თამრიკო ჭოხონელიძის ბავშვობის სიყვარული

ბავშვობის ფოტოები

23 სექტემბერი 18:00, 2015 წელი
109

„ერთხელ პლეხანოვზე, საბავშვო ბაღში რამდენიმე ქალი და მამაკაცი მოვიდა. მეგონა, ასაცრელად იყვნენ და მასწავლებლის მაგიდის ქვეშ დავიმალე. ბევრი მეძებეს, მიპოვეს და გამომათრიეს...“ - როგორ მოხვდა 4 წლის თამრიკო დიდ სცენაზე?

ბავშვობაში ვოცნებობდი... დიდ სახლზე, სადაც, ოჯახის წევრების გარდა, იცხოვრებდა ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი. უნდა გენახათ, ამ ოცნებებში როგორ სახლებს ვაგებდი. ისე, სანახევროდ ავიხდინე ოცნება და საგურამოში, ბოლოს და ბოლოს, აშენდა ისეთი სახლი, სადაც  ჩავდივართ მე, დედა, ჩემი დები ოჯახებით, სამეგობრო, რომელსაც ძალიან უყვარს ჩვენთან ჩამოსვლა. ასეთი სტუმრიანი სახლი მაქვს. 


 


წარსულში რომ დავბრუნდე, ბავშვობიდან „მოვიპარავდი“... მოვიპარავდი მთელ პლეხანოვს, რომლის თითოეული კუთხე ჩემთვის ძალიან ძვირფასია... ყოფილი პლეხანოვის 114 ნომერში ვცხოვრობდი, დღეს რომ დუმბაძის სახელობის თეატრია, ზუსტად იმის პირდაპირ, მეორე სართულზე. მთელ პლეხანოვს წამოვიღებდი თავისი ურთიერთობებით, ღიმილიანი სალმებით, თუნდაც ჩხუბით. ის ჯანსაღი ჩხუბი იყო, რომლის შემდეგ ხშირად რიგდებოდნენ და ახლო მეგობრებიც კი ხდებოდნენ. ალბათ, ეს უკვე აუხდენელი ოცნებაა, რომ მე ჩემი ცხოვრება პლეხანოვზე დავამთავრო - ასი წლის მერე. ბევრი ფული რომ მქონდეს, აუცილებლად ვიყიდდი ისევ იმ ბინას, რომელსაც ჩემი ყველაზე ბედნიერი და ლაღი მოგონებები უკავშირდება.


 


ჩემი ცელქობის გამო... არ ვიყავი ცელქი, უბრალოდ, ძალიან მოძრავი ბავშვი ვიყავი. მიყვარდა მთელი ეზოს ბავშვებთან ერთად  ისეთი ადგილების დალაშქვრა, რომლებიც თითქოს საიდუმლოებით იყო მოცული - მაგალითად, სარდაფების, სხვენის, სადაც ერთი მხატვარი მუშაობდა. ერთ დღეს მის სტუდიაში ჭუჭრუტანიდან ვიყურებოდი და ნატურაში ქალის შიშველი, ლამაზი სხეული დავნახე. საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა - ეს იყო ჩემთვის მშვენიერების ნიმუში, რომელიც არასოდეს დამავიწყდება... ერთხელ, თურმე, ბევრი მეძებეს და ხმა რომ ვერ გამაგონეს, მილიციას დაურეკეს. დედაჩემი პურზე რომ გამიშვებდა, ხურდას ვინახავდი ნაყინისთვის და ჩუმად ვჭამდით, რადგან ჩემთვის ნაყინი გლანდების გამო არ შეიძლებოდა - ამის გამო დავუსჯივარ კიდეც... საშინლად ფათერაკიანი ვიყავი. კურიოზული ამბები მემართებოდა, ტრავმატოლოგიურიდან ტრავმით და თაბაშირით 11-ჯერ ვარ წამოსული. ხან ხელი მქონდა მოტეხილი, ხან - ფეხი... ბოლოს კუდუსუნის ძვალიც კი გავიტეხე. ერთ-ერთ მისვლაზე დედაჩემს ჰკითხეს: ეს ბავშვი ცელქია თუ დებილიო? დედაჩემმა უპასუხა: უფრო მეორისკენ იხრებაო (იცინის).


 


„შატალოს“ გახსენებაზე... შატალოს ინიციატორი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ სხვები თუ გადაწყვეტდნენ, გამორიცხული იყო, რომ მე დავრჩენილიყავი. მამაჩემს ზედმეტად მკაცრი მამის იმიჯი ჰქონდა. ერთხელ მთელი კლასი შატალოზე პანტიანში წავედით, ბიჭებმა ხინკალზე დაგვპატიჟეს. მამაჩემს ურეკავენ: თუ შეიძლება სკოლაში ამობრძანდით, თქვენი შვილი შატალოზე წავიდაო. მამას უკითხავს: მთელი კლასი წავიდაო? კიო - უპასუხეს. ელოდებოდნენ, რომ მამა მაგიდაზე მუშტს დაარტყამდა და იტყოდა, ნახავთ, რა დღეში ჩავაგდებო...  მან კი უთხრა: არ ვიცი, რით დამთავრდებოდა ჩვენი ურთიერთობა, მე რომ თამრიკო სკოლაში დამენახა. სწორად გააკეთაო. მასწავლებლები შოკირებულები იყვნენ.    


  


ჩემი პირველი სიმღერა... პირველი სიმღერის აუდიოჩანაწერი არსებობს, ძალიან უხარისხოა, მაგრამ მაინც... დედა, მამა და მე, წლინახევრის ასაკში, სამ ხმაში ვმღერით, „ვეძებე და ვერსად ვპოვე მე სხვა თბილისი“. მერე უკვე სცენაზე ვიმღერე ძალიან სასაცილო რუსული სიმღერა სიყვარულზე - „Коля Коля Николаша“. დარბაზში ყველა იცინოდა, მე კი ძალიან მიკვირდა. რაც შეეხება პირველ შეხებას დიდ სცენასთან, ერთხელ პლეხანოვზე, საბავშვო ბაღში რამდენიმე ქალი და მამაკაცი მოვიდა. მეგონა, ასაცრელად იყვნენ და მასწავლებლის მაგიდის ქვეშ დავიმალე. ბევრი მეძებეს, მიპოვეს და გამომათრიეს. აღმოჩნდა, რომ ცნობილი რუსი მომღერალი ატლანტოვი იყო ჩამოსული თბილისში გასტროლებზე. მღეროდა პუჩინის ოპერაში „ჩიო ჩიო სანი“, სადაც ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ბავშვია. პრემიერის წინ გაახსენდათ, რომ ბავშვი იყო საჭირო. რატომღაც ჩვენს ბაღში მოვიდნენ და რატომღაც, მე ამარჩიეს. ის ბავშვი ბიჭია, ამიტომ დამახურეს ხუჭუჭა პარიკი, გამიკეთეს გრიმი საოპერო დიდი სცენისთვის და 4 წლის ასაკში ჯადოსნურ სამყაროში აღმოვჩნდი. მართალია, მე იქ სამღერი არ მქონდა, თუმცა სათამაშო იყო და რასაც მეუბნებოდნენ, კარგად ვაკეთებდი. ასე დავდგი პირველად ფეხი დიდ სცენაზე  და ასე აღმოჩნდა ეს საბავშვო ბაღი ჩემთვის ფეხბედნიერი.


 


ჩემი საყვარელი ზღაპარი იყო... ძალიან მიყვარდა „რწყილი და ჭიანჭველა“, მაგრამ საშინელი
 პროტესტი მქონდა „ჩიტო ჩიტო ჩიორაზე“. მახსოვს, დედა თავისი ენითაც მიყვებოდა ქართულ-ხალხურ ზღაპრებს, იგავ-არაკებს.  


 


ჩემი საყვარელი გმირი იყო... კონკია, ოღონდ არა ქართული ზღაპრიდან. როდესაც ბიძია თომას ქოხი წავიკითხე, ძალიან მომეწონა ევა - გმირი გოგონა, რომელიც ადრე კვდება. წიგნში სიკეთის საოცარი სამყაროა გადმოცემული. მართალია, არ მინდოდა, რომ მოვმკვდარიყავი, მაგრამ მინდოდა, ოქროსკულულებიანი ევა ვყოფილიყავი (იცინის).


 


ბავშვობაში ჩემთვის ამოუცნობი იყო... ერთხელ მეზობელი გარდაიცვალა. ვიკითხე: სად უნდა წაიყვანონ-მეთქი, მეორე მეზობელმა კი უხეშად ამიხსნა: მიწაში უნდა დაიმარხოსო. ვერაფრით გავიგე, ეს რას ნიშნავდა და ძალიან ვინერვიულე... სხვათა შორის, უფალმა მიშველა. 8 წლის ვიყავი, როდესაც ბაბუა გარდაიცვალა. განსაკუთრებულად განვიცადე, მივხვდი, რომ ვეღარ ვნახავდი... ვიდრე 40 დღე გავიდოდა, სიზმარი ვნახე: ბაბუას პროცესია იყო. მე კი მისი ხელი მეჭირა და მივდევდი, უცებ წამოდგა და მითხრა: ხომ იცი, რომ არ უნდა შეგეშინდეს, ეს ჩემი ხორცია, ჩემი სული შენთან არის. იცი, როგორი ლამაზია აქ ყველაფერიო... საოცარი რამაა. და სულ მიკვირს, მას შემდეგ უფრო ადრე რომ არ შევედი ეკლესიაში. თუმცა ისეთი დრო იყო, ლიტონიობაზე ხალხს დასდევდნენ.


 


ბავშვობის სიყვარული... 13-14 წლის ასაკში უკვე მყავდა თაყვანისმცემლები. 16 წლის ასაკში კი პირველი სიყვარული მეწვია. ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ გვქონდა, ალბათ, ორივეს გვერიდებოდა. უცნაური რამ იყო, მაგრამ ასე უჩუმრად და ძალიან ერთგულად 6 წელი გაგრძელდა. მერე კი გამომიტყდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო (იცინის). 


 


მუშტაიდის პარკი, თამრიკო 2 წლის



საბავშვო ბაღიდან მოსული თამრიკო, 3,5 წლის



ბაბუსთან სახლში, 4 წლის



პიონერთა სასახლე, თამრიკო 6 წლის