თაკო ფხაკაძის Childhood time - აკაპულკო, გამწარებული КГБ და ჯიუტად გაუმხელელი პრობლემები

ბავშვობის ფოტოები

7 თებერვალი 20:00, 2015 წელი
30

დღეს ჩვენი სტუმარია Prime time-ს დამფუძნებელი და რედაქტორი თაკო ფხაკაძე.

დაიბადა თბილისში. ოჯახში ნაბოლარა იყო. ხიფათიანი არ ყოფილა, პრინციპში, ამის „საშუალება“ არც ჰქონდა, რადგან ოჯახის წევრები სულ თავზე დაჰფოფინებდნენ. თაკოს ბავშვობა ბაღის ასაკის მოგონებებიდან იწყება:


ბავშვობა ბაღიდან მახსოვს იმ განცდასთან ერთად, როცა ჩემებს ბაღში მივყავდი და მერე ველოდებოდი, სახლში როდის წამიყვანდნენ. არ მიყვარდა ბაღში სიარული, მაგრამ ხმამაღლა არ ვამბობდი, გულში ვინახავდი. იქ შეყვარებული, მგონი, არ მყავდა, ყოველ შემთხვევაში, არ მახსოვს (იღიმის).


დედა - უსაფრთხოების სამყარო


დედაჩემი ჩემი უსაფრთხოების სამყარო იყო. სხვათა შორის, ნაბოლარა რომ ვიყავი, ეტყობა, ამის გამო სულ მეუბნებოდნენ - „შენ ისეთი კარგი, ისეთი ლამაზი ხარ”. მეგონა, ჩემზე ლამაზი ადამიანი ბუნებაში არ არსებობდა (იცინის). მერე, რომ იზრდები და ხედავ, თურმე სხვებიც ძალიან ლამაზები არიან, ვფიქრობდი ხოლმე, ასე რატომ მატყუებდნენ (იცინის). არასდროს ვეუბნებოდი ჩემს შვილს ამას, რადგან მერე რეალობის აღქმა გეკარგება და რაღაც ტიპის დისკომფორტს განიცდი.


სკოლა და ნაძალადევი მუსიკა


სკოლა ძალიან გარკვევით მახსოვს, რა თქმა უნდა. პირველ კლასში მისვლისას ყველა მარიგებდა, რომ კარგად უნდა მესწავლა და ა.შ. თუმცა ყველაზე გამორჩეულად და ემოციურად რაც მახსოვს, ის პერიოდია, როცა ფორტეპიანოზე შემიყვანეს. არ მომწონდა და საშინლად არ მინდოდა... სოლფეჯიოზე რომ მითხრეს - ახლა ჩვენ დავუკრავთ და შენ ნოტები უნდა გამოიცნოო, ეს ჩემთვის შოკი იყო. ვერ ვხვდები, როგორ უნდა გამომეცნო, ეს ჯადოქრობა მეგონა (იცინის).


განებივრებული ბავშვი და გამორჩეული მასწავლებლები


ჩემი დები ჩემზე 13 და 14 წლით უფროსები არიან და ვინაიდან ყველაზე პატარა ვიყავი, საოცრად მანებივრებდნენ (იღიმის). სკოლა და ინსტიტუტიც ისე დავამთავრე, მამაჩემს მივყავდი და მოვყავდი მანქანით. არ მახსენდება, რომ რაღაცას შევნატროდი. სწავლაზე მაინცდამაინც არ ვგიჟდებოდი, საგნებს, ძირითადად, მასწავლებლების მიხედვით ვარჩევდი: თუ მასწავლებელი არტისტული და საინტერესო ადამიანი იყო, მისი ყველაფერი მომწონდა.


ჩაწყობის წყალობით - „სუხიშვილებში“


ცხრა წლის ვიყავი, როდესაც „სუხიშვილების სტუდია“ გაიხსნა და დედაჩემს მეგობარმა უთხრა, თაკო ხომ არ წავიყვანოთო? მაშინ სტუდიაში 11 წლიდან იღებდნენ, მე კი „ჩაწყობის“ წყალობით 9 წლისა მიმიღეს (იცინის). ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა ცეკვა. ქართული ცეკვის კორიფეები - ნინო და ილიკო სუხიშვილები, ფრიდონ სულაბერიძე გვასწავლიდნენ, რაც ძალიან საამაყო იყო.



გასტროლები და კულტურული შოკი


12-13 წლის ვიყავი, როცა სუხიშვილების სტუდიიდან მექსიკაში წაგვიყვანეს. მოსკოვის გავლით უნდა გავფრენილიყავით. ეს იყო პირველი და ისიც, 20-საათიანი ფრენა და ძალიან მძიმედ მახსენდება... თუმცა ადგილზე რომ ჩავედით, ეს მძიმე გზა ბავშვი ერთ წუთში  დაგვავიწყდა. სრულიად ახალი სამყარო აღმოვაჩინეთ, საოცარი შეგრძნება იყო... მგონი, ჩვენ ვიყავით პირველი საბჭოთა ადამიანები, ვინც აკაპულკოში მოხვდა. კიდევ ერთი გასტროლი მახსოვს ძალიან კარგად: 15 წლის ვიყავი, როცა იტალიაში მომიწია წასვლა. ვატიკანი რომ დავათვალიერე, ამდენი მიქელანჯელო და ბოტიჩელი რომ ვნახე, ძალიან დიდი კულტურული შოკი მივიღე.


გამწარებული КГБ-ს აგენტი


გასტროლებზე აუცილებლად ყოველთვის მოგვყვებოდა ვიღაც ადამიანი - კაგებე-ს თანამშრომელი. ეს ფაქტი ბავშვებისთვის ძალიან სახალისო იყო და რას არ ვიგონებდით ხოლმე: ხან კარს ვუკეტავდით, ხან კარის წინ რაღაცებს ვუდებდით... რაც კი რამე მავნებლურის გაკეთება შეგვეძლო, ყველაფერს ვუკეთებდით და ნერვებს ვუშლიდით (იცინის).


სახაზავით დასჯილი ბავშვები და პატარობიდან გამოყოლილი ხასიათის თვისება


წეღან რომ მოგიყევით, ბაღში სიარული არ მიყვარდა და ამას ხმამაღლა არ ვამბობდი-მეთქი, ახლაც ეს თვისება მაქვს: არ ვიცი ჩემი წუხილის და შინაგანი ტკივილის სახალხოდ გამოტანა. ძალიან მომთმენი ვარ და ყოველთვის მირჩევნია, ჩემი პრობლემა თავად გადავჭრა. რა პრობლემაც არ უნდა მქონდეს, ძალიან ახლო მეგობართანაც არ მიყვარს ამაზე საუბარი, ჩემმა მეუღლემ თუ იცის და იშვიათად - ჩემმა შვილმა. აი, კიდევ ერთ ამბავს გეტყვით: „სუხიშვილების“ სტუდიაში ერთი ძალიან უხეში ცეკვის მასწავლებელი კაცი გვყავდა (არ ვიტყვი მის ვინაობას), ფეხებზე გვირტყამდა ხოლმე სახაზავს. საშინელი განცდა მქონდა არა იმიტომ, რომ მტკიოდა, იმიტომ, რომ შეძრული ვიყავი, როგორ გვიბედავდა ბავშვებს ამას... ეს რომ სახლში მეთქვა, დარწმუნებული ვარ, დედაჩემი აუცილებლად მოკლავდა იმ კაცს და მამაჩემიც ზემოდან დაამატებდა (იცინის), მაგრამ სახლამდე არ მომქონდა ეს ამბავი. მეგონა, რომ ეს იყო ჩემი პრობლემა, რომელიც თვითონ უნდა გადამეწყვიტა. ეტყობა, ამგვარი ხასიათი სწორედ აქედან, ბავშვობიდან გამომყვა“.


განსხვავება ადრინდელ და  დღევანდელ თაობებს შორის  


დღევანდელი ბავშვები უფრო განვითარებულები და რაც მთავარია, ძალიან კონტაქტურები არიან. მაკიაჟზე გეტყვით: გრიმის და მაკიაჟის გაკეთება პატარა ასაკშივე ვისწავლე, მაგრამ სახლში როგორ დავიხატავდით მაშინ, თუნდაც თვალებს? აი, სახლიდან როცა გამოვდიოდით, მერე ვიღებდით ჩანთიდან სარკეს და ვიკეთებდით მაკიაჟს (იცინის). ჩემმა შვილმა კი მგონი  გაჩენისთანავე „რუმიანის“ ფუნჯი აიღო ხელში (იცინის). ან მაგალითად, ვინმე თუ მოსწონდა, ძალიან გახსნილად მეუბნებოდა ამას. ჩვენ, თითქოს, უფრო  შებოჭილი ბავშვები ვიყავით, თუმცა მაინც, ბავშვობა ძალიან უდარდელი და მაგარი პერიოდია.