ნინა პეტროვა-ძნელაძე: „ჩვენი პროდუქტი მწიფდება იმ პერიოდში, როცა უნდა მწიფდებოდეს“

ბიზნესლედი

9 სექტემბერი 16:00, 2015 წელი
74

„წარმოიდგინეთ, ჰოლანდიელი ფერმერები ჩამოდიან ჩვენთან და აქედან მატლები, ჭიანჭველები მიაქვთ, რომ იქ ნიადაგის ორგანულ ბიომრავალფეროვნებას შეუწყონ ხელი“, - ამბობს ფერმერი ნინა პეტროვა-ძნელაძე, რომელიც თავის მეურნეობაში კატეგორიულად და პრინციპულად არ იყენებს პესტიციდებს, გვარჯილას, შხამქიმიკატებს.

- სასათბურე მეურნეობა ჩვენი საოჯახო ბიზნესია. მას საფუძველი ჩემმა მშობლებმა ჩაუყარეს, მე და ჩემი ძმა ვაგრძელებთ 2008 წლიდან. მანამდე მოსკოვში ვმუშაობდი და საქართველოში 30 წელი არ ვყოფილვარ. ჩემი სეგმენტი ცოტა სხვაა, ეს არის ორგანიკული და ბიომეურნეობა, ჩვენს მეურნეობაში კატეგორიულად და პრინციპულად არ ვიყენებთ პესტიციდებს, გვარჯილას, შხამქიმიკატებს. პროდუქტი, რა თქმა უნდა, სეზონურია და მწიფდება იმ პერიოდში, როცა უნდა მწიფდებოდეს.
ჩვენი მთავარი მიმართულება და „სიამაყე“ კი ბიოპომიდორია, რომელსაც ვაძლევთ ბიოკვებას და ხუთჯერ მეტი ვიტამინი და მინერალი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ პომიდორს. თუ პომიდორი ნიტრატებით არის მოყვანილი, მისი ჭამა საერთოდ არ შეიძლება! და იცით, ორგანიკულ პროდუქტს არაჩვეულებრივი საგემოვნო თვისებები აქვს! ვინც ერთხელ გასინჯავს, დამერწმუნეთ, იმპორტირებულ პროდუქციას აღარასდროს იყიდის!


- მოსკოვში მუშაობდით?
- დიახ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, პროფესიით ინტერიერის დიზაინერი ვარ და არაერთი სერიოზული პროექტი მაქვს შესრულებული. თანაც ჩემი ქალიშვილი სწავლობდა მოსკოვში თეატრალურ აკადემიაში. როცა მშობლებთან ჩამოვდიოდი, უბრალოდ, შევიხედავდი ხოლმე ჩვენს სათბურში, რა ხდებოდა... შემდეგ საქმემ მოითხოვა, დავბრუნდი და დავრჩი. დავრჩი და შევყევი... ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და მიცხოვრია და მინდოდა, სალათების, ბოსტნეულის მრავალფეროვნება და კულტურა ჩვენთანაც დამენერგა. ჩვენი ოჯახი ამას ყოველთვის აკეთებდა, მაგრამ მე ბიზნესმიმართულება მივეცი და გაამართლა კიდეც. მაგალითად, მოგვყავს რუკოლა, რომელიც ევროპაში ძალიან პოპულარულია, საქართველოში კი არც იციან, რა არის. ძალიან მრავალფეროვანი ასორტიმენტი გვაქვს.


- და ამ საქმის პოპულარიზაციას მარტო ეწევით?
- მე ვარ ჩემი ბიზნესის პიარიც, მარკეტინგიც, დირექტორიც... სამი წელია, ვაკეთებ პროექტს, რომელსაც „გრინ ჰაუს ლისი ლეიქ“ დავარქვი. ვარ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წევრი და სულ ვამტკიცებ, რომ ქართულ ეკოპროდუქტს შეუძლია, სერიოზული კონკურენცია გაუწიოს იმპორტირებულ პროდუქციას, მით უმეტეს, რომ უფრო ჯანმრთელია. საქართველოში ნიადაგი არ არის ისე დაბინძურებული და გამოფიტული პესტიციდებითა და გენმოდიფიცირებული თესლით, როგორც ევროპაში. წარმოიდგინეთ, ჰოლანდიელი ფერმერები ჩამოდიან ჩვენთან და აქედან მატლები, ჭიანჭველები მიაქვთ, რომ იქ ნიადაგის ორგანულ ბიომრავალფეროვნებას შეუწყონ ხელი.


- არ იყო მამაკაცი ფერმერებისგან სკეპტიკური დამოკიდებულება?
- არა მგონია. უბრალოდ, იმას მეუბნებოდნენ ხშირად, კარგი რა, ნინა, მთელ საქართველოში ეკო და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტიაო. დამერწმუნეთ, არ არის ასე. ძალიან ბევრი ფერმერი მირეკავს რჩევისა და კონსულტაციისთვის და მეც უშურველად ვუზიარებ. გვინდა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა წინ წავიდეს. მე მაქვს ეკოტესტერი, რომლითაც ნებისმიერ პროდუქტში ნიტრატების შემცველობა შეიძლება დადგინდეს. სრული კატასტროფაა! დაავადებები იმიტომ გაახალგაზრდავდა, რომ ჯანსაღად არ ვიკვებებით. ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, აქ გაკეთდა ფერმერული მარკეტი. გვინდა გავაკეთოთ ორგანიკული კაფე. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური სირთულეებია დოლარის კურსის ცვალებადობის გამო, მაინც ვცდილობთ, წინსვლა არ შევანელოთ.


- 2008 წელს, ომის შემდეგ დაბრუნდით საქართველოში?
- მანამდე. შოკი მქონდა, დილით რომ ავდექი და ქალაქის თავზე თვითმფრინავები დავინახე. მოსკოვიდან მეგობრები მირეკავდნენ, „ტუშონკა“ ხომ არ გამოგიგზავნოთო. ხუმრობდნენ, მაგრამ სახუმაროდ აღარ იყო საქმე. მანამდე დისტანციურად ვაკეთებდი პროექტებს დიზაინში. შემდეგ სულ შევწყვიტე და მთლიანად აქაურობაზე გადმოვერთე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სამშენებლო ბუმია და უამრავი შემოთავაზება მაქვს, ჯერჯერობით ამისთვის ვერ ვიცლი.


- ესე იგი, ინტერიერის დიზაინერობა დათმეთ.
- დროებით... არაფერი მიშლის ხელს, გავაგრძელო, როცა სურვილი და საშუალება მექნება.  მეორე სპეციალობით აღმოსავლეთმცოდნე თურქოლოგი ვარ. ასევე, თავისუფლად ვფლობ ინგლისურ და ფრანგულ ენებს, ძალიან ბევრ ადგილას მიცხოვრია და მიმუშავია - ჰოლანდიაში, რუსეთში, ინდოეთში, ინდონეზიაში... ინდოეთმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება და კვალი დატოვა. საერთოდ, ყოველთვის ახლოს ვიყავი ბუნებასთან, მიყვარდა, მაინტერესებდა, კარგად ვიცნობდი. ინდოეთის შემდეგ აღმოსავლური ფილოსოფიებითაც ძალიან დავინტერესდი. ეს ცხოვრებაშიც ძალიან მეხმარება და საქმეშიც.


- ძვირია თქვენი პროდუქტი?
საკმაოდ. ჩვენი პროდუქტის ხელოვნური მომწიფება არ ხდება. სიძვირის მიუხედავად, საკმაოდ ბევრი მყიდველი გვყავს, ისე რომ, მოთხოვნა მიწოდებას სჭარბობს. სკოლებიდან მოჰყავთ ბავშვები, საკუთარი ხელით კრეფენ ამ პროდუქტს და საოცარი ჟრიამულია ხოლმე. მადლობებს გვიხდიან და ყველაზე დიდი სტიმული ეს არის ჩვენთვის.


- თქვენს ქალიშვილზე გვითხარით. როგორც ჩანს, მან ძალიან კარგი განათლება მიიღო უცხოეთში.
ჩემმა ერთადერთმა ქალიშვილმა, თამარმა, ჯერ მოსკოვში დაამთავრა თეატრალური აკადემია, შემდეგ ამერიკაში. ძალიან კარგი განათლება აქვს მიღებული და მინდა, საქართველოში გამოიყენოს, თუმცა თავად აქ დარჩენა არ უნდა. რთულია მისთვის აქაური ნელი ტემპისა და რეჟიმის შეგუება.