ხათუნა სალუქვაძე: ამ საქმეში საკუთარი ჯიბიდან კაპიკი არ ჩაგვიდია

ბიზნესლედი

5 აგვისტო 16:00, 2015 წელი
51

ჩვენ ვაგრძელებთ თხრობას ქალებზე, რომლებიც სტერეოტიპებს ანგრევენ. დღეს ჩვენი სტუმარია „ვანილა ქეითერინგის“ თანადამფუძნებელი, სამი შვილის დედა ხათუნა სალუქვაძე.


- პროფესიით სოციოლოგი ვარ და ამ სფეროში 18 წლიდან ვმუშაობდი. „ქეითერინგის“ ბიზნესი მე და ჩემმა მეგობარმა ქეთევან გოლეთიანმა დავაფუძნეთ. ძალიან მიყვარს კულინარია, სულ ვამზადებდი სხვებისთვის, ჰოდა, ამ სხვებმა მომცეს ბიძგი, რომ უკვე დრო იყო, ამ საქმეზე სერიოზულად მეფიქრა. სახელი „ვანილაც“ ერთდროულად მოგვაფიქრდა ორივეს.


- დღეს რას მოიცავს თქვენი ბიზნესი?
- ვაკეთებთ ივენთებს, ფურშეტებს, კოფი-ბრეიქებს. საკონფერენციო მომსახურება გვაქვს. ასევე - საქორწილო მომსახურებაც, საქორწილო ტორტები. მგონი, მხოლოდ სამშენებლო ბიზნესში არ ვართ, თორემ დანარჩენი ყველაფერი გვაქვს (იცინის). 


- თუ გქონდათ ახლობლების მხარდაჭერა ამ საქმეში?
- რა თქმა უნდა. ჩემი ოჯახი, მეუღლე ძალიან დამიდგნენ მხარში. რატომღაც, ქართველი ქალი ყოველთვის ჯერ დედად და დიასახლისად მოიაზრება და უკვე მერე - პროფესიონალად, მაგრამ მე საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე. ჩვენ, ძირითადად, კორპორაციულ კლიენტებს ვემსახურებით და მამაკაცი პარტნიორებისგან უარყოფითი დამოკიდებულება არ მიგრძნია (ეღიმება). სულ ინტერნეტში ვიქექები, რათა ინოვაციებსა და ტრენდებს არ ჩამოვრჩე.


- შეიძლება, ოდესმე სერიალების მაყურებელი დიასახლისი ყოფილიყავით?
- გამორიცხული არაფერია, მაგრამ არა მგონია, სერიალებისთვის მომეცალა. ვაფასებ ქალს, თუნდაც დიასახლისს, რომელსაც საკუთარი საქმე აწყობილი აქვს. აქტიური ადამიანი ვარ და უსაქმოდ ვერ გავჩერდებოდი.



- გყავდათ თქვენს საქმეში მისაბაძი ქალი?
კი, არის ასეთი - მსოფლიოში სახელგანთქმული კულინარი ნაიჯელა ლაუსონი, მან სატელევიზიო შოუთი გაითქვა სახელი და დღეს საკმაოდ დიდი კულინარიული ინდუსტრია აქვს. მინდოდა, მისნაირი ვყოფილიყავი. 
როცა ვიწყებდი, ბევრი შიში და ეჭვი მქონდა. საშინლად თვითკრიტიკული ვარ. საკუთარი ხელით გაკეთებული კერძი არასოდეს მიჭამია, დაიჯერებთ? შეიძლება, მხოლოდ დავაგემოვნო, რამე ხომ არ აკლია. განსაკუთრებით ჩემი მეუღლის აზრი მაღელვებს. მან თუ დამიწუნა, ძალიან განვიცდი, გულზე მხვდება ხოლმე (იცინის). მეგრელია და საოცარი გურმანია. თან ძალიან იშვიათად ვხედავ - მეზღვაურია, სულ გემზეა და სულ წასულია. ამიტომ მას განსაკუთრებულად ვემსახურები.



- არ გიჭირთ მეუღლესთან ასე ხანგრძლივი განშორება?
- თავიდან ძალიან მიჭირდა, სულ ვტიროდი. მერე შევეჩვიე. მე თვითონ გემზე სულ ორჯერ ვარ ნამყოფი, ისიც - პორტში მდგარ გემზე  და დავიფიცე, რომ გემით სამოგზაუროდ არასდროს წავიდოდი (იცინის). მე ხმელეთის ადამიანი ვარ. გემზე ყოფნა ძალიან რთული და სპეციფიკურია.


- ქეითერინგის ბიზნესი რითია საინტერესო?
- საინტერესოა და სახალისო, მაგრამ დეტალების მიმართ ძალიან დიდ ყურადღებასა და სიზუსტეს მოითხოვს. თავიდან ბევრი შეცდომა გვქონდა. ჩვენ ხომ მაინც არაპროფესიონალები ვიყავით, ნულიდან დავიწყეთ. ხან რაღაც გაფუჭდა, ხან რაღაც სათანადოდ ვერ გავაკეთე, ძალიან ვინერვიულე. მაგრამ ახლა ქარხანასავით ავაწყვეთ ყველაფერი.


- ძლიერი ხასიათი გაქვთ, ჩანს. ვის უმადლით ამ ყველაფერს?
- დედაჩემს! დედა ძალიან ძლიერი ქალია, თავისი ბიზნესი ჰქონდა - სამი მაღაზია ბათუმში და არაჩვეულებრივად უძღვებოდა. ბაბუაჩემს ჰგავს ხასიათით, ბაბუაც ძალიან ძლიერი ადამიანი იყო. როგორც ჩანს, გენეტიკა ამ საკითხშიც მნიშვნელოვანია. დედაც „ქორი“ იყო ბიზნესში, მეც მკაცრი და „ქორი“ ვარ, საქმეში ქალური ხასიათი არ მაქვს, უფრო მამაკაცურად ვაზროვნებ.


- და რა ფინანსებით დაიწყო თქვენი ბიზნესი?
- მე და ქეთევან გოლეთიანს ამ საქმეში საკუთარი ჯიბიდან კაპიკი არ ჩაგვიდია. პირველი შეკვეთის თანხა ჩავდეთ და ძალიან ბევრის გაცემა მოგვიწია, სულ უკან ვაბრუნებდით ფულს. სამაგიეროდ, ახლა გამართულად ვმუშაობთ მოგებაზე.
გვყავს საკუთარი კლიენტების „ფანკლუბი“ და საკუთარი თავის ფასიც კარგად ვიცით. არავის არაფერს ვეხვეწებით.