ირმა სოხაძის „ზღაპარქალაქი“...

ბავშვობის ფოტოები

16 სექტემბერი 18:00, 2015 წელი
88

მისი მუსიკალური ცხოვრება 2 წლის ასაკში დაიწყო, 4 წლისა „გეპეის“ ორკესტრის სოლისტი გახდა. დღეს საქართველოს სახალხო არტისტი, მომღერალი ირმა სოხაძე თავის ბავშვობაზე გვიამბობს...

ბავშვობაში ვოცნებობდი.... 4-5 წლისას ერთი ოცნება მქონდა - კარგად მყოლოდა დედიკო, მამიკო, ჩემი უფროსი ძმა, ბებიკოები, ბაბუკოები, ბიძაჩემი, რომელსაც ძალიან ბევრ რამეს ვუმადლი... მომღერლობასა და პოპულარობაზე არასდროს მიოცნებია - ეს პირობითია და ისეთი დროებითი, რომ... მთავარი ის არის, რაც ამ კარიერას უნდა მოსდევდეს - ხალხის სიყვარული, დაფასება და, აქედან გამომდინარე, სიკეთის კეთების შესაძლებლობა. ამას კი ოცნება არ უნდა, ამას საქმის კეთება უნდა.


მეტსახელი, რომელიც დღემდე მომყვება... მაცაცო ვარ სახლშიც, ჩემი მეგობრებისთვისაც და კლასელებისთვისაც. დედაჩემმაც, თუ გაიგონეთ, მაც დამიძახა.


ჩემი ცელქობის გამო... ყოველთვის ხუთიანებზე ვსწავლობდი, მახსოვს, ერთხელ საკონტროლოში ოთხიანი მივიღე და სამი ღამე არ მეძინა. რა თვისება იყო ეს ჩემი, ვერ გეტყვით, მაგრამ დღემდე არ შემიძლია საქმის მიფუჩეჩება. ოქროს შეგონებასავით მახსოვს ჩემი მასწავლებლის სუსანა გაბუნიას სიტყვები: შემთხვევით კარგი არ გამოდის, შემთხვევით შეიძლება ცუდად დაუკრას კარგმა პიანისტმა, მაგრამ ცუდი პიანისტი შემთხვევით კარგად ვერასდროს დაუკრავსო. მე ვცდილობ, ყოველთვის ყველაფერი კარგად გავაკეთო.
რაც შეეხება სიცელქეს, ჩემს ძმას ვაწვალებდი ხოლმე, მერე დედაჩემთან მივრბოდი და ვეუბნებოდი: ზურიკომ გამაბრაზა-მეთქი. ის კი არასდროს დამაბეზღებდა (იცინის) - ასეთი ბიჭი იყო მაშინაც და ასეთია ახლაც. 


ადგილი, რომელიც ბავშვობიდან ყველაზე მეტად მიყვარდა... დედაჩემის დედასთან მიყვარდა ღამე დარჩენა - იქ ყოველთვის დიდ ზეიმს მიწყობდნენ ხოლმე (იცინის)... დედა და მამა მეზობლები იყვნენ, ჭავჭავაძის 12 ნომერში ცხოვრობდა ორივე. მათ 12 წლის ასაკში შეუყვარდათ ერთმანეთი. ნამდვილი რომეო და ჯულიეტა იყვნენ. 19 წლისები შეუღლდნენ. წელს კი ქორწინებიდან 64 წელი შეუსრულდათ. 


ჩემი საყვარელი თამაში იყო... ქალაქობანა - ქაღალდზე უნდა ჩამოგეწერა ქვეყანა, ქალაქი, მდინარე, გამოჩენილი ადამიანი, ფილმი, ლიტერატურული ნაწარმოები, ცხოველი, ფრინველი... ვინ უფრო ჩქარა დაწერდა და მეტს ქულას დააგროვებდა, ის იყო გამარჯვებული. და კიდევ: ერთი დიდი სიტყვისგან ბევრი სიტყვის გამოყვანა - ვინც მეტს მოასწრებდა 3 წუთში, ის იმარჯვებდა. 


ჩემი პირველი სიმღერა... სცენაზე ჩემი პირველი სიმღერა იყო „კუარდა კე ლუნა“. მანამდე კი „ოლია ლოიკი“ - ესეც იტალიური სიმღერაა - 2 წლისამ კიკეთში ეზოში ვიმღერე, ბიძაჩემის ბაბინებზე მქონდა მოსმენილი. მამაჩემმა ხმა რომ გაიგო, ეზოში გამოვარდა - ვიღაც ბავშვი რა სუფთად მღერის, ნეტა ვინ არისო და მე შევრჩი... ჩემს ოჯახში ყველა მღერის და მეც რომ ავმღერდი 2 წლის ასაკში, რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა. 4 წლის ასაკში კი „გეპეის“ ორკესტრის სოლისტი გავხდი - მედიკო გონგლიაშვილმა მომისმინა და ამ მოსმენის შემდეგ სოსო ტუღუშმა ჩათვალა, რომ მისაღები ვიყავი ორკესტრში. ჩემი პირველი ქართული სიმღერა იყო მერი დავითაშვილის „რა ლამაზი დილა არის“ - „დილა თბილისში“. 8 წლის ვიყავი, როცა კონსტანტინე პევზნერმა და გენიალურმა პოეტებმა არკადი არკანოვმა და გრიგორი გორმა დამიწერეს ცნობილი „ნარინჯისფერი სიმღერა“, რომელიც ვთარგმნე და ახლა ქართულად ვმღერი ჩემი სტუდიის ბავშვებთან ერთად. ეს უკვდავი სიმღერა შარშანწინ 50 წლის გახდა. 
ბავშვობაში საფეხბურთო ბაზაზეც მომიწია სიმღერა... ლეგენდარული ფეხბურთელების ავტოგრაფებით დამშვენებული ბურთები დღემდე მაქვს შენახული. მახსოვს 1964 წელს ვიმღერე „დინამოს” ბაზაზე და ეს გუნდი ჩემპიონი გახდა.  იგივე ამბავი მოხდა „ტორპედოს” შემთხვევაშიც  - ვიმღერე მოსკოვში „ტორპედოს“ ბაზაზე და ისინიც ჩემპიონები გახდნენ. ასე რომ, ამის შემდეგ ყველა ამბობდა, ირმა სოხაძეს ძალიან ბედნიერი ფეხი აქვსო (იცინის).


პირველი ჰონორარი... მაშინ, ბავშვს არ შეეძლო, ჰონორარი მიეღო. 8 წლის რომ ვიყავი, სოლო კონცერტი გავმართე სპორტის სასახლეში და მაჩუქეს მაგნიტოფონი „ტემბრი“. 10 წლიდან უკვე  ფილარმონიის სოლისტი ვიყავი და მქონდა განაკვეთი - 10 მანეთი და 50 კაპიკი იყო, მერე 20 მანეთამდე ავიდა. ეს ჰონორარები დამიგროვეს და როცა გავთხოვდი, 6 000 მანეთამდე იყო შეგროვებული - სწორედ ჩემი ჰონორარებით ვიყიდე პირველი მანქანა.


ჩემი პირველი ლექსი... ჩემი სიმღერების უმრავლესობა ჩემი ლექსებია. 


ჩემი საყვარელი ზღაპარი იყო... მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები, ძმები გრიმები, ანდერსენი - ყველა ძალიან მიყვარდა, მაგრამ განსაკუთრებით - იტალიურ ზღაპრები და „ოხრახუშას თავგადასავალი“ და „ჩიპოლინო“. ახლაც მაქვს ის წიგნი და ჩემს შვილიშვილ რეზიკოს ვუკითხავ ხოლმე. იმდენად მიყვარს ზღაპრები, რომ, როდესაც გავიზარდე, თვითონ დავიწყე ზღაპრების წერა, საბავშვო მიუზიკლები მაქვს დაწერილი - „ზღაპარქალაქი“, „ზღაპარქალაქი 2“... რომ მეცალოს, ალბათ, ზღაპრებს დავწერდი. ამაზე კარგი საქმე არ არსებობს.


ჩემი საყვარელი წიგნი... ძალიან მიყვარდა „ფორსაიტების საგა“ და ირენი - რატომ, არ ვიცი, მაგრამ სრულიად გადარეული ვიყავი ამ ლამაზ, ჭკვიან, დაჩაგრულ და საყვარელ ქალზე. ასევე, ძალიან მიყვარდა ანა კარენინა. 


„შატალოს“ გახსენებაზე... მე-5 კლასიდან ვსწავლობდი ათწლედში, ფენომენალური კლასი მყავდა: ეთერ ანჯაფარიძე, ლელა ლაღიძე, ნინიკო ფალიაშვილი, თამულია ციციშვილი, იცით, როგორი გოგოები... ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ. ჩვენი „შატალო“ რა იყო - ჩავდიოდით ან ქაშუეთში ან „აკვარიუმში“, იყო ასეთი კაფე. ერთხელ იქ ისე მოვიწამლე ხორციანი ბლინით, ძლივს გადამარჩინეს. ქაშუეთში ჩასვლა კი ძალიან მიყვარდა. კვირა არ გავიდოდა, რომ არ შევსულიყავით, მაგრამ, დამიჯერეთ, ამის გამო არავინ გრიცხავდა კომკავშირიდან.  


წარსულში რომ დავბრუნდე, ბავშვობიდან „მოვიპარავდი“... ბავშვობისდროინდელ რამდენიმე ნივთზე ძალიან ვნანობ და ვდარდობ, რომ მართლა არ „მოვიპარე“ და არ შევინახე, თუმცა ბებიების ნაჩუქარი ბევრი რელიკვია მაქვს. ბავშვობა ძალიან ბედნიერი ხანა იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ, რომ გითხრათ, სითბო, სიყვარული ან ბებიის კაკლის მურაბა მენატრება-მეთქი, არა. დღესაც მაქვს ირგვლივ დიდი სითბო და სიყვარული, დღემდე ჩემი ასაკის ადამიანს დედაც მყავს და მამაც. რაც შეეხება მეუღლეს, შვილებს, შვილიშვილებს - ამ მხრივაც ძალიან ბედნიერი ვარ. მადლიერი უნდა იყო იმის, რაც დღეს გაქვს. მე კი, ღმერთის წყალობით, დღეს იმდენი საყრდენი მაქვს, ნეტავ დრო მქონდეს, ამ ყველაფრით დავტკბე და ვისიამოვნო.


 


ქობულეთში, პატარა ირმა, 1957 წელი


 


ქობულეთი, 1957 წელი


 


ირმა სოხაძე 1 წლის და 4 თვის




პირველი სასცენო კაბა


 


ირმა მიკროფონით


 


ირმა სოხაძე ბორჯომში




 


მე-2 კლასი, მასწავლებელთან, სუსანა გაბუნიასთან ერთად, 1965 წელი


 


სპორტის სასახლე, 1966 წელი


 


საყვარელი თოჯინა


 


ირმა 5 წლის, დედასთან ერთად, ბორჯომი


 


ირმა სოხაძე, ტენორი კლაუდიო ვილა და ბიძა, დავით სოხაძე, 1965 წელი