ბავშვობაში ვოცნებობდი... ბავშვობაში ოცნებები კი არ მქონდა, სულ ვფიქრობდი. ვკითხულობდი ძალიან ბევრ ზღაპარს და ჩემი ტვინი ამ ზღაპრებს აანალიზებდა. ეს, ალბათ, 12-13 წლამდე. ძალიან მიყვარდა თეატრი და მერე თეატრზე ვოცნებობდი. მიმიწვიეს კიდეც, მომცეს მთავარი როლი ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრში. მთავარ როლზე რომ დამამტკიცეს, იქიდან დავიწყე ოცნება. საერთოდ, ჩემში ორი ადამიანია: ერთი ამ სამყაროში არ ცხოვრობს - ცხოვრობს სხვა განზომილებაში, მეორე კი - რეალისტია. საშუალო არ მაქვს. მე, მაგალითად, არასოდეს მინდება, რომ მქონდეს საკუთარი თვითმფრინავი, იახტა. მე ეს არ მექნება და არც მომწონს.
ჩემი ცელქობის გამო... არ ვყოფილვარ ცელქი. ძალიან დამჯერი ვიყავი, ძალიან! არც ვთამაშობდი. მიყვარდა იმის ყურება, როგორ თამაშობდნენ ბავშვები. გადმოვდგებოდი ფანჯარაში, ნიკაპით ორივე ხელს დავეყრდნობოდი და საათობით შემეძლო მეყურებინა, როგორ ერთობოდნენ ბავშვები.
ჩემი საყვარელი ზღაპარი იყო... „კოკროჭინა“.
ჩემი საყვარელი მულტფილმი... „წუნა და წრუწუნა“.
ბავშვობის სიყვარული... პირველი სიყვარული ბაღში იყო. ორი დიდი კიკინა ეკეთა და სულ მეცოდებოდა. მეგონა, რომ უჭერდა ის რეზინები (იცინის).
ბავშვობიდან „მოვიპარავდი“... ერთადერთი, მენატრება ჩემი ბაბუა, ბებია და მამა. არ მქონდა ცუდი ბავშვობა. ლიმონათი და მანდარინი მქონდა 1 მაისს, ბარბარობას და ახალ წელს. ის, რასაც დღეს ყოველდღიურად მივირთმევთ, მე მხოლოდ დღესასწაულებზე მქონდა. და ესეც კარგი იყო... არაფერი მენატრება, ჩემი გარდაცვლილების გარდა.
ადგილი, რომელიც ბავშვობიდან ყველაზე მეტად მიყვარდა... ჩემი დასვენება იყო, როდესაც ჭიათურაში, ჩემს ქუჩაზე, ნაციხვრის კლდეზე ავძვრებოდი და იქ მარტო ვიჯექი ხოლმე. ზღვა პირველად 21 წლის ასაკში ვნახე. ისეთი შთამბეჭდავი იყო! როცა რაღაც არასასიამოვნო ხდება, ზუსტად იმ შეგრძნებას ვიხსენებ, პირველად ზღვის ნაპირზე რომ ვიდექი. ჩემი დაბადების დღე იყო - 28 მარტი, ცარიელ სანაპიროზე მარტო მე ვიყავი და ამ უკიდეგანო სივრცეს ვუყურებდი... საოცარი შეგრძნება მქონდა! როცა ამას ვიხსენებ, ვფიქრობ, რომ დედამიწაზე არ არსებობს ტრაგედია, ადამიანის სიკვდილის გარდა...