თინათინ გეთიაშვილი - მშვენიერი მენავთობე და ჰოტელერი ქალი

ბიზნესლედი

8 ივლისი 16:00, 2015 წელი
43

უმშვენიერესი თიკო გეთიაშვილი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და წარმატებული ბიზნესლედია საქართველოში. იგი თბილისში სასტუმრო „სითი პლაზას“ დამფუძნებელია. ქალური მომხიბვლელობის მიღმა უზარმაზარი ბექგრაუნდი და მტკიცე ხასიათი დგას.


- თიკო, როგორ ფიქრობთ, რომ არა ბიზნესი, დღეს სად იქნებოდით?
- რომ არა ბიზნესი, ალბათ მედიცინაში. პროფესიით პედიატრი ვარ, თუმცა დიდი ხანია, თეთრი ხალათი გავიხადე და მეწარმე გავხდი.


როგორ დაიწყეთ ბიზნესი, რა ხდებოდა საქმის სათავეებთან?
- სრულიად შემთხვევით. ამჟამად ვარ ექიმიც, მეწარმეც და ჰოტელერიც. როგორც უკვე გითხარით, განათლებით ექიმი ვარ, მივიღე უმაღლესი სამედიცინო განათლება და ვმუშაობდი პედიატრიაში. ერთხელ ჩემმა მეგობარმა დამირეკა და უმსხვილესი იტალიური ნავთობკომპანიის „საიპემის“ ძალიან საინტერესო პროექტი გამაცნო. კომპანიას საქართველოში, კახეთის რეგიონში უნდა ეწარმოებინა  ბურღვითი სამუშაოები. მე მათი კონტრაქტორობა შემომთავაზეს. ეს პროექტი ჩემს  მეუღლეს უნდა გაეკეთებინა. ის, სამწუხაროდ, ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა და არ დასცალდა. ამიტომ ეს საქმე ჩემთვის, 22 წლის გოგოსთვის, ორმაგად საპასუხისმგებლო იყო. არ შემშინებია, ვცდილობდი, პროექტი ისე განმეხორციელებინა, როგორც ჩემს მეუღლეს ჰქონდა ჩაფიქრებული. ბურღვასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის შესწავლა მომიწია. გვერდში დამიდგნენ მამა, ძმა და, რა თქმა უნდა, მეგობრებიც.
ცხოვრების შემდეგ ეტაპზე ისევ მომიხდა პროფესიის შეცვლა და გავხდი ჰოტელერი.
პირველი პროექტის დასრულების შემდეგ საკუთარი კაფეც გავხსენი, სადაც სამღებრო სამუშაოებიც კი საკუთარი ხელით შევასრულე. სამწუხაროდ, ამ კაფეს დიდხანს არ უმუშვია, რადგან დიდი პროექტი დაიწყო საუდის არაბეთში და მასზე გადავერთე. ის დღემდე წარმატებით მიმდინარეობს. არაბეთში ბურღვით სამუშაოებზე დასაქმებულ ასამდე ადამიანს ვკურირებ. პარალელურად დავაფუძნე „საქართველოს პროფესიული განვითარების ცენტრი“, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ვატრენინგებთ.


- რთული იქნებოდა ალბათ?
- უცებ რომ დაგირეკავენ და გეტყვიან, ასეთი საპასუხისმგებლო პროექტია და გაინტერესებს თუ არაო, რა თქმა უნდა, რთულია... შინაგანად მქონდა მოლოდინი, რომ რაღაც დიდი უნდა გამეკეთებინა. როცა გასაუბრებაზე მივედი, აღმოჩნდა, რომ იქ სხვა ქვეპროექტებიც იყო, ჩემთვის ასევე ძალიან საინტერესო. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამხელა ნდობა გამომიცხადა. არავის შეპარვია ეჭვი, რომ მე ამას შევძლებდი. ძალიან ბევრი რამის სწავლა მომიწია ერთდროულად. სამაგიეროდ - უცებ გავიზარდე.


- თავის დროზე პედიატრობა რატომ გადაწყვიტეთ?
- როგორც ყველა გოგოს, მეც ძალიან მიყვარდა თოჯინებით თამაში. ეს ოცნება ავისრულე - უშუქობაში, დაქცეულ ქვეყანაში ოცდაოთხ საათს ვმუშაობდი საკუთარ თავზე. თუმცა ექვსი წლის შრომისა და წვალების შემდეგ პროფესია შევიცვალე. 


- სასტუმროს ბიზნესი როგორ დაიწყეთ?
- ეს იდეა, დაახლოებით, ათი წლის წინათ გაჩნდა. როცა რეგიონში ბურღვით სამუშაოებს ვაწარმოებდით, იქ გავაკეთეთ სასტუმრო მომსახურე პერსონალისთვის. ეს საქმე ძალიან მომეწონა და მივხვდი, რომ სერიოზულად უნდა მეკეთებინა. დაახლოებით, ექვსი თვეა, აქტიურად ჩავები ამ სფეროში და „სითი პლაზას“ სტაფთან ერთად, ყველაფერში ვმონაწილეობ. ბუნებით მაქსიმალისტი ვარ, ბევრს ვითხოვ, როგორც საკუთარი თავისგან, ასევე სხვებისგან, თუმცა ხანდახან ვფიქრობ, რომ ამაში მართალი არ ვარ. ძალიან რთულია და წლებია საჭირო, კარგი გუნდი რომ შედგეს. უპირატესობას ვანიჭებ ადამიანებს, რომლებსაც შრომა უყვართ და შემიძლია, გავზარდო ამ ბიზნესში. არ ვიცი, რატომ, მაგრამ შინაგანად ყოველთვის ვგრძნობ, ვის რა შეუძლია. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო - ჩემთან მუშაობა ნამდვილად არ არის მარტივი (იღიმის).


- 22 წლის ასაკში ამხელა პასუხისმგებლობა აიღეთ. დასვენება, გართობა, სილაღე არ დაგაკლდათ?
- ძალიან ადრე გავთხოვდი და მალე დავქვრივდი. გართობისთვის და დასვენებისთვის დრო ნამდვილად არ მქონდა, ბოლომდე ჩაბმული ვიყავი ამ საქმიანობაში. მაგრამ რამოდენიმე წლის წინ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ისევ მომანდომა გართობაც, დასვენებაც და სილაღეც. შევქმენი ოჯახი და გავაჩინე კიდევ ორი შვილი... მინდა, მას მადლობა ვუთხრა ყველაფრისთვის.