ელგუჯა ბურდული: „განათლებული ახალგაზრდობა მოდის, მაგრამ იმ განათლებას ზრდილობა არ მოსდევს...“

ბავშვობის ფოტოები

14 დეკემბერი 18:00, 2015 წელი
51

„პირველად ისე გადამიღეს, არც ვიცოდი... დამსვეს და მამღერეს. მე კიდევ დახუჭული თვალებით ვმღერი... წინ აღარ ვიყურები...“ - მოგონებებს წარსულსა და ბავშვურ გატაცებებზე მსახიობი ელგუჯა ბურდული გვიზიარებს, რომელსაც ენატრება ძველი დრო და გრძნობები. 

ბავშვობაში ვოცნებობდი... არტისტობაზე არ მიოცნებია. არც ტანკისტობა მინდოდა. მინდოდა გამოვსულიყავი მფრინავი ან მეზღვაური. და მქონდა, ასევე, სურვილი, ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც გავხდი (იცინის).


საყვარელი ადგილი ბავშვობაში... სიამოვნებით მივდიოდი გურიასა და მთიულეთში. გურიიდან რომ ჩამოვდიოდი, გურული კილო მქონდა, მთიულეთიდან - მთიულური კილო. ნივთებს რაც შეეხება, ხანჯლები და ხმლები ძალიან მიყვარდა. ხან ვყიდულობდი, ხან მჩუქნიდნენ.


ჩემი საყვარელი ზღაპარი იყო... ძალიან მიყვარდა ზღაპრები. განსაკუთრებით - „ნაცარქექია“.


ჩემი საყვარელი წიგნი ბავშვობაში იყო... „აი ია“.


ჩემი საყვარელი ლიტერატურული გმირი... ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი.


ჩემი პირველი სიმღერა... „იავნანა“, დედა მიმღეროდა, მერე მეც ვმღეროდი.


საყვარელი თამაში... დაჭერობანას ვთამაშობდით, დახუჭობანას, კუჩურ ნა მესტო. სპორტს რაც შეეხება, კრივსა და ბაიდარკაზე დავდიოდი. როცა სწავლობ, ბუნებრივია, ამოყირავდები კიდეც. მახსოვს, წყალი სულ მაზუთიანი იყო, სიონთან ათასი მოწამის ხიდამდე მოვდიოდით ხოლმე და მერე მაზუთიან ტანს ნავთით ვიბანდით (იცინის).


მეგობრებთან ერთად... კინოში დავდიოდით ხშირად. მაგალითად, „ტარზანზე“ ძალიან ბევრჯერ შევმძვრალვართ... (იცინის). „სპარტაკი“ - იყო ასეთი კინოთეატრი თეატრალურის გვერდით. მაშინ რაც ლამაზი იყო, ყველაფერი მოგვწონდა. 


ჩემი პირველი გადაღება... 33 წლის ვიყავი, როდესაც პირველად გადამიღეს კინოში. ისე გადამიღეს, არც ვიცოდი, რომ მიღებდნენ. სიომა გასპაროვი იყო რეჟისორი. დამსვეს და მამღერეს. მე კიდევ თვალდახუჭული ვმღერი... წინ აღარ ვიყურები.


ბავშვობიდან „მოვიპარავდი“... მაშინ სხვა გრძნობა იყო. სხვა ხალხი იყო. იმნაირი საქართველო და ხალხი გენატრება. სოფელში რომ წახვიდოდი, ბაბუა ბაბუა იყო, ბებია - ბებია, პაპა - პაპა და ბაბო - ბაბო. მამა და დედა ბავშვებს უვლიდნენ, მერე ბავშვები უვლიდნენ მშობლებს - წესი იყო ასეთი. ახლა ვერ გაიგებ, რა ხდება. იმდროინდელი თავაზიანობა სად მოვა ამდროინდელ თავაზიანობასთან. სულ სხვა იყო. ძალიან თბილი იყო ხალხი. ბებიებს კაბის ჯიბეში კანფეტები რომ ჰქონდათ - ჩაიყოფდნენ ხელს ჯიბეში და იტყოდნენ: „აი, შენ, კანფეტი“. განათლებული ახალგაზრდობა მოდის, უფრო განათლებული, ვიდრე ჩვენ, მაგრამ იმ განათლებას ზრდილობა არ მოსდევს, ისეთი, როგორიც ჩვენ გვქონდა...