- ამჟამად „Continent Cron Palace Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერი ვარ. 12 წელია, სასტუმრო ინდუსტრიაში ვმუშაობ და საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე. ეს უნიკალური და ძალიან საინტერესო ბიზნესია. გვაქვს ხოლმე საკმაოდ რთული შემთხვევებიც, თუმცა კრიზისული მდგომარეობიდან თავის დაღწევა და დაბრკოლებების გადალახვა საოცრად სასიამოვნო პროცესია.
- როგორი გარემოა საქართველოში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების სფეროში?
- დღეს საქართველოში არ არსებობს ხარისხის კონტროლი, რაც, ჩემი აზრით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. აქ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, რათა შენი პროდუქტის სწორი პოზიციონირება მოახდინო და მომხმარებელს გააგებინო, რომ ის უსაფრთხო გარემოში იმყოფება, იკვებება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით და იღებს მაღალი სტანდარტების შესაბამის მომსახურებას. სწორედ ეს ხარისხი გვაძლევს საშუალებას, თამამად წარვდგეთ სტუმრების წინაშე. ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე და ეს საქმეს ეტყობა. არასდროს მინელდება აზარტი, რაც ამ სფეროში ვმუშაობ და მის გარეშე ცხოვრება საერთოდ ვერ წარმომიდგენია. პროფესიით ისტორიკოსი ვარ და ეს განათლება ამ სფეროშიც მეხმარება - იმავე ტურისტებთან ურთიერთობის კუთხით.
- თქვენი პროფესიით არასდროს გიმუშავიათ?
- არ მიმუშავია, მხედველობაში თუ არ მივღებთ ტურისტულ კომპანიებში გიდის პოზიციას. მე ვაკეთებ საქმეს, რომელიც ჩემია. აბსოლუტურად ყველა ეტაპი გავიარე - დავიწყე ყველაზე დაბალი პოზიციიდან 28 წლის ასაკში, ვმუშაობდი დასუფთავებაში, მიმტანად, „რესეფშენში“, შემდეგ დეპარტამენტის ხელმძღვანელად, მენეჯერად. სასტუმრო-ინდუსტრიაში ბევრ ქვეყანაში მაქვს ნამუშევარი.
- დიდხანს მოგიწიათ საკუთარი თავის ძიება?
- ძიების პროცესი იმას ნიშნავს, რომ არ ხარ ჩამოყალიბებული, რა გინდა. შესაძლოა, შემთხვევით იპოვო შენი სფერო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რეალურად რა გინდა ცხოვრებაში, მიზანდასახულობა, რომელიც უფრო თანდაყოლილია, ვიდრე შეძენილი, შემართება და საქმის სიყვარული. ბევრი სირთულის მიუხედავად, არასდროს უნდა თქვა, რომ დამარცხდი. მთავარი ის არის, დაცემული როგორ ადგები. რამდენიმე დიდი იმედგაცრუება მქონდა ცხოვრებაში, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ საბედისწერო შეცდომა არასდროს დამიშვია. ყოველთვის დიდი იმედი და რწმენა მაქვს.