მარიკა ხალიანი - ძლიერი და რისკიანი მაქსიმალისტი

ბიზნესლედი

15 ივლისი 16:00, 2015 წელი
63

პროფესიით კიბერნეტიკოსი, საბანკო ექსპერტი და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი – მშვენიერი ქალბატონი ხასიათის გამოკვეთილად მამაკაცური შტრიხებით. ჩვენი რუბრიკის სტუმარია რამდენიმე ბიზნესის მფლობელი, „გრინ ბილდის“ დამფუძნებელი და დირექტორი მარიკა ხალიანი.

- ოჯახმა მირჩია კიბერნეტიკაზე ჩაბარება, ჩემი უნარებიდან გამომდინარე. თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს არ იყო ის, რაც ნამდვილად მინდოდა. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დავიწყე საბანკო სისტემაში მუშაობა. ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახურში მუშაობამ ბევრი რამ მომცა პროფესიული ზრდის თვალსაზრისით. მიწევდა კომერციული ბანკების მონიტორინგი და ამან ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა. იმ პერიოდში „ESM“-ში ფრანკფურტის საბანკო აკადემიის პროექტი განხორციელდა და ბაკალავრიატის სრული კურსი გავიარე.


- და ბიზნესი? როგორ და სად დაიწყო?
- პირველი ბიზნესი იყო „ჰენდმეიდისა“ და ნაქსოვების მაღაზია, რომელსაც კარგი სტარტი ჰქონდა. მე ინვესტიცია ჩავდე და მართვა ჩემს მეგობრებს მივანდე. გოგოებმა საქმეს თავი კარგად გაართვეს, კარგი გემოვნება და დიზაინერული ნიჭი ორივეს ჰქონდა. რთულ პერიოდში გვიწევდა ბიზნესის კეთება. ბიჭები გვეხმარებოდნენ მაღაზიის სარემონტო სამუშაოებში.  უშუქობაში ნათხოვარი გენერატორით ვანათებდით რემონტის პროცესს და იქვე  კართან ჩართული გენერატორი გაიტაცეს (იცინის), ჩემი სახსრებით მომიწია მერე ყიდვა. ბიზნესი მალევე დასრულდა, რადგან ქვეყანასაც და ჩვენც გვიჭირდა. პარტნიორებს ოჯახის სარჩენი საშუალება სჭირდებოდათ. ბიზნესი კი ისეთი სფეროა, საბრუნავ სახსრებს სისტემატურად ითხოვს და ნაწილი მაინც უკან უნდა ჩააბრუნო, სხვაგვარად მუდმივად სტარტ აპ-ის რეჟიმში ხარ და ვერ ვითარდები. ბიზნესი პატარა ბავშვივითაა, ძალიან ბევრს ითხოვს ენერგიის თვალსაზრისით, მაქსიმალურად ბევრი უნდა მისცე და გაიღო მისთვის.


მამაკაცური ხასიათი მაქვსო, ამბობთფუტურისტული აზროვნებაც გაქვთ, როგორც ჩანს.
კი და მამაკაცებთან მეგობრობა მიადვილდება. მეც ღირსეულ მეგობრობას ვუწევ და ძმაკაცად მიმიჩნევენ. ამიტომაც არასოდეს შემშინებია, არც უკან დახევაზე მიფიქრია ოდესმე, თუმცა მქონია ჩავარდნის პერიოდები. რისკიანი ვარ, ალღო და ინტუიციაც კარგი მაქვს და, რაც მთავარია, ძალიან გამიმართლა გუნდსა და მეგობრებში. შემდეგ იყო ჯართის ბიზნესი.


- ჯართის ბიზნესი? ის ხომ მამაკაცურ ბიზნესად მიიჩნევა. შავი ლითონის ექსპორტს ეწეოდით?
- კი, შავი ლითონის ექსპორტი თურქეთში. ბიზნესმა საკმაოდ კარგად იმუშავა, წარმატების ძირითადი საწინდარი შეკრული, ერთგული, შეუპოვარი და პროფესიონალი გუნდი იყო, სადაც, შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ განებივრებული ვიყავი. შემდეგ იმავე გუნდმა და რამდენიმე ჩემმა ბანკირმა მეგობარმა დავაფუძნეთ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც 2,5 წლის შემდეგ გერმანულ კომპანიას მივყიდეთ. საკანონმდებლო ცვლილებების გამო ჯართის ბიზნესი დასრულდა და სიახლის ძიება დავიწყე. მე და ჩემმა მაგისტრატურის მეგობარმა (ქალმა) დავაფუძნეთ სამშენებლო მასალების იმპორტიორი ფირმა „გრინ ბილდი“. დავდიოდით ეს ორი გაპრანჭული გოგო სამშენებლო კომპანიებში მოლაპარაკებებზე. თავიდან ირონიული დამოკიდებულება ჰქონდათ, მაგრამ, როცა პროექტების შესახებ ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს იღებდნენ, დამოკიდებულება ეცვლებოდათ. ოპერატიულად და ხარისხიანად ვასრულებდით ჩვენს საქმეს. ერთმა ბიზნესმენმა, რომელიც მხოლოდ ტელეფონით მიცნობდა, ორ დღეში სამოცი ათასის ოდენობით პირველი ტრანში გადმომირიცხა. რთული პერიოდებიც მქონდა,  ერთადერთი ქალი ვიყავი, უდიდეს სამშენებლო ობიექტზე თავზე „კასკით“ რომ ვიდექი და ხელოსნების მუშაობას ვაკონტროლებდი.


- შეცდომები და ჩავარდნები ხშირად გქონიათ?
- შეცდომები მქონდა...  თავიდან ყველაფერი მარტივად რომ გამოდის, თითქოს ეს ჩვეულებრივია და ვერ აფასებ, სანამ წარუმატებლობისა და წვალების გემოს არ გაიგებ. გამიგია, ებრაელი ასე ლოცავს თავის შვილს: პირველ სამ საქმეში არ გაგიმართლოსო (იცინის). მერე იმდენი წარუმატებლობა ვნახე, კარგად დავაფასე ჩემი მთავარი საგანძური.


- ტრენინგცენტრიც გქონდათ, საკმაოდ საინტერესო.
კი, პირველად ტრენინგზე ხათუნა მუზაშვილთან მოვხვდი, სადაც გავიცანი ქალბატონები, რომლებმაც შემდეგ პარტნიორობა შემომთავაზეს და ერთად დავაფუძნეთ ტრენინგცენტრი. ჩამოვიყვანეთ ნიკოლაი ლატანსკი. პირველი პროექტი საკმაოდ წარმატებული გამოვიდა, ამას მოჰყვა რამდენიმე ასევე წარმატებული პროექტი, საბოლოოდ ჩემი ინტერესები სხვა სფეროზე გადაერთო და ჩემი წილი ჩემს პარტნიორებს ვაჩუქე. ბოლო პერიოდში გავხდი კომპანია ICW-ს წარმომადგენელი კავკასიაში. ეს არის თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოების ბიზნესი. ბიზნესი, რომელსაც არ სჭირდება დრო - მენეჯმენტის, კონტროლისა და თანამშრომლების მართვისთვის. საკმაოდ მაღალრენტაბელური და კომფორტული ბიზნესია დაკავებული ადამიანებისთვის.
ამჟამად, ასევე, დაკავებული ვარ ქოუჩინგით, გავიარე ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქოუჩინგის პროგრამა. ამასთანავე, ვსწავლობ დოქტორანტურაში და ვმუშაობ დისერტაციაზე ტალანტების მენეჯმენტის მიმართულებით.