„ქარის მოტანილი არაფერი მინდა“ - როგორ შრომობდა სოფელში ფიზიკურად აზარტული ბიზნესლედი...

ბიზნესლედი

22 ივლისი 18:00, 2015 წელი
50

„ანდამატი L&N“-ის, „ვვილა იყალთო ჰო-რე-კას“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, ასევე, „იყალთოს მარნის“ თანადამფუძნებელი - ეს ძლიერი ქალბატონი ლალი წიკლაურია.


- ქალბატონო ლალი, რა ასაკიდან იწყება თქვენი ბიზნესგამოცდილება, რატომ გადაწყვიტეთ?

- მყავდა ახალგაზრდა მეუღლე, რომელიც, სამწუხაროდ, ავადმყოფობდა და ოჯახს მატერიალური სახსარი სჭირდებოდა. 45 წლის ასაკში გარდაიცვალა... მანამდე ამაზე არასოდეს მიფიქრია, ვმუშაობდი ტელევიზიაში, თეატრში. სატყეო-საინჟინროც მაქვს დამთავრებული და სარეჟისოროც (ეღიმება). ერთმანეთთან ახლოს არ არის ეს პროფესიები. 
თავიდან გავაკეთე სასწავლო პროგრამების ცენტრი და ჩემი შვილები სასწავლებლად ინგლისში გავუშვი. გაჩნდა იდეა, რომ დავხმარებოდი ბავშვებს უცხოეთში სასწავლებლად წასვლაში.
პირველი კომპანია იყო „განათლება 21“ და საკმაოდ გაამართლა.
მას შემდეგ მე და ჩემმა პარტნიორმა ამ საქმეში დავაფუძნეთ ანდამატი L და  N, სასწავლო და ტურისტული მოგზაურობების ცენტრი. სასწავლო პროგრამები გვაქვს შტატებსა და დიდ ბრიტანეთში.
ამ ცენტრმა საკმაოდ კარგად იმუშავა. ერთ-ერთი წამყვანი აგენტი ვიყავი ინგლისში, 1000-ფუნტიან სასაჩუქრე პაკეტებს მჩუქნიდნენ.
ამ ყველაფრის შემდეგ გამიჩნდა იდეა, დამეფუძნებინა საოჯახო სასტუმრო და ავიღე პირველი ტურისტული სესხი - 45 000 ლარი.
ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთე, არც ფიზიკური შრომა მითაკილია. ამ საქმეში დამეხმარნენ არქიტექტორი პაატა ქურდიანი და ნიკოლოზ ოდიკაძე, ძალიან კრეატიული ადამიანი. წარმოიდგინეთ, მაშინ ჩემი სასტუმროებისთვის კულინარიულ მხარეს მე ვაგვარებდი. თბილისიდან ჩავდიოდი კახეთში და ჩემი ხელით ვამზადებდი კერძებს. ძალიან ბევრი რამის გაკეთება და გადაკეთება მოგვიხდა. სასტუმროებს დასჭირდა ბარ-რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, აუზი. ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ ამ საქმეში. ადგილობრივებიც ძალიან დაგვეხმარნენ... ძალიან მიყვარს ჩემი კახელები - პირდაპირი, პატიოსანი და საიმედო ხალხია. 
ახლახან გაჩნდა ახალი კონცეფცია. დავამატეთ ახალი, ოღონდ არასაოჯახო ტიპის 50-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც თვე-ნახევარში ამუშავდება.
გვქონდა გარე ტურები და ახლა შიდა ტურებიც გვაქვს. ძალიან საინტერესო ინფო ტურები გვქონდა, რუსეთიდან, უცხოეთიდან... გამოვირჩევით იმით, რომ გვაქვს ღია აუზი ზამთრის პერიოდში, რომელიც თბება, კახეთისთვის ეს საკმაოდ საინტერესო ინოვაციაა. ჩვენ, ძირითადად, ორიენტირებულნი ვართ აგროტურიზმზე, გვაქვს ჩვენი მეურნეობა და მოგვყავს ბიო, ნატურალური პროდუქტი. 


- კახური აქცენტი არ გაგიჩნდათ?
- მე თბილისიდან კახეთში, იყალთოში გავთხოვდი, არაჩვეულებრივი მეუღლე მყავდა, ძალიან კარგი ადამიანი, სხვადასხვა დროს დიდ თანამდებობებზე მუშაობდა. რვა წელი გავუძელი „წნეხს“ და შემდეგ უკვე დავიწყე თელავური აქცენტით წამღერება (იცინის).


- ფინანსურ რისკებზე ხშირად წასულხართ?
- ფინანსური რისკები ბიზნესის დოგმატური საკითხია, აქსიომაა. სანამ არის ბიზნესი, არის ფინანსური რისკიც. მაგრამ რისკის არ მეშინია. როცა სასწავლო პროგრამები დავიწყე, მაშინ შევიძინე ბიზნესგამოცდილება. 


- რა თვისებები სჭირდება ქალს ბიზნესში?
- ქალს ბევრად უფრო პრაქტიკული ჭკუა აქვს, ვიდრე მამაკაცს. აუცილებელია მიზანდასახულობა, საქმის სიყვარული და ბოლომდე მიყვანა. ეს ახირება და საზოგადოებაში წარმოჩენის სურვილი არ არის.
ბევრი სირთულე შემხვდა, მაგრამ საქმეს არ უნდა უღალატო. ქარის მოტანილი არაფერი მინდა, მირჩევნია საკუთარი შრომით მოვიპოვო. ყოველთვის ეტყობა საქმეს, როდის არის სიყვარულით გაკეთებული და როდის - მოვალეობის მოხდის მიზნით. ამიტომ ვცდილობ, თანამშრომლებთანაც ავტორიტარული არ ვიყო, რომ მათ სიყვარულით აკეთონ თავიანთი საქმე და არა შიშის გამო.


- საკუთარ თავზე ძალიან დიდი ტვირთი აგიღიათ...
- საკმაოდ. პირველი ჩემი რისკიანი საქციელი ის იყო, რომ სოფელში მცხოვრები, ლამაზი, ჩამოყალიბებული, კეთილშობილი ადამიანი შემიყვარდა და 18 წლის ასაკში გავთხოვდი, იყალთოელების რძალი გავხდი. სოფელში რომ ჩავედი, სახლი ჩემს ჭკუაზე გადავაკეთე, დავაგე იატაკი, აგური... ჩემი ხელით მაქვს ამოთხრილი მიწა ორმეტრიანი ქვევრისთვის. ხანდახან მიგრძნია, რომ ხასიათში კაცური შტრიხები მემატება და საკუთარი თავისთვის მითქვამს: ლალი, არ დაგავიწყდეს, რომ ჯერ ქალი ხარ და მერე ყველაფერი დანარჩენი-მეთქი... (იცინის).
ძალიან მიყვარს სოფლის გარემო და მინდა, ადგილობრივები იქ დავაკავო და დავასაქმო. მინდა რეგიონშიც იყოს ევროპული გარემო და ინფრასტრუქტურა.


- ალბათ, დიდი აზარტია საკუთარი საქმის კეთება...
- ძალიან აზარტული ვარ, ოღონდ აზარტულ თამაშებს ახლოს არ ვეკარები. კიდეც აღვნიშნე, იოლად ნაშოვნი არაფერი მინდა. მინდა ის, რასაც სიყვარული და მადლი მოაქვს. ზოგადად, იღბლიანიც ვარ, დედაჩემი მთელი ბავშვობა ამას მეუბნებოდა ხოლმე.


- შვილებზე რას გვეტყვით?
- საკმაოდ რეალიზებული და წარმატებული შვილები მყავს. დედა ვარ და, ალბათ, ამას მე არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ასეა - გოგონა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში მუშაობს, ვაჟი სასულიერო პირია - მამა გიორგი. ეს ჩემი ოჯახისთვის საკმაოდ მოულოდნელი შემობრუნება და ღვთის წყალობა იყო. ღმერთის მადლობელი ვარ, ძალიან მწამს, რომ ყველაფერი მისი დახმარებით მაქვს. ორივე დაოჯახებულია და ამჟამად მერვე შვილიშვილს ველოდები. ამაყი ვარ საკუთარი შვილებით.
ალბათ, მშობლის მაგალითს დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად წარმატებულია მშობელი.


- მკაცრი დედა იყავით?
- საკმაოდ, თავიდან განსაკუთრებით. ძალიან მომთხოვნი ვიყავი მათ მიმართაც და საკუთარი თავის მიმართაც. მაგრამ მათ აღზრდასა და საქმეში ძალა და თავი არ დამიზოგავს. შვიდი წელი ღამე თითქმის არც კი მძინებია. შვილის მარტო გაზრდა არ არის საკმარისი, უნდა აღზარდო და ასწავლო იმის გარჩევა, რა არის კარგი.