ გადაწყვიტა...


სკოლის წლები


ნაძალადევში ვცხოვრობ და მშობლებმა იქვე - მე-11 სკოლაში შემიყვანეს, მაგრამ იმის გამო, რომ სახელოვნებო წრეებზე თავისუფლების მოედანზე დავდიოდი - მე-6 კლასიდან 46-ე სკოლაში გადამიყვანეს. საუკეთესო მოსწავლე ვიყავი. თითქმის ყველა საგანს კარგად ვსწავლობდი, განსაკუთრებით კი ალგებრა მიყვარდა. მათემატიკის მასწავლებელი ჩემს გადაბირებასაც კი ცდილობდა - იქნებ რომელიმე მათემატიკასთან ახლოს მდგომი პროფესია აირჩიოო. მე კი დღემდე ვფიქრობ, რომ მათემატიკოსობისთვის მხოლოდ ნიჭი საკმარისი არ არის, სულ სხვანაირი ფსიქოლოგიაა საჭირო.


დიდი ტრაგედია


12 წლის ვიყავი, მამა რომ დამეღუპა - ქუჩაში მიმავალს მანქანა დაეჯახა და ადგილზე  გარდაიცვალა. ეს იყო 1996 წელი - მამა მაშინ 35 წლისაც კი არ იყო... ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედია, რომელსაც თან ემატებოდა ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური პირობები და დღემდე მიკვირს, როგორ მოახერხეს მარტო დარჩენილმა ქალებმა -  დედამ და დეიდამ (ბაბუა მაშინ გარდაცვლილი იყო) ჩემი და ჩემი დის  ისე აღზრდა, რომ არც განათლება დაგვაკლეს და არ დაჩაგრულად გვაგრძნობინეს თავი. დეიდაჩემმა პირადი ცხოვრებაც კი გვერდზე გადადო ჩვენთვის. ღმერთმა დიდი საჩუქარი გაგვიკეთა მისი არსებობით.