ეკა ჟვანია: ხშირად გვიწევს კლიენტებისთვის იმის ახსნა, რა განსხვავებაა PR-სა და რეკლამას შორის

ბიზნესლედი

12 აგვისტო 16:00, 2015 წელი
69

პოზიტიური და ენერგიული, მდიდარი სამუშაო გამოცდილებით... PR და მარკეტინგული კომუნიკაციების ცნობილი კომპანიის „ჯეპრას“ ხელმძღვანელი ეკა ჟვანია ძალიან საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა.


- უკვე ცამეტი წელია, „ჯეპრა“ წარმატებით მუშაობს ქართულ სივრცეში პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით, თუმცა მე მის სათავეებთან არ ვმდგარვარ, ამიტომ არ გამომივა ემოციური თხრობა პირველად სიძნელეებსა და სათავეებზე  (ეღიმება). გუნდის თავდაუზოგავი შრომის ფონზე კომპანია ცამეტი წლის განმავლობაში წარმატებით ვითარდებოდა. ბევრი რამ გამოვიარეთ, თუმცა გარკვეულ სირთულეებს  დღესაც ვაწყდებით - თუნდაც იმას, რომ ხშირად გვიწევს კლიენტებისთვის იმის ახსნა, რა განსხვავებაა საზოგადოებასთან ურთიერთობასა (PR) და რეკლამას შორის. პიარი ფუფუნების საგანი არ არის და ნებისმიერ საქმიანობაში წარმატების ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენს.
ძალიან ამაყები ვართ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში უამრავი სერიოზული გამოწვევა მივიღეთ.
ასე განვვითარდით და დღემდე წარმატებით მოვედით.  
რეალურად, ჩვენი პირველი პროექტი იყო, ერთ-ერთ დეველოპერულ კომპანიასთან ერთად, „მზიურში“ კედლის მოხატვა. მართლა ძალიან ლამაზი გამოვიდა. დღეს, ძირითადად, დიდ საერთაშორისო კომპანიებთან ვმუშაობთ. გვიმუშავია პოლიტპიარის მიმართულებითაც, რაც ძალიან საინტერესოა, რადგან დიდ მასებთან გაქვს შეხება. ახლა აღარ გვაკითხავენ, თვითონ აგვარებენ ალბათ (იცინის).


- თქვენ როგორ მოხვდით „ჯეპრაში“?
- აქ სამი წლის წინათ მოვედი, ეს პოზიცია ბატონმა სოსო გალუმაშვილმა შემომთავაზა. ჩვენი ნაცნობობა პიარსკოლიდან დაიწყო, სადაც მისი სტუდენტი ვიყავი. მანამდე ჩვენ ორი დიდი პროექტი გავაკეთეთ ერთად.

- როგორც ვიცი, იტალიაში ცხოვრობდით...
- დიახ, მე სოხუმიდან ვარ... 12 წლის ასაკში წავედი გაცვლითი სასწავლო პროგრამით სიცილიაში, პალერმოში. იმ პერიოდში  მამა გარდამეცვალა და დედას ძალიან უნდოდა წავსულიყავი, რათა სტრესული მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. სკოლაშიც იქ დავდიოდი. სიცილია თავისებური, უფრო ჩაკეტილი რეგიონია ევროპაში, ტრადიციებს ინარჩუნებენ. უზარმაზარი თვალებით, გაოცებული ვუყურებდი ყველაფერს. ძალიან მაგარი ხალხია, ქართველებს ჰგვანან, განსაკუთრებით გურულებს! როცა ჩავედი, ერთი სიტყვაც არ ვიცოდი იტალიურად და უზარმაზარი ლექსიკონით დავდიოდი. ერთ თვეში უკვე ვსაუბრობდი ამ ენაზე. რა ვიცი, დღემდე ვინც კი მისმენს, აღნიშნავს, რომ იტალიურად კარგად ვმეტყველებ. ასევე, კარგად ვიცი ფრანგული, ინგლისური ენები. მხოლოდ გერმანული ვერა და ვერ ვისწავლე (იცინის).


- რა პროფესია გაქვთ?
- ეკონომისტი ვარ, ტურიზმის მენეჯმენტის განხრით, მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ სფეროში საერთოდ არ მიმუშავია. უბრალოდ, ასე გამოვიდა - არც მიძებნია ამ მიმართულებით სამსახური. რეალურად, მუშაობა მეორე კურსზე, 18 წლის ასაკში დავიწყე, ტექნიკის უდიდეს მაღაზიაში გაყიდვების მენეჯერი ვიყავი. მართალია, სწავლას ძალიან დავაკელი, რადგან სრულ განაკვეთზე ვმუშაობდი, მაგრამ ამ გადასახედიდან არაფერს ვნანობ. პრაქტიკა მაინც ყველაფერია. $110 მქონდა ხელფასი და ამით ძალიან ამაყი ვიყავი.
მას შემდეგ ტექნიკაში, კომპიუტერულ პროგრამებსა და ადამიანებთან ურთიერთობებში კარგად ვერკვევი. დიდი გამოცდილება მივიღე და ამან ჩემს ცხოვრებაში სერიოზული რევოლუცია მოახდინა.


- დედა რა აზრის იყო ამ ყველაფერზე?
- გაგებით ეკიდებოდა და ზედმეტად არ ჩარეულა ჩემს ცხოვრებაში. ვერც იმას ვიტყვი, რომ ჩემს ნებაზე ვიყავი მიშვებული და საერთოდ არ ერეოდა ჩემს გადაწყვეტილებებში.


- ესე იგი, მკაცრად არ გზრდიდათ.
- არა, პირიქით. ძალიან ლაღად ვარ გაზრდილი, არ მეტყობა (იცინის)?. მეც ვცდილობ, ასე გავზარდო ჩემი შვილები. ორი ბიჭი მყავს და ორივე ძალიან ცელქია. მე მგვანან ხასიათით. ბიჭივით ვიყავი ბავშვობაში, სირბილი და ხეზე ცოცვა მიყვარდა. საკმაოდ სპორტული ვარ და მომწონს, რომ ჩემი შვილებიც სპორტულები არიან. ისე, დედას ხშირად ვაბრაზებდი ჩემი ხასიათით.


- ანუ რთული ხასიათი გაქვთ?
- შეიძლება ასეც ითქვას. საკმაოდ მომთხოვნი ვარ, თუმცა არა მგონია, რამე ისეთს ვითხოვდე, რისი გაკეთებაც ადამიანს არ შეუძლია. ეს უფრო მეტი მოტივაციაა ჩემი თანამშრომლებისთვის წინსვლისა და განვითარებისთვის. სახლშიც ასე ვარ, ბავშვებთან და მეუღლესთან. თუმცა, კონფლიქტური არ ვარ. 

- მეუღლე როგორ გაიცანით და რას საქმიანობს?
- ჰოო... კლასელები ვიყავით. სკოლის შემდეგ დიდი ხანი არ მყავდა ნანახი, მერე კვლავ შევხვდით და შეგვიყვარდა ერთმანეთი... ის ჩემს სფეროში არ არის, ტექნიკური განხრით მუშაობს


- გაქვთ მომენტები, როცა გავიწყდებათ, რომ ქალი ხართ?
- არასოდეს! შემიძლია, ავწიო და გადავაადგილო სიმძიმეები, გავაკეთო კაცის საქმე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამით მამაკაცი ვხდები. კაცი უნდა იყოს წამყვანი, ძლიერი, როგორც კლდე, თავშესაფარი, რომელიც ზურგს უკან მუდამ უნდა გეგულებოდეს. ჩემი მეუღლე ჩემი უდიდესი მეგობარია.