როგორ კეთდება ბიზნესი მაღალ ქუსლებზე?

ბიზნესლედი

10 ივნისი 16:00, 2015 წელი
43

ძლიერი ქალი, რომელზეც ვერ იტყვი, რომ „სუსტ სქესს“ წარმოადგენს. ქარიზმატული და მებრძოლი, თუმცა ამავე დროს ქალური და ნაზი. ჩვენი სტუმარია „ACT“-ის გენერალური დირექტორი თიკა რუხაძე.

– 90-იანი წლებიდან მოყოლებული ბიზნესში ვარ, განათლებით ფსიქოლოგი გახლავართ და ჩემი პირველი გამოცდილება ინტერვიუერობა იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ქროსსკულტურული კვლევების ცენტრში. 
მიყვარდა ბევრი კითხვის დასმა და ანალიზი... ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. 
ბიზნესის შექმნის წარუმატებელი მცდელობა გვქონდა 1999 წელს. იცით, ეს როგორი დრო იყო? უშუქობა, სიღარიბე, შიმშილი. მეც ორი ბავშვით მარტო დავრჩი. თუმცა ყოველთვის ვგრძნობდი, რომ გვქონდა რესურსი, რაიმე ახალი და სრულიად განსხვავებული გაგვეკეთებინა იმისგან, რასაც მანამდე ვაკეთებდი. 
პროექტის მენეჯერად მუშაობისას ვხვდებოდი, რომ ანალიტიკური, ინტელექტუალური სამუშაო არ ფასობდა, ბიზნესიც ძალიან ცოტა იყო საქართველოში. 


2002 წელს თანამოაზრეები შემოვიკრიბე და საქმე დავიწყე. მახსოვს, მაშინ გიჟებად გვვლიდნენ. მარკეტინგი ძალიან უცხო ხილი იყო. ფული ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა. გვინდოდა, ნამდვილად ღირებული პროდუქტი შეგვექმნა, რომელიც ბიზნესს და კომპანიებს დასჭირდებოდა. ვიქირავეთ ერთი პატარა ოფისი, ერთ მუშას გავარემონტებინეთ და ეგ იყო. ბუღალტერიც ვიყავი საჭიროებისამებრ, იურისტიც, აიიც და კარტრიჯსაც ვცვლიდი ხოლმე. სავარძლები და კომპიუტერები სახლიდან მოვიტანეთ. რეცხვა, დალაგება ყველაფერი ჩვენი საქმე იყო...


ანუ ბიზნესლედი ჭურჭელს რეცხავდა?
– დამიჯერე, ბიზნესლედის მაშინ ნამდვილად არ ვგავდი. პირველი წლის განმავლობაში საკუთარ კომპანიაში $80 მქონდა ხელფასი, შემდეგ $150, 500$ სამსახური დავტოვე ახლა რომ ვფიქრობ იმ რისკებზე... ხშირად მეუბნებოდნენ, რომ არ გამოგივიდეს, მერე რა უნდა ქნაო. მე სამსახურს ისედაც ყოველთვის ვიშოვიდი ინგლისურის და კომპიუტერის კარგი ცოდნით. რამდენი უძილო ღამე და შაბათ-კვირა მიმუშავია, ვინ მოთვლის. ლამის ნერვული კრიზი დამემართა, საშინლად გადავიწვი. ყველა მეკითხებოდა, რა გჭირს, ცუდად ხომ არ ხარო. მას შემდეგ საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ სამსახურს აღარასოდეს მივიტანდი სახლში.


ორი პატარა ბავშვით მარტო დავრჩიო, თქვით. არ გაგიჭირდათ ამ გადაწყვეტილების მიღება?
– იმ პერიოდში საკუთარი შემოსავალი არ მქონდა, მაგრამ ამ მიზეზით ნამდვილად ვერ დავრჩებოდი იმ ადამიანთან. გადაწყვეტილებას თუ ვიღებ, უკან აღარ ვიხედები. ძალიან პატარა ასაკში დავოჯახდი და ნამდვილად არ ვამაყობ ამით. ბევრი ვიფიქრე, სანამ წამოვიდოდი. მეზობელი შემხვდა ერთხელ და მეკითხება: რატომ გაშორდი, შვილო, ქურდობდაო? არა-მეთქი. აბა, ნარკომანი იყოო? არა-მეთქი. გღალატობდაო? არა-მეთქი. ვერც წარმოიდგენდნენ, რომ უსიყვარულობის გამო შეიძლებოდა განვქორწინებულიყავი. ორივეს მეორე ოჯახი გვყავს, დღემდე ცივილიზებული ურთიერთობა გვაქვს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ვმეგობრობთ.


ვხედავ, ყველაფერს პოზიტიურად და რაციონალურად უყურებთ.
– ეს ხასიათში მაქვს. ვერ ვიტყვი, რომ ვინმესგან ვისწავლე. სულ ვფიქრობ, რომ ეს გაკვეთილია და ახლის დასაწყისი.


ბიზნესში, გარე თვალით დანახულ ველურ სამყაროში, რა თვისებები დაგეხმარათ, რომ ყინულმჭრელი გამხდარიყავით?
– პირველ რიგში, უდიდესი თავდაჯერებულობა. არასოდეს მქონია თავში ბარიერი იმის გამო, რომ ქალი ვარ. ბევრი მეუბნებოდა, ქალ ბიზნესკონსულტანტს ვინ შეხვდება და ვინ მოუსმენსო? არ დავუჯერე. ერთადერთი ეგაა, მკაცრად და კონსერვატიულად მეცვა თავიდან.


მარლენ დიტრიხივით?
– დაახლოებით. მერე დიდი შრომა, რა თქმა უნდა... დღეს უკვე  ჩვენ ყველაზე მეტი ბიზნესკლიენტი გვყავს საქართველოში. ვაფინანსებთ „სპოტლაითს“ და მუდმივად ვზრუნავთ დარგის განვითარებაზე. მაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. ოფისები გვაქვს ბაქოსა და ყაზახეთში და მინდა, ეისითი-ს ქსელში კიდევ 20 ქვეყანა ჩავრთო. გარდა ამისა, შევქმენი ახალი კომპანია „გროუინგი“ – პირველი ქოუჩინგ კომპანიაა. ასევე, ვარ ქალთა ბიზნესასოციაცია „women for tomorrow“-ს პრეზიდენტი.


შვილებმა თქვენი გზა აირჩიეს?
– უფროსი, სოფო, გერმანიაში  მუშაობს, ჯეკობსის უნივერსიტეტი დაამთავრა. დამოუკიდებლად გაჰყვა ჩემს გზას, კოგნიტური ფსიქოლოგიის განხრით და დღესდღეობით ონლაინ მარკეტინგის მიმართულებით მუშაობს. უმცროსმა, სალომემაც ფსიქოლოგობა გადაწყვიტა და პარიზში ამერიკულ უნივერსიტეტში მიდის სასწავლებლად, მტოვებს. 
ძალიან გამიჭირდა სოფოს წასვლასთან შეგუება, თუმცა მანამდე დამოუკიდებლობაზე ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გამოვდიოდი. სოფო ისე მენატრებოდა პატარას დავიჭერდი და ჩავკოცნიდი, ვითომ სოფო ხარ-მეთქი. 
ჩემი შვილებისთვის მე ავტორიტეტი ვარ. კი, ვერევი მათ ცხოვრებაში, მაგრამ ავტორიტარულად არა. ის კი არა, დაქალების დედებს ფსიქოკონსულტაციას უწევენ (იცინის).


არ წუწუნებენ, რომ დედა აკლიათ?
– კი. ძალიან გული მწყდება, რომ მათთან ურთიერთობის რაღაც ეტაპები გამომეპარა. ზოგჯერ რაღაცას მიყვებოდნენ და ისეთი დაქანცული ვიყავი, ხელით მიხელდნენ თვალებს, გაყინული თვალებით ისევ ბიზნესზე ვფიქრობდი.


თქვენ როგორი ბავშვობა გქონდათ?
 ჩემი მშობლებიც განქორწინებულები არიან და, ძირითადად, ბებიასთან ვიზრდებოდი. რომ ამბობდნენ, როგორი სერიოზული და დიდიაო, მიხაროდა. დიდის და ჭკვიანის როლი მქონდა სულ. ბავშვობა რეალურად დავკარგე, ბებია ავად იყო და მე ვუვლიდი. ზოგი ასეთ მდგომარეობაში მსხვერპლის როლში გადადის, მე კი ამ როლში ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია, ამიტომ ძალიან მებრძოლი გავხდი. შინაგანი კომპასი მქონდა, ვიცოდი, თვითონ ვიყავი საკუთარი თავის პატრონი და თუ რამეს დავაშავებდი, ისევ საკუთარ თავს დავუშავებდი. ყველა ადამიანმა საკუთარი წილი სისულელე უნდა გააკეთოს.