რას „იპარავს“ თავისი ბავშვობიდან ზაზა კოლელიშვილი?

ბავშვობის ფოტოები

16 ნოემბერი 18:00, 2015 წელი
69

„დამიცადე, გავიზრდები და ცოლად მოგიყვან... ისიც მკოცნიდა ხოლმე. ბიცოლაჩემს კი ეუბნებოდა, ზაზა რომ მკოცნის, ჟრუანტელი მივლისო...“ - რას იხსენებს თავისი ბავშვობიდან მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი ზაზა კოლელიშვილი და ვინ იყო მისი პირველი სიყვარული?


ბავშვობაში ვოცნებობდი...
 მინდოდა, მოქანდაკე გამოვსულიყავი. კინოში გადაღებაზე კი ყოველთვის ვოცნებობდი - დაახლოებით, 3 წლიდან. მესამე კლასიდან სცენაზე ვიდექი, სპექტაკლებს ვთამაშობდი. ბავშვის როლს შესრულება თუ იყო საჭირო, მე და დუტას დედა ვთამაშობდით ხოლმე. აი, ასეთი ბავშვობა მქონდა. შემდეგ კი 19 წლის ასაკში ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო თენგიზ აბულაძესთან მუშაობა და „ნატვრის ხეში“ გადაღება.


ბავშვობიდან „მოვიპარავდი“... საოცრად კარგი ურთიერთობა იყო და ის მენატრება. მე, ალბათ, ისეთი ვერ ვარ, როგორიც ჩემი მშობლები იყვნენ. მათ ბევრი რამ ისეთი შეძლეს, რაც მე არ მინდოდა, თან ყველაფერი - ძალდატანების გარეშე. წიგნის კითხვაც უზომოდ შემაყვარეს  კონცერტებზე, სპექტაკლებზე, კინოში სიარულიც. სიცოცხლის ბოლო დღემდე არ მახსოვს, დედაჩემი ან მამაჩემი ჩემზე გაბრაზებულიყვნენ, თუმცა ამას ხშირად ვიმსახურებდი.


 


ჩემი საყვარელი წიგნი... ქართული ზღაპრებით დავიწყე, მერე ქართული სათავგადასავლო ლიტერატურა, ქართული და უცხოური კლასიკა. მწერლებიდან მიყვარდა კონდრატე თათარაშვილი, ჟიულ ვერნი, ვიქტორ ჰიუგო, მარკ ტვენი და უამრავი სხვა ავტორი, რომელთა წიგნები საკმაოდ ჭარბად იყო ჩვენ სახლში. ძალიან მომწონდა „სამი მუშკეტერი“, „გრაფი მონტე კრისტო“, თვითონ ალექსანდრე დიუმა და, საერთოდ, საფრანგეთი.


ბავშვობის სიყვარული... სუხიშვილების ერთ-ერთი წევრი მიყვარდა. მაშინ 7-8 წლის ვიქნებოდი. ბიცოლაჩემი ცეკვავდა ანსამბლში და რეპეტიციებზე რომ მივყავდი ხოლმე, იმ გოგოს ვეუბნებოდი: დამიცადე, გავიზრდები და ცოლად მოგიყვან-მეთქი... ისიც მკოცნიდა ხოლმე... ბიცოლაჩემს კი ეუბნებოდა, ზაზა რომ მკოცნის, ჟრუანტელი მივლისო... იმ გოგოს სახელსა და გვარს არ დავასახელებ, თვითონ მიხვდება (იცინის).


 6 თვის ზაზა კოლელიშვილი დედასთან ერთად