ნინო ბაბუხადია და „NB Attelier“ - არჩევანი არასოდეს მინანია

ბიზნესლედი

25 ნოემბერი 18:00, 2015 წელი
62

მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოდის კვირეული “Mercedes Benz Fashion Week” თბილისში მეორედ გაიმართა. მასში არაერთი ქართველი დიზაინერი მონაწილეობდა, მათ შორის ნინო ბაბუხადია, რომლის კოლექცია სოლიდური შავი, პასტელური ფერებითა და ქალური სილუეტით გამოირჩეოდა.


- ნინო როგორ ჩაიარა ჩვენებამ, რა მოლოდინი გქონდათ და გაამართლა თუ არა?
- ორთვიანი უდიდესი შრომის და ნერვიულობის შედეგად ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. იყო საკმაოდ დადებითი გამოხმაურება, ჩვენება მაშინვე Vogue.com-ზე აიტვირთა, ასევე დაინტერესდნენ მოდის სხვადასხვა ჟურნალები: Vogue Russia, Vogue Italy, Collezioni.  სპეციალურად ამ მოდის კვირეულისთვის 35 უცხოელი სტუმარი იყო ჩამოსული. რაც შეეხება ჩემს კოლექციას, ინსპირაციის წყარო იყო იტალია.

- შთაგონების წყაროდ იტალია რატომ აირჩიეთ?
- შთაბეჭდილება მოახდინა, კლასიკურმა გარემომ და არქიტექტურამ, კუნძულ სიცილიაზე გამჭვირვალე ზღვის ფერი და ქვების ელფერი, შევეცადე, ნაქარგებად გადმომეტანა ჩემს კოლექციაზე. ნაქარგები საკმაოდ რთული შესასრულებლი იყო, ხელით იქარგებოდა 2 თვის მანძილზე, გამოყენებულია ნატურალური ქვები და შუშის ბისერი.

- ნერვიულობდით?
- არ არსებობს ჩვენება რომელზეც არ ვნერვიულობ. ყოველთვის ვცდილობ, ყოველი წლის კოლექცია  საუკეთესო და დასამახსოვრებელი იყოს.  


- ბრენდის ისტორია როგორ იწყება?
- ბრენდის ისტორია იწყება 2012 წლიდან, თუმცა მის შექმნამდე, სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ დიდი გზა გავიარე, პრაქტიკას გავდიოდი სხვადასხვა სამოდელო სახლებში, შევისწავლე სხვადასხვა ტექნიკა: ბატიკა, თექა,  რაც იმ წლებისთვის ხელმისაწვდომი იყო. კონკრეტულად კი მოდელირება ტყავის განხრით მაქვს დამთავრებული. ვთანამშრომლობ სხვადასხვა ქვეყნის ბაიერებთან, ამ ეტაპზე ჩემი კოლექციები სტაბილურად იყიდება სამ ქვეყანაში -ყაზახეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში.

- გადაჭრით იცოდით, რომ ეს პროფესია გინდოდათ?
- დიახ, ბავშვობიდან გამოვირჩეოდი ხატვის ნიჭით, თოჯინებს ვუკერავდი კაბებს, მოზრდილ ასაკში მეგობრებს ვუკეთებდი საკარნავალო ნიღბებს, ვქარგავდი. ბევრი სირთულე შემხვდა, მაგრამ არასოდეს მიფიქრია თავი დამენებებინა საქმისთვის, რომელიც ძალიან მიყვარს.