ნანა შონია: „რაც დრო გადის, ახალი წლის სიყვარული არ მინელდება“

ბავშვობის ფოტოები

4 იანვარი 18:00, 2016 წელი
96

„31-ში დილით რომ ვდგებოდი, სახლში მანდარინისა და ლიმონის სურნელი ტრიალებდა. ბებიას ჩამოტანილ ფუთებს გავხსნიდით - ზოგან გოჭი იყო, ზოგან ჩურჩხელები და დიდი ქვაბით ფელამუში...“ - საახალწლო მოგონებებსა და, ზოგადად, ბავშვობის წლებს იხსენებს მსახიობი ნანა შონია.


ახალი წელი ბავშვობაში...
თოვლის ბაბუის არსებობის ბავშვობაში არ მჯეროდა. ბაღში მოსული თოვლის ბაბუა რომ ვნახე, მივხვდი, ჩემი მასწავლებელი იყო გადაცმული. ჩემი შვილიც ძალიან ადრე მიხვდა ამას და მე ცოტა გული დამწყდა. თავს ვიკატუნებდი, თორემ ვიცოდიო, - ეს მითხრა 7 წლის ასაკში. ბებიაჩემი მხოლოდ 31 დეკემბერს დილით ჩამოდიოდა ჩვენთან. ზუგდიდში მუშაობდა, ქირურგი იყო. ძალიან დატვირთული სამუშაო ჰქონდა. მახსოვს, რომ 31-ში დილით რომ ვდგებოდი, სახლში ბებიას ჩამოტანილი მანდარინისა და ლიმონის სურნელი ტრიალებდა, ფუთებში ზოგან გოჭი იყო, ზოგან ჩურჩხელები და დიდი ქვაბით ფელამუში - დასავლეთის, ოდესის ფელამუში. მახსოვს, მეზობლებს უყვარდათ ჩვენთან ერთად შეხვედრა - ეს იყო, რა თქმა უნდა, ოჯახური დღესასწაული და ახლაც ასეა. მიყვარს გოზინაყის გაკეთება და თვითონ პროცესი, როდესაც ნიგოზი იჭრება, მაგიურად მოქმედებს. მიყვარს რუსთაველზე ჩამოვლა - სულ ფეხით დავდივარ. რაც დრო გადის, ვერ ვიტყვი, რომ მინელდება ახალი წლის სიყვარული. არ ვიცი, რა მიხარია - წელი მემატება და ცხოვრება მიდის, მაგრამ ეს არის გაუცნობიერებელი სიხარული. ამიტომ მოიგონეს ადამიანებმა ეს, რათა წლის გასვლა უფრო ხალისიანი და ლამაზი გახადონ.


ბავშვობაში ვოცნებობდი... მეოცნებე ბავშვი ვიყავი, ალბათ, არ ვიქნები ორიგინალური. ვოცნებობდი სულ, გამუდმებით, თუკი ძალიან გართული არ ვიყავი თამაშში ან მეცადინეობაში, ან კითხვაში. დღემდე ვოცნებობ. ბავშვობაში ოცნება, რა თქმა უნდა, დაკავშირებული იყო იმასთან, რომ სცენაზე უნდა ვმდგარიყავი. მაშინ მინდოდა, რომ სცენაზე მეცეკვა, მინდოდა ბალერინა ვყოფილიყავი. ეს იყო ჩემი აუხდენელი ოცნება, თუმცა დღეს ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი. 


ლიდერობის მომენტი... ლიდერი ბავშვი არ ვყოფილვარ, პირიქით, ძალიან მორიდებული გახლდით. ცელქი და მოუსვენარიც არ ვყოფილვარ. დედაჩემი სახლის კატას მეძახდა. ბავშვები უმეტესად ჩემთან მოდიოდნენ. მიყვარდა თამაში, გართობა ეზოში. მაგ მხრივ, მოძრავი ვიყავი, დაღლილ-დაქანცული მოვდიოდი სახლში. ჩემი დღე არასოდეს ყოფილა უაზრო და ინერტული. ბავშვებთან ურთიერთობა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ამასობაში ძალიან მტირალა ბავშვი ვიყავი. დღემდე ძალიან გულჩვილი ვარ. მახსოვს, ბებიაჩემი მეუბნებოდა - საწყალი გულის პატრონი ხარო. ალბათ, ეს არ არის კარგი, ჯობია გულთან ახლოს არ მიჰქონდეს ბევრი რამ, მაგრამ რაც უფრო მეტად მგრძნობიარე, ემოციური ხარ, ეს მსახიობისთვის პლუსია. ტყუილად ვერაფრით ვიტირებ, ხანდახან სცენაზე არის მომენტები, როდესაც ტექნიკის ხარჯზე უნდა იტირო. მე ამ ტექნიკას ვერ დავეუფლე.


ბავშვობიდან „მოვიპარავდი“... მამას დავიბრუნებდი, მამასთან გატარებულ დღეებს, დროს, მეგობრობას მასთან. ძალიან მაკლია. ბავშვობა ჩემთვის მამასთან იგივდება, იმიტომ რომ დედა მყავს და მინდა, დიდხანს მყავდეს... მამის წყალობით გვქონდა უდარდელი ბავშვობა. ის გვიკეთებდა სიურპრიზებს, ძალიან გვათამამებდა, თუმცა საკმაოდ მკაცრიც იყო, ბევრ რამეს ვერ ვბედავდით. ბავშვობა ჩემთვის არაა ლაღი ხანა მაინცდამაინც. ეს არის ბევრი ფიქრის ხანა. ხანდახან ვფიქრობ, არ მინდა ბავშვობაში დაბრუნება. მხოლოდ მამის გამო დავბრუნდებოდი. მეზარება იმ ცხოვრების, ტკივილის, სირთულეების გამო, რაც მერე მომიწია. რა თქმა უნდა, კიდევ დავიბრუნებდი მეგობრებს. რამდენიმე ხელიდან გამომეცალა აფხაზეთის ომის დროს ...


ჩემი მესაიდუმლე იყო... რაღაც პერიოდამდე უფრო დედასთან ვიყავი გახსნილი, მაგრამ ბოლოს ის, რასაც მამას ვეტყოდი, შეიძლება, დედასთვის არ მეთქვა. 


ბავშვობის სიყვარული... ბავშვობაში მაინცდამაინც არ ვიყავი განებივრებული ბიჭების ყურადღებით. საკმაოდ პუტკუნა ვიყავი და ამიტომ ისინი არ აღმიქვამდნენ, როგორც გოგოს. მე ვიყავი მათთვის ერთი პუტკუნა თანაკლასელი, თანაბაღელი და ასე შემდეგ. სამეჯლისო ცეკვაზე დავდიოდი და, მახსოვს, არავის დიდად არ უნდოდა ჩემთან ერთად ცეკვა, გამხდარ და გაპრანჭულ გოგოებს ირჩევდნენ. საშინლად განვიცდიდი. 


პატარა ნანა დედასთან ერთად