X

სულ სხვანაირი პანჩო

ბავშვობის ფოტოები
11.01.2016 18:00
372

 „...ავიღე გიტარა, ჩემით რაღაცები ვიჩალიჩე, მე თვითონ ვიპოვე რაღაც აკორდები და დავწერე სიმღერა... მაშინ მე-10 კლასში ვიყავი...“ - საკუთარ შემოქმედებით გზას მუსიკოსი და მომღერალი პანჩო იხსენებს.


ბავშვობაში ვოცნებობდი...
რომანტიკული ბავშვი ვიყავი. 15 წლის ასაკში ერთი გოგო მომწონდა (მოპირდაპირე სახლში ცხოვრობს), წარმოვიდგენდი, რომ ბუკიას ბაღში გიტარით ვდგავარ და ამ გოგოს ვუმღერი. ისე მინდოდა, ისე მინდოდა ეს ყველაფერი, რომ ბოლოს და ბოლოს ამიხდა... ოცნებაზე კიდევ ერთი რამ გამახსენდა. ერთხელ მცხეთაში ერთ-ერთ ეკლესიაში ვიყავით მე, ჩემი დეიდაშვილები და მშობლები. გვითხრეს, - სანთელი დაანთეთ, რამე ინატრეთ და სურვილი აგისრულდებათო. მაშინ პატარები ვიყავით. რომ გამოვედით ეკლესიიდან, უფროსებმა გვკითხეს, რა ინატრეთო? ერთმა თქვა, - მშობლების ჯანმრთელობაო, მეორემ, - ხუთოსნობაო... და შენო? მე ვთქვი, - ბაბუა რომ ჩამოვა, ჯინსები ჩამომიტანოს-მეთქი. იმ დროს ბაბუაჩემი ამერიკაში იყო. გავიდა დრო, ჩემი დეიდაშვილები მართლა ფრიადოსნები იყვნენ, კარგად სწავლობდნენ, ბაბუაჩემიც ჩამოვიდა და ჯინსებიც მართლა ჩამომიტანა... ეს ნატვრაც ამისრულდა (იცინის).

პირველი სიმღერა დავწერე... როცა მე-10 კლასში გადავედი. კიკეთში ვცხოვრობდით, ჩვენს კოტეჯში ორი ოჯახი ვიყავით. ერთხელ, ჩვენი მეზობელი ოჯახი თბილისში წამოვიდა და გასაღები ჩვენ დაგვიტოვა, - ხანდახან სახლს მიხედეთო. ერთხელაც, გავაღე მათი კარი, შევედი და გიტარა დავინახე. ავიღე, ჩემით რაღაცები ვიჩალიჩე, მე თვითონ ვიპოვე რაღაც აკორდები და დავწერე სიმღერა. თბილისში რომ ჩამოვედი, ვიღაცამ ერთი აკორდი მასწავლა, სხვამ - მეორე აკორდი... ჩემს პირველ სიმღერას დავარქვი „ზოოპარკში უბერავს ნიავი“. საერთოდ, იცით, როგორ ვწერ სიმღერას, მუსიკას და ტექსტსაც? პირდაპირ ვმღერი ხოლმე, ერთდროულად მოდის ტექსტიც და მუსიკაც. ბავშვობაში უფრო მოდიოდა თავისთავად და უფრო მეტ სიმღერას ვწერდი. სულ პატარა რომ ვიყავი, მაშინაც ვმღეროდი, თუმცა იმ დროს დამცინოდნენ, - ყროყინებ საშინლადო. გიტარაზე რომ დავიწყებდი დაკვრას, სხვა ოთახში გავყავდი და კარს მიკეტავდნენ - აქეთ არ გამოხვიდეო. ვიჯექი და ვარახუნებდი. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ მემღერა და ბოლოს, ეტყობა, ღმერთმა ამიხდინა ეს ნატვრა. ასევე, ბავშვობიდან ვხატავდი და მხატვრობაც ძალიან მინდოდა.

 

მეგობრებთან ერთად... სკოლის პერიოდში მთელი უბანი ბუკიას ბაღში იკრიბებოდა. ჩემი მეგობრები სკოლიდან ჩემთან მოდიოდნენ, რადგან  ბუკიას ბაღი აქვე იყო. როდესაც მე ჯარში ვიყავი, ჩემთან მაშინაც ამოდიოდნენ ჩემი მეგობრები, დედაჩემი საჭმელს უკეთებდათ... ჩემს სახლში სულ ხალხი იყო... უფრო პატარა ასაკში ველოსიპედით, ფეხბურთით და კალათბურთით ვერთობოდით.

 

ბავშვობაში ჩემი საყვარელი ადგილი იყო... აგუძერაში ვისვენებდი, ბიჭვინთაში. დღემდე მახსოვს ის სურნელი... ზღვა ისეთი სუფთაა, ნაპირზე რომ დგახარ, 5-6 მეტრში ფსკერი ჩანს... ძალიან მწყდება გული, რომ ასე დავკარგეთ აფხაზეთი, სულელურად...

 

ბავშვობიდან „მოვიპარავდი“... პირველ რიგში, მეგობრებს დავიბრუნებდი, რომლებიც აღარ არიან. ბევრი მეგობარი დამეღუპა, ვისთანაც ერთად ბავშვობიდან ვიზრდებოდით. მშობლებს დავიბრუნებდი, დედა ახალი გარდაცვლილი მყავს, მამა - უფრო ადრე... იმ თბილისს დავიბრუნებდი, რომელიც ადრე იყო და ახლა აღარ არის. ვერც აგიხსნით, როგორი იყო. სულ სხვანაირი იყო, თვითონ ხალხი სხვანაირი იყო, ურთიერთობა სხვანაირი - სხვა სიტუაცია, სხვანაირი მეგობრობა, სიყვარული... თვითონ ქალაქიც სხვანაირი იყო -  მწვანეში იჯდა. რომ ვუფიქრდები, თითქოს დღეს ყველაფერი გაქვს, რაც იმ დროს გაკლდა, მაგრამ ის მთავარი არ არის დღეს, რაც მაშინ იყო ჩვენს ურთიერთობებში.

 

ჩემი მესაიდუმლე... დედა იყო ჩემი პირველი მეგობარი, ძალიან მიყვარდა... 11 წლით უფროსი ძმა მყავს და რადგან უმცროსი ვარ, რაც არ უნდა გამეკეთებინა, ხელის გულზე მატარებდნენ. ბავშვობიდან ვწერდი და ერთი ზღაპარიც მაქვს დაწერილი. სევდიანად მთავრდება. ძალიან პატარა ვიყავი, რომ დავწერე. სიუჟეტის მიხედვით, რაღაც ხდება სახელმწიფოში და პრინცესა და მუსიკოსი ცხენით გარბიან, იწყებენ ცხოვრებას სადღაც მდელოზე და მერე კვდებიან. არსად ამოდის ბალახი, გარდა მათი საფლავისა, მაგრამ ცხენი ამ ბალახს არ ჭამს და ამის გამო ისიც კვდება... ნოველებსაც ვწერ. ციხეში რომ ვიჯექი, ბევრი დავწერე, ძმაკაცებმა მითხრეს, იქნებ წიგნად გამოვუშვათო... მართლაც, ვაპირებ ნოველებისა და ლექსების გამოცემას ახლობლებისთვის.

პანჩო მამასთან ერთად (მუშტაიდის პარკი)


ჯარში (ვაზიანი)


ჯარშიც უკრავს 

ავტორი: ანა კონოპლიოვა