მაია არჩვაძე - ბიზნესლედი, რომლის ნამუშევრებიც ამერიკაში იყიდება

ბიზნესლედი

28 ოქტომბერი 16:00, 2015 წელი
69

არ დათმო საკუთარი ოცნება, პრინციპები, იბრძოლო და მიაღწიო მიზანს, მარტივი არ არის, თუმცა ჩვენმა რესპონდენტმა ეს შეძლო. დღეს მისი ულამაზესი და ორიგინალური ნამუშევრები, სახელით „Maia Arch“, ნიუ-იორკში იყიდება და საკმაოდ დიდი რეზონანსიც აქვს.

- პროფესიით არ ვარ დიზაინერი, თვითნასწავლი გახლავართ. დავამთავრე სამედიცინო აპარატურის ინჟინერიის ფაკულტეტი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ეს ფაკულტეტი იმ დროს ახალგახსნილი და საკმაოდ პერსპექტიული იყო, საბჭოთა კავშირში მასობრივად ინერგებოდა ინოვაციური სამედიცინო აპარატურა - ექოსკოპია, მაგნიტური ტომოგრაფია და ა.შ. წარმატებით დავამთავრე და ორი წელი უფროს ინჟინრად ვიმუშავე - ჩინოვნიკი ვიყავი, ფაქტობრივად. ცოტა ალმაცერად კი მიყურებდნენ დაქვემდებარებულები ქალ ინჟინერს, თან ახალგაზრდას, რადგან პრაქტიკული გამოცდილება ჯერ არ მქონდა, თუმცა ბევრჯერ დავამტკიცე, რომ კარგად შემეძლო, საქმეს გავძღოლოდი, რადგან ბუნებით ლიდერი, მაქსიმალისტი ვარ და არ მიყვარს ჩანჩალი. 


- და რატომ გადაწყვიტეთ, პროფესია შეგეცვალათ?
- რთული წლები იყო. გავთხოვდი. სამსახური აღარ იშოვებოდა და ბევრი პასუხისმგებლობის აღება მომიწია საკუთარ თავზე. თანაც ბუნებით ყოველთვის შემოქმედი ვიყავი. თვითონ ვიკერავდი, ვიქსოვდი ყველაფერს, ძერწვა მიყვარდა, რადგანაც სივრცული ხედვა მაქვს. ერთხელ, მეოთხე კლასში, „არაჩვეულებრივი გამოფენის“ გავლენით ვენერას ტორსი გამოვძერწე პლასტელინისგან, რასაც მშობლების მოწონება, მაგრამ ბებიას მხრიდან აქტიური პროტესტი მოჰყვა, როგორ შეიძლებაო (იცინის).


- და როგორ დაიწყო ყველაფერი?
- ვქარგავდი ჯვრებს, რელიგიური თემატიკა ძალიან აქტიური იყო ჩემს შემოქმედებაში, საპატრიარქოს მაღაზიებში ჩემი ნამუშევრები იყიდებოდა. სააღდგომო კვერცხებზე ხატებს ვხატავდი, შემდეგ ვიფიქრე, რომ მტვრევად პროდუქტზე არ იქნებოდა კარგი ხატების დატანა, ამიტომ კერამიკულ კვერცხებზე დავიწყე ხატვა. ვაფორმებდი ლარნაკებს მაკრამეებით, ბისერებით... ერთხელაც თიხის მძივების შექმნა შემომთავაზეს. მაშინ თბილისში ყველა ერთნაირ თიხის მძივებს აკეთებდა. ვერ ვიტან პლაგიატს, ამიტომ რაღაც განსხვავებული უნდა გამეკეთებინა. წამოვიღე თიხის დიდი გუნდა და დავიწყე ფიქრი. ძალიან ორიგინალური გამოვიდა. 2005 წელს პირველი გამოფენა მქონდა და არავის სჯეროდა, რომ თვითნასწავლი ვიყავი. ვინმეს აკადემიურად რომ ესწავლებინა, შეიძლება, უფრო ჩარჩოში მოვექციე. მეც ამიტომ ვცდილობ, ბავშვებს, რომლებსაც გამოყენებით ხელოვნებას ვასწავლი, დირექტიულად არ მივუდგე და ინდივიდუალობა შევუნარჩუნო. ჰოლანდიელების დაფინანსებით გავაკეთე საქველმოქმედო პროექტი და ხელმოკლე და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ვასწავლი გამოყენებით ხელოვნებას. თავიდან ვყოყმანობდი, რამდენად მაქვს უფლება, ასეთ საქმეს შევეჭიდო-მეთქი, თუმცა მაინც გავბედე და გამომივიდა! ჩემთვის ეს უდიდესი თერაპიაა.


- თქვენი ნამუშევრები ამერიკაში როგორ მოხვდა?
- დავწერე საგრანტო პროექტი, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალთათვის ამ საქმის სწავლებასა და არტ-თერაპიას ითვალისწინებდა. ქალთა ბიზნესასოციაციის წევრი ვიყავი და, ამერიკის მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, Open World-ის ხუთ გამარჯვებულ და წლის ყველაზე წარმატებულ ბიზნესქალბატონს შორის მოვხვდი. ამერიკაში შეხვედრა მქონდა საქმიანი წრეების ქალბატონებთან, კერძოდ, ანა მარია ბუკლესთან, რომელიც ქალთა უფლებების ძალიან აქტიური დამცველია. პროექტი დავწერე და ოთხ თვეში გავაკეთეთ. ყველა გაოგნებული იყო შედეგით! საგამოფენო სივრცე სავსე იყო. სწავლება საათ-ნახევარი უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ იმდენად მოსწონდათ ეს ყველაფერი, იმდენად სრულფასოვან და რეალიზებულ ადამიანებად გრძნობდნენ თავს, რომ ოთხ საათს რჩებოდნენ. 


- თქვენი ნაკეთობები საქართველოში არ იყიდება?
- საქართველოში მათი შეძენა არ არის შესაძლებელი, მხოლოდ ამერიკაში, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ბუტიკში. ამერიკულმა საზოგადოებამ, ამერიკის ქართულმა ემიგრაციამ ჩემი ნამუშევრები საკმაოდ კარგად მიიღო. სამკაულებს ვძერწავ პოლიმერული თიხისგან. თითოეული ნამუშევარი უნიკალურია და არ მეორდება. ამერიკაში მქონდა გამოფენა და უშუალოდ ჩემი მასპინძელი, ქალთა ჟურნალის რედაქტორი ძალიან მეხმარებოდა ამაში. ჩემი სამკაულებით მიდიოდა ყოველ დილით დილის გადაცემაში. ისიც ძალიან ამაყი იყო და მეც. 


- თქვენი ბიზნესის მარკეტინგულ მხარეს თავად უძღვებით?
- დიახ, დავდივარ ტრენინგებზე, ვწევრიანდები ბიზნესასოციაცია WOMEN FOR TOMORROW-ში. ბუნებით ბიზნესმენი არ ვარ, თუმცა ვცდილობ, ამ საკითხშიც გავერკვე და ამ მხრივაც მივიღო გარკვეული გამოცდილება.