როგორ ათამამებდა ზურა შარიას საბჭოთა პერიოდში ემიგრაციაში მყოფი მამა?

ბავშვობის ფოტოები

7 ოქტომბერი 18:00, 2015 წელი
48

რაც სხვა ბავშვებისთვის შეიძლებოდა, ჩემთვის აკრძალული იყო, რადგან ყურადღების ცენტრში ვიყავი და ჩემი საქციელი ათმაგად ჩანდა... მამაჩემს კომუნისტებმა დახვრეტა მიუსაჯეს... მეგონა, ვეღარასოდეს ვნახავდი... მსახიობი ზურა შარია საკუთარ ბავშვობაზე გვიყვება.

ბავშვობაში ვოცნებობდი... დიდი გემით მოგზაურობაზე, რაც მალევე ამისრულდა... გარდა ამისა, ბავშვობაში ხშირად მიწევდა კრასნოდარში ჩაფრენა, იქ ბებიაჩემი, „სვეტლეიშაია კნიაგინია“ ნიკოლსკაია ცხოვრობდა. ადრე Ту-134 დაფრინავდა, მერე, რატომღაც, Ан-24-ით შეცვალეს. მე კი მინდოდა, რომ ისევ Ту-134 დაებრუნებინათ, ეს მქონდა ოცნებად (იცინის). პროფესიას რაც შეეხება, თავიდან ექიმობაზე ვოცნებობდი, დავდევდი ყველაფერს, რაც ცოცხალი იყო - ხან ვჭრიდი, ხან მიკროსკოპით ვაკვირდებოდი. 


 


მამასთან ურთიერთობაში... მამაჩემი, მოგეხსენებათ, 1970 წელს დარჩა საზღვარგარეთ. კომუნისტებმა სამშობლოს მოღალატედ შერაცხეს და დახვრეტაც მიუსაჯეს... ბავშვობაში მეგონა, რომ ვეღარასოდეს ვნახავდი. ტელეფონით ვსაუბრობდით, მაგრამ მისი ჩამოსვლა წარმოუდგენელი იყო. იქიდან, როგორც შეეძლო, მათამამებდა - მიგზავნიდა ისეთ ნივთებსა და ტანსაცმელს, რაც ჩვენთან იმ დროს არ იყო. მაგალითად, მახსოვს Wrangler მქონდა... ერთი მხრივ, ამით ვიყავი გამორჩეული, მეორე მხრივ კი, რაც სხვა ბავშვებისთვის შეიძლებოდა, ჩემთვის აკრძალული იყო, რადგან ყურადღების ცენტრში ვიყავი და ჩემი საქციელი ათმაგად ჩანდა.


 


მეგობრებთან ერთად... ძალიან მეგობრული ეზო გვქონდა. ბარათაშვილის ხიდთან კუთხის სახლში ვცხოვრობდით - ის სახლი ბაბუაჩემის აშენებულია. ბოთლებს ვიპარავდით, ვაბარებდით და ხან კინოში მივდიოდით, ხან ნაყინს ვყიდულობდით, ხან ლისის ტბაზე ავდიოდით...


 


ჩემი ცელქობის გამო... მოუსვენარი ვიყავი, მაგრამ ზრდილობიანი. განსაკუთრებულს არაფერს ვაშავებდი, თუმცა ჩხუბით კარგად ვჩხუბობდი ყოველთვის (იცინის).


 


შატალოს გახსენებაზე... ალბათ, მეოთხე კლასიდან სულ დავდიოდით შატალოზე. ჩემს გამზრდელ ბებიას, არაჩვეულებრივ ადამიანს, ვერა კუჭავას, რომელიც კულტურის სამინისტროში მუშაობდა, მძღოლი ემსახურებოდა. მიმიყვანდა მძღოლი სკოლაში, მე კი მალულად ბიძაჩემთან მივდიოდი. იმ დღეს ჩემი ბიძაშვილიც არ წავიდოდა სკოლაში და შემდეგი 3-4 დღე იქ ვრჩებოდი ხოლმე. თუმცა არც ერთხელ ისე არ მივსულვარ, გაკვეთილი რომ არ მცოდნოდა.


 


ჩემი საყვარელი ზღაპარი... ძალიან მიყვარდა ზღაპრები. ჩუკოვსკი ზეპირად ვიცოდი. მიყვარდა, ასევე, ჯანი როდარის ზღაპრები, ქართული ზღაპრები... საერთოდ, როცა ზღაპრები გიყვარს, ფანტაზია არარეალურისკენ ტრიალდება, კოსმოსი ყოველთვის მიზიდავდა და ტელესკოპიც მინდოდა, მქონოდა. ახლაც მინდა...


 


ჩემი საყვარელი გმირი... დიდხანს ვიყავი „ზორო“. მთელი ეზო „ზოროები“ ვიყავით. ქილის თავსახურებწამოცმული შამფურებით დავრბოდით. მერე ფარიკაობის ფედერაციიდან გატეხილი ნამდვილი რაპირები მომქონდა. ერთხელ ჩემი ბავშვობის მეგობრის ვიკა ცაავას დედა პანიკით მისულა ჩემებთან - ვიკა და ზურა დილიდან არ ჩანანო. მერე კი კინოს აფიშა უნახავს - ვორონცოვზე კინოთეატრ „კოლხეთში“ „ზორო“ გადიოდა. ჰოდა, პირდაპირ იქ მივიდა, დარბაზში თავი შეყო და ისე, რომ არაფერი უკითხავს, დაიძახა: ვიკა და ზურა გამოდით! ჩვენც იმწამს გამოვედით. რა თქმა უნდა, იმ დღეს „ზოროს“ მეექვსეჯერ ვუყურებდით (იცინის).


 


ჩემი საყვარელი მულტფილმი... მულტფილმები ახლაც მიყვარს. ჩემს შვილებთან ერთად  ვუყურებდი და ყველა მულტფილმი ზეპირად ვიცი. ქართული მულტფილმები მიყვარდა. ასევე, დისნეის მულტფილმებს თუ გვიჩვენებდნენ პანორამაში - ბედნიერება იყო.


 


ადგილი, რომელიც ბავშვობაში ყველაზე ძალიან მიყვარდა... კრასნოდარში მიყვარდა წასვლა. აგარაკი გვქონდა კრასნოდართან. იქაც ძალიან მეგობრული, შეკრული ეზო იყო. მდინარეზე, წყალსაცავზე დავდიოდით... სოხუმში მიყვარდა ყოფნა, ბაბუაჩემის ძმა ცხოვრობდა სოხუმში. გაგრა, სოხუმი, ბიჭვინთა - ზღაპარი იყო. მერე ბათუმი მიყვარდა, აგვისტოს ბოლო კვირას კრუიზში მივდიოდი ხოლმე გემით. საბჭოთა პერიოდში ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობდა.


 


ზურა შარია, 3 წლის


 


დედასთან ერთად


 


ზოოპარკში


 


სოხუმში


 


დასთან და ბებიასთან ერთად, 1972 წელი


 


ჯაზფესტივალზე. ზურა შარია (17 წლის) კოლია ქაშაქაშვილთან და ვაგიფ სამედ ოღლისთან ერთად